სომხეთში, ისტორიულად ქართულ ქობერის (ქობაირის) ტაძარში ფრესკებს რესტავრაციას სამი იტალიელი რესტავრატორი ქალი უტარებს. ამის შესახებ ინფორმაცია ისტორიკოსმა მთვარისა თარხნიშვილმა გაავრცელა, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ლორედან ორი დღის წინ ახლახან დაბრუნდა. მისივე თქმით, ქობერში ტურისტულ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა. ქობერის წმინდა გიორგის სახელობის XI საუკუნის ტაძრის მონახულებისას საკურთხეველში არსებული ფრესკების რესტავრაციაზე მხოლოდ სამი იტალიელი ქალბატონი დახვდათ. აი, რას ჰყვება ჩვენთან ინტერვიუში მთვარისა თარხნიშვილი:
- ორშაბათს ლორეტაშირში ჩემი მორიგი გასვლისას დავინახე, რომ ფრესკების რესტავრაციაა დაწყებული. მართალი გითხრათ, რესტავრაციები აქამდეც მინახავს, მაგალითად, სამრეკლო სომეხმა რესტავრატორებმა გააკეთეს, გავსაუბრებივარ კიდეც და მათი რესტავრაციის შედეგიც შემიმჩნევია, - სამრეკლოში სომხური ელემენტები მრავლად შეინიშნება, ეს ეხება ჩუქურთმებსაც. ის, რომ ქართულ ისტორიულ ძეგლს ძველი იერსახე დაკარგული აქვს, ადვილი შესამჩნევია. როდესაც ხელოსნებს გამოვესაუბრე, მითხრეს, რომ ერევნის დაფინანსებით მუშაობდნენ... ახლა, ბოლო ტურის დროს, საკურთხეველში სამი არასომხური შესახედაობის ქალბატონი შევნიშნე. იტალიელები აღმოჩნდნენ და მითხრეს, რომ ერევნის უნივერსიტეტის მოწვევით და დაფინანსებით მუშაობდნენ. როდესაც ვკითხე, იცით თუ არა ტაძრის ქართული წარმომავლობის შესახებ-მეთქი, მერე რაო, მიპასუხეს. საერთოდ, ლორეტაშირის ხეობა სასაზღვრო რაიონია და დროის სხვადასხვა მონაკვეთში რომელი ქვეყანაც გაიყოფდა, ის მხარე თავისებურად ცვლიდა. როდესაც საქართველო იყო ძლიერი ქვეყანა, ტაძარიც გაქართულებული და დიოფიზიტური იყო, და პირიქით...