ნანუკა ლითანიშვილი - 22 წლის შემდეგ ზურა იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე ურთიერთობის დასაწყისში

ნანუკა ლითანიშვილი - 22 წლის შემდეგ ზურა იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე ურთიერთობის დასაწყისში

თეატრალების ოჯახში დაიბადა, მისი ბებია სალომე ყანჩელი იყო, მამა ოთარ ლითანიშვილი გახლავთ, რა გასაკვირია, რომ ნანუკა ლითანიშვილსაც ეს პროფესია აერჩია, მით უმეტეს, რომ მსახიობ ბებიას ძალიან უნდოდა, შვილიშვილი მის გზას გაჰყოლოდა.

ნანუკა სკოლის დამთავრების შემდეგ მიშა თუმანიშვილის ჯგუფში სწავლობდა, მეორე კურსზე მსახიობი და რეჟისორი ზურა გეწაძე გაიცნო და ცოლადაც გაჰყვა, წყვილს 4 შვილი ჰყავს. ზურა დღეს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მმართველია. როგორც ნანუკა ამბობს, 22 წლის შემდეგ ზურა იმაზე მეტად უყვარს, ვიდრე ურთიერთობის დასაწყისში.

კადრად დარჩენილი ბავშვობა...

- ჩემთვის ბავშვობა ასოცირდება ფაქტთან, რომელიც დაკავშირებულია ბაბუასა და მამასთან, კადრივით მახსოვს, როგორ ვყავარ ხელში აყვანილი და მასეირნებენ, მართალია, ამ დროს საკმაოდ დიდი, 4-5 წლის ვიყავი, მაგრამ ავად გახლდით თუ კარგად, ასე დამატარებდნენ. დღევანდელი გადმოსახედიდან მგონია, რომ საკმაოდ ჩუმი და წყნარი ბავშვი ვიყავი, თუმცა საწინააღმდეგოს მეუბნებიან. კარგად მახსენდება ბაღის პერიოდი, ჩემდა უნებურად მუდმივად ლიდერის პოზიციაში ვხვდებოდი, მაგალითად, სადილის დროს მასწავლებელს მე ვეხმარებოდი ბავშვებისთვის სადილის დარიგებაში და ა.შ. დიდად გადარეული, ინტრიგანი და მტირალა არ ვყოფილვარ.

ბებიები

- ბებიის ფაქტორი ალბათ ყველა ბავშვისთვის განსაკუთრებულია. სალომესთან ერთად ჩემი მეორე ბებია რომ არ ვახსენო, არ ვიქნები სწორი, რუსუდან ბახტაძე პროფესიით ქიმიკოსი გახლდათ, არანაირი შეხება არ ჰქონდა ხელოვნების ამ სფეროსთან და უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი, სალომეს კი ნამდვილად სურდა, მის გზას გავყოლოდი, მის საგრიმიოროში არსებულ ნივთებზე მეუბნებოდა ხო­ლმე, მერე ესენი შენი გახდებაო. ისე, სიმართლე გითხრათ, რაც წლები მემატება, უფრო და უფრო მენატრებიან ბებიები. ჩემი ორივე ბებია დაკავებული იყო, სალომე თუ გასტროლებზე არ იყო წასული, კვირაში ორ დღეს მასთან ვატარებდით, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად დაკავებული იყო, არ მახსოვს მისი დეფიციტი მეგრძნოს. თუ გასტროლებზე იყო წასული, დიდი ამბით ველოდებოდით, რადგან ვიცოდით, უამრავი საჩუქრით დაბრუნდებოდა. დიდ მონატრებას უფრო ზაფხულობით ვგრძნობდით, მაშინ, როცა დასასვენებლად მივდიოდით. სწავლასა და კითხვასთან დაკავშირებით ორივე ბებია სიმკაცრით გამოირჩეოდა, ძალიან მომთხოვნები იყვნენ ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით ჩემ მიმართ. ერთხელ სალომემ მაიძულა, მთელი ზოოლოგიის წიგნი მესწავლა, რადგან ჩამჭრა, რომ ბაყაყის აგებულება არ ვიცოდი. ქიმიკოსი ბებია კი ჩამკეტავდა ოთახში და მთელი საღამო ქიმიას მამეცადინებდა, ეს, რა თქმა უნდა, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ხდებოდა, შედეგად, არაორგანული ქიმია კარგად ვისწავლე. კითხვასთან დაკავშირებით ძალიან შეუპოვრები იყვნენ, თუ ერთი წიგნის კითხვას დავამთავრებდი, სასწრაფოდ მეორე უნდა დამეწყო, გარდა ამისა, ზრდილობისა და ეთიკის ნორმების დაცვასაც დიდი სიმკაცრით ეკიდებოდნენ.

რატომ სცემა სკოლის დირექტორმა

- ამოჩემებული მქონდა საგნები, რომელთაც მასწავლებლის სიმპათიის გამო ვსწავლობდი, ეს ძირითადად ჰუმანიტარულ საგნებს ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქიმიას ბებიაჩემი ასე მამეცადინებდა, მასწავლებლიდან გამომდინარე დიდად მაინც არ მიყვარდა. არ ვიყავი სწავლას მოწყურებული, მაგრამ ძალიან მიყვარდა შატალოზე სიარული, არ არსებობდა დღე, რომ გაკვეთილიდან არ გავპარულიყავი, განსაკუთრებით ზედა კლასებში, ამის გამო მაგრად ვისჯებოდი, სკოლის დირექტორს, ქალბატონ ტატულიას ვუცემივარ კიდეც, მაგრამ ისე დავამთავრე სკოლა, ამას ვერ გადავეჩვიე. მართალია, საუკეთესო ატესტატი არ გამიტანია, მაგრამ გამოცდები ყველა საგანში ჩავაბარე, მგონი 20-20 ბილეთი მაქვს თითო საგანში ნასწავლი, საგამოცდო საკითხებს ტვინს ვასხამდი, რადგან ძალიან მკაცრად ტარდებოდა გამოცდა და ვნერვიულობდი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება