მათი ამბავი შემთხვევით გავიგე. მითხრეს, - ერთ-ერთ ავტოსადგომზე მდგარ, ჯართად ქცეულ, ძველ ავტობუსში ოჯახი ცხოვრობსო. მოკლედ, იმ ავტოსადგომის მდებარეობა გავარკვიე და იმ ადამიანების მონახულება გადავწყვიტე. ადგილზე მისულს ისეთი სიტუაცია დამხვდა, ვიფიქრე, - ნეტავ, მისამართი შეცდომით ხომ არ მითხრეს-მეთქი? ტერიტორიაზე ქუჩის ძაღლები დაძრწოდნენ, ალაგ-ალაგ მიმობნეულ რკინის კონსტრუქციებს შორის გზა ვერ გავიკვლიე და ის იყო, უკან მობრუნებას ვაპირებდი, რომ მამაკაცი გამოჩნდა:
- დახმარება ხომ არ გნებავთ?
- მითხრეს, ამ ტერიტორიაზე ავტობუსში ოჯახი ცხოვრობსო...
- ვიცი, ვისზეც ამბობთო, - მითხრა და მეგზურობა გამიწია. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, ავტობუსი და მის წინ მოფუსფუსე ადამიანები გამოჩნდნენ. მივუახლოვდი თუ არა იქაურობას, ავტობუსიდან პატარა ბიჭი ჩამოხტა, შემდეგ კი ქალბატონი (ხელში ბავშვი ეჭირა) და მისი მეუღლე გამომეგებნენ. მოკლედ, გავიცანი ყურაძეების ოჯახი: ბაირამი (დავითი), იამზე ხასაია, 3 შვილი, რძალი და 2 შვილიშვილი.
"შინ" (ავტობუსი) ვერ შემიპატიჟეს, იმდენად ცხელა, სუნთქვაც კი შეუძლებელიაო, - მომიბოდიშეს. ამიტომ სიცხეს თავი გადახურულ ნაგებობაში შევაფარეთ.
ჩანთიდან დიქტოფონი ამოვიღე და გავიფიქრე, რომ აქ გადაღებული ფოტოების დაბეჭდვაც საკმარისი იქნება, განა ამაზე მეტი რაღა უნდა მითხრან-მეთქი. იქვე 3 წლის გურამს მიწაზე სახელდახელოდ დაგებულ "მატრასზე" ეძინა.
- ავტობუსში ისე ცხელა, ვერ შეგვყავს და აქვე ვაძინებთ. ის კი არა, იქ სუნთქვაც კი შეუძლებელია, არათუ ძილი, მოსვენება, - მეუბნება ქალბატონი იამზე და იქვე მდგარი ძველი ავტომანქანისკენ მივყავარ, საბარგულის კარს აღებს...- აქ 4 თვის მიშას სძინავს. ეს მანქანა ახლობელმა მოიყვანა და რამდენიმე დღით დაგვიტოვა, - შუადღეს ბავშვები აქ მაინც დააძინეთ, კარი იღება და არ დაისიცხებაო.
- აქ როგორ მოხვდით?
- წარმოშობით წალენჯიხის რაიონიდან ვარ. მე და ბაირამი თავდაპირველად ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. ის მუშაობდა და თვიდან თვემდე თავი გაგვქონდა.
ბაირამი:
- კინოსტუდიასთან ხელშეკრულება მქონდა გაფორმებული, მძღოლად ვმუშაობდი. მერე ყველაფერი აირია და უმუშევარი დავრჩი. ქირის გადახდის საშუალება რომ აღარ მქონდა, ავტოსადგომის დირექციას აქ ოჯახის დროებით მოყვანა ვთხოვე. უარი არ მითხრეს და მას მერე უკვე 9 წელი შემოვრჩით. რომ წავიდე, სად წავიდე? ბინის ქირის გადახდა არ შემიძლია.
- რამდენია თქვენი ოჯახის შემოსავალი?
- 174 ლარი, სოციალურად დაუცველთა სიაში ვართ. აქვე პროფილაქტიკაა და ვინმეს თუ დახმარება დასჭირდება, პერიოდულად საქმე გამომიჩნდება ხოლმე. ბიჭი ჯართს აგროვებს და აბარებს...
იამზე:
- დახმარებისთვის ყველა ინსტანციას მივმართეთ - ჯანდაცვის სამინისტრო, ქალაქის მერია... არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო გვეხმარებიან. ცირა მესხიშვილი (ასოციაცია "ტოლერანტის" ხელმძღვანელი) დიდ ყურადღებას იჩენს. ის ძირითადად ახალციხეში საქმიანობს. როგორც კი თბილისში ჩამოდის, გვეხმიანება, პროდუქტებსაც გვიგზავნის.
ბაირამი:
- მე ჩამოსახლებული მესხი ვარ. 1944 წელს ახალციხიდან, ასპინძიდან და ადიგენიდან ხალხი რომ გადაასახლეს, ჩემი ოჯახიც იმ ნაკადში მოჰყვა. საქართველოში 1977 წელს დავბრუნდით. გურიაში, სოფელ ნასაკირალში ვიცხოვრეთ. სულ 9 ოჯახი ვიყავით, დიდი გაჭირვება გამოვიარეთ, შიმშილის პერიოდიც, მაგრამ ყველაფერს გავუძელით. მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ, სანამ დედმამიშვილები დავოჯახდებოდით, ყველანი ერთად ვცხოვრობდით. ქართული პასპორტი 1989 წელს მივიღე.
- და გაქრისტიანდით?
- მეხუთე წელია, რაც მართლმადიდებელი გავხდი, - ეს ნაბიჯი გაუაზრებლად არ გადამიდგამს, მანამდე ბიბლია 2-ჯერ წავიკითხე. ჩემი წინაპრების რწმენას დავუბრუნდი, რომლებსაც ერთ დროს სარწმუნოებაზე უარი ძალით ათქმევინეს. ჩემი ნათლია მსახიობი გურამ ფირცხალავა გახლავთ, ჩემი ნათლობის სახელი დავითია. პირველად პირჯვარი რომ გადავიწერე, იმ სულიერ აღმაფრენას ვერ აღვწერ, რაც განვიცადე. ნათლობის შემდეგ მე და იამზემ ჯვარი სამების ტაძარში დავიწერეთ.
ავტობუსში ზაფხულსა და ზამთარშიც ცხოვრებისთვის აუტანელი პირობებია. ზამთარის ცივ დღეებში შეშის ღუმლით თბებიან. მათთან ახლოს ავეჯის დასამზადებელი საწარმოა და იქაურ ნარჩენ მასალას მთელი ზაფხულის მანძილზე აგროვებენ... ავტობუსში ცალკე კუთხეა გამოყოფილი სამზარეულოსთვის, ასევეა, ფიცრებისგან შეკრული რამდენიმე "საწოლი", ტანსაცმლის შესანახად სახელდახელოდ მოწყობილი სათავსი და ნაჩუქარი ტელევიზორი. ავტობუსის გვერდით, სატვირთო მანქანის ეგრეთ წოდებული "კუზაოა", რომელსაც ფანჯარა საერთოდ არ აქვს. იქ მხოლოდ ღამის გასათევად შედიან...
ბაირამი:
- მერიის პროგრამაშიც ვიყავით ჩართულები, უსახლკაროებს 200-ლარიან დახმარებას აძლევდნენ. უარი გვითხრეს, რადგან ნაქირავებში არ ცხოვრობთ, კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებთო. ვინც შენობებში უკანონოდ იყვნენ შეჭრილები, მათ დაეხმარნენ. ასეთი რამ მეც შემეძლო, მაგრამ კანონმორჩილი ადამიანი ვარ, მთავრობასთან ჭიდილს ხომ არ დავიწყებდი? არასამთავრობო ორგანიზაციები გვაფრთხილებენ, არსად შეიჭრათ და უკანონობა არ ჩაიდინოთო. რადგან სახლი არ მაქვს, უმისამართოდ ვარ გაფორმებული და პრობლემები ამის გამოც მექმნება. ერთხელ ჩამოსახლებულ მესხებს პატრიარქთან შეხვედრა გვქონდა. უწმინდესმა გამოგვკითხა, - ვის რა პრობლემები გაქვთო? უბინაობის გამო, არც ერთ ბავშვს პირადობის მოწმობა არ ჰქონდა, პატრიარქთან ამ საკითხზე ვილაპარაკე და მისი დახმარებით, პირადობის მოწმობები უკვე აიღეს, მაგრამ საცხოვრებელი ადგილის გრაფაში უმისამართო უწერიათ.
იამზე:
- ეს იურიდიულად, თორემ ჩვენი მისამართი (ლუბლიანას #2) ყველამ იცის, განსაკუთრებით - სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა. მათი დახმარება თითქმის ყოველდღე მჭირდება, ეპილეფსია მაქვს.
- თქვენს დახმარებას ნათესავები ვერ ახერხებენ.
- ვერა...
- შვილებმა რამე ხელობა ვერ ისწავლეს?
- უფროსმა გოგომ სტილისტის კურსები დაამთავრა, ესეც არასამთავრობო ორგანიზაცია "ტოლერანტობის" დახმარებით შეძლო, მაგრამ სამსახური ვერ იშოვა. არასამთავრობო ორგანიზაციებიდან - "საქართველოს მადლი" და "ქვიშის საათი" გვაკითხავენ და ყურადღებას გვაქცევენ, წამლებიც მოაქვთ.
ბაირამი:
- მცირეანაზღაურებადი სამსახურიც რომ ვიშოვო, დახმარებას მაშინვე მომიხსნიან. შეიძლება 174 ლარზე მეტი გამოვიმუშაო, მაგრამ ჯანმრთელობის დაზღვევას რა მოვუხერხო?
იამზე:
- პოლისი რომ არ მქონდეს, ვერ ვიცოცხლებდი, გადასხმა ხშირად მჭირდება.
ბაირამი:
- საქართველოში უცხოელებს მეტი დაფასება აქვთ, ვიდრე - ქართველებს. ქვეყანაში ამდენი უსახლკაროა და მიწები უცხოელებზე იყიდება.
- ხელისუფლებისგან რას მოითხოვთ?
- ჩვენთვის, სახელმწიფოსგან დიდი დახმარება იქნება, თუ გორის რაიონში, ახალციხეში ან აბასთუმანში (ჩემი წინაპრების სოფელია) მიწის ნაკვეთს მომცემენ. მერე უკვე ოჯახს თავად მივხედავ. მიწაზე მუშაობა ვიცი. შემიძლია, ტექნიკაც ავაწყო და ნაკვეთი თავად დავამუშაო. ოღონდ ვიცოდე, რომ ჩემია, ვიშრომებ და სახლსაც ნელ-ნელა ავაშენებ...
P.S. ვფიქრობ, რომ ეს ის მოთხოვნაა, რომლის დაკმაყოფილებაც სახელმწიფოს არ უნდა გაუჭირდეს. მაშინ, როცა ქვეყნის დიდი რესურსი სოფლის მეურნეობის აღორძინებაზეა მიმართული, რეალურად კი ქართული სოფლები მოსახლეობისგან დაცლილია, ერთი მშრომელი კაცი მიწასთან დაახლოებას ითხოვს. ყურაძეების გასაჭირიც და ოცნებაც თქვენამდე იმ იმედით მოვიტანე, რომ შესაბამისი ორგანოები გულისხმიერებას გამოიჩენენ და ქვეყანაში ერთით ნაკლები უსახლკარო გვეყოლება.
თამუნა კვინიკაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)