ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საპროცესო კოდექსის ცვლილებებს ეხმაურება.
"ეს ''ოცნება'' საითკენ მიექანება ვერ გავიგე. მოწმის პოლიციაში დაკითხვის აკრძალვის შემოღება ჯერ თავად გადმოწიეს დეკემბრიდან სექტემბერში და ახლა თურმე მთავრობა კიდევ წელიწადნახევრით გადაწევას ითხოვს. ეს ნორმა მოქმედი რომ ყოფილიყო, მიქაუტიძე არ დაიღუპებოდა", - წერს მეტრეველი.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივა საპროცესო კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს. ცვლილებების თანახმად, ადვოკატის უფლებები იზღუდება და მოწმის პირდაპირ სასამართლოზე დაკითხვის წესის ამოქმედების გადავადება ხდება.
36 წლის მამუკა მიქაუტიძემ თავი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული წამების შემდეგ მოიკლა. ის თბილისის ზღვის მიმდებარედ იპოვეს ხეზე ჩამომხრჩვალი. მიქაუტაძის ცხედარს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით კერძო ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტმა გარდაცვლილის სხეულზე ძალადობის კვალი დაადასტურა.