რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სპეციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ მისთვის ლადო ბედუკაძის პასუხისნგებლობისგან გათავისუფლების არგუმენტები არასაკმარისი და არადამაჯერებელია და მთავარ პროკურორს თხოვნით მიმართა, მიღებული გადაწყვეტილებისთვის გადაეხედა. არჩილ კბილაშვილმა კი განაცხადა, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვლება და არგუმენტებიც წარმოადგინა. ამასთან, 9 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ბედუკაძემ ციხის სკანდალური კადრები "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურ მდივან გიორგი ლომიას ჯერ კიდევ 2011 წლის სექტემბერში გადასცა. ლომიას ინფორმაციით, ბედუკაძეს პატიმართა წამების ამსახველი კადრები მთლად უანგაროდ არ დაუთმია. "ყველა სიახლე" ლადო ბედუკაძეს დაუკავშირდა:
- ვინც ამბობს, რომ წამების კადრებში ფული ავიღე, ფსიქიატრს მიმართოს მეტს ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით.
- კარგით. მაშინ იმაზე ვისაუბროთ, რომ კბილაშვილმა თქვენთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ შეცვალა.
- ჩემი აზრით, მთავარი პროკურორი ღირსეულად მოიქცა და დაამტკიცა, რომ პროკურატურა ნამდვილად დამოუკიდებელი ორგანოა. ყველა მტკიცებულებას, რაც ჩემს საქმეში ფიგურირებს, სადავოდ და დაუშვებლად მივიჩნევდი. ამის შესახებ სასამართლოზე ვთქვი და აცილება მივეცი სააკაშვილის მონა-მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილს, რომელიც თვითონ არის კრიმინალი და ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით უშვებდა ციხეში. ასევე, ჩემი ბრალმდებელი პროკურატურიდან იყო რევაზ ნადოი. თავის დროზე პროტესტი გამოვთქვი პროკურატურის მიმართ, რომ ამ ადამიანს არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდა, ჩემი ბრალმდებელი ყოფილიყო, რის შემდეგაც გამოვაცხადე შიმშილობა. მოვითხოვე მოწმეების მიყვანა - ყოფილი პოლიტპატიმრების თუ რიგითი პატიმრების, მაგრამ სასამართლომ ჩემი არც ერთი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ჩემ მიერ მხილებული რეჟიმისა და სააკაშვილის მონა-მორჩილი მოსამართლე ჩემ მიმართ გამამართლებელ განაჩენს არ გამოიტანდა? მოვითხოვდი მოეყვანათ პროცესზე თუნდაც ერთი პატიმარი, რომელიც მე გამამტყუნებდა. ამ საქმის გამოძიება და არასწორი მიმართულებით წაყვანა დავით ჩხატარაშვილს ჰქონდა დავალებული. ხელთ მაქვს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩხატარაშვილი სოდ-ის თანამშრომლებით დაკომპლექტებული საგამოძიებო ჯგუფის შექმნას აწერს ხელს. თანაც, ამ საქმეს ფინანსური პოლიცია იძიებდა. რა შუაში იყო ანტიკორუფციული დეპარტამენტი? აქედან ჩანს, საით მიჰყავდათ გამოძიება და რომ არა 1-ლი ოქტომბრის გამარჯვება, წარმომიდგენია, ეს საქმე როგორ დამთავრდებოდა. ეს იქნებოდა გახმაურებული საქმე, სადაც "გამოჩნდებოდა", როგორი ბინძური მეთოდებით ებრძვის "ქართული ოცნება" საკუთარ მოსახლეობას, როგორ მოისყიდა ღარიბაშვილმა ციხის თანამშრომელი თამაზაშვილის მეშვეობით და გადააღებინა არარეალური კადრები.
- ნაციონალები მუდმივად აპელირებენ იმაზე, რომ თქვენ პატიმრების ცემა-წამებაში მონაწილეობდით და თქვენი გათავისუფლება შერჩევითი სამართლის ნიმუშად იქცა.
- ნაცმოძრაობას არანაირი მორალური უფლება არა აქვს, ასეთი განცხადებები აკეთოს, მით უფრო, როცა ქვეყნის პრეზიდენტი თვითონ არის დამნაშავე და პასუხისგებაში მისაცემი. იმ ადამიანებისგან უფრო მეწყინა შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდნენ, ისინი მესვრიან ქვებს და ლაპარაკობენ ჩემს დაუმსახურებელ თავისუფლებასა თუ მის ყიდვაზე. ცხადია, ისინი თანამდებობისთვის იბრძვიან, მაგრამ ჩემი გინებით ფონს ვერ გავლენ და ქულებს ვერ ჩაიწერენ. ქალბატონ თინა ხიდაშელს ვგულისხმობ, რომელსაც დიდი პოლიტიკური ამბიციები აქვს და ამიტომ მებრძვის. ჩემს ნამოქმედარში ანგარება ვერ დაინახა პროკურორმა და ამას ვერც ვერავინ დაინახავდა. არ დადასტურდა ის, რასაც ნაცმოძრაობა ავრცელებდა, რომ ამის გაკეთება ანგარების გარეშე არ შეიძლებოდა. მათ არარსებული ფინანსური გარიგებისკენ მიჰყავდათ საქმე. ხომ გამოიკვეთა გამოძიებაშიც, რომ არანაირი ანგარება არ მამოძრავებდა. მე ფარდა ავხადე და საზოგადოებას დავანახვე ის, რასაც ესენი სჩადიოდნენ, რითაც სასწორზე დავაყენე ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოება. მე, ფაქტობრივად, 0%-იანი პარტიის თავდასხმის ობიექტი გავხდი. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, როგორც დიდი მიშა იტყოდა, რესპუბლიკელები ჩაირეცხებოდნენ. ისინი კბილაშვილს უტევენ და ამისთვის მე მიყენებენ. ნამდვილი ბოკერია დამიწყებს ბრძოლას თუ კაბიანი ბოკერია - თინა ხიდაშელს ვგულისხმობ, მნიშვნელობა არა აქვს. ჩემთვის ისინი ნაციონალებთან ასოცირდებიან. ვისაც ეს არ ესიამოვნება, ცივი წყალი დალიოს. ღმერთმა დაიფაროს, საქართველო ამათ ხელში ჩავარდეს და ეს ძალა დატოვოს ბატონმა ბიძინამ. მათი განცხადებები ცხადყოფს, რომ ისინი ნაცმოძრაობასთან ალიანსში არიან.
- როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ეჭვი შეიტანა პროკურორის გადაწყვეტილებაში და მისი გადახედვა მოთხოვა, რა იფიქრეთ?
- ძნელი სათქმელია, რატომ ჩათვალა ასე საჭიროდ ბატონმა ბიძინამ. ჩემი აზრით, მას არ ჰქონდა სრული ინფორმაცია ჩემს საქმეზე. ხიდაშელი თავის გამოსვლაში ჩემი და პრემიერის დაპირისპირებას ცდილობდა. მან ჩემზე თქვა, ლაჩარია და არ ჰყოფნის გამბედაობა, პრემიერს დაუპირისპირდესო. და რატომ უნდა დავუპირისპირდე, როცა მიმაჩნია - რომ არა ივანიშვილი. მართლა გადავიჩეხებოდით. ნინო ბურჯანაძემ თუ 26 მაისს საფლავი გაუთხარა ნაცმოს, 1-ელ ოქტომბერს ივანიშვილმა დაასაფლავა ის. ახლა კი ყარს ნაცმო და მიწას აღარვინ აყრის. საფლავში დევს აყროლებული პოლიტიკური გვამი და მიწა ხომ უნდა მიაყაროს ვიღაცამ? დგანან და ბჭობენ, ვინ მიაყაროს და საიდანღაც შემოგდებულ კოჰაბიტაციაზე ლაპარაკობენ. ამათთან კოჰაბიტაცია როგორ შეიძლება?!
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)