ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მამუკა მიქაუტაძეს ცხვირის არეში სისხლნაჟღენთები, ხოლო ტერფებზე მოლურჯო, მოიისფრო ლაქები აღენიშნება. ექსპერტიზის დასკვნა ჟურნალისტებს საია-ს ხელმძღვანელმა კახა კოჟორიძემ გააცნო.
მისი განცხადებით, ექსპერტიზა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ ჩაატარა და ის გარეგნულ დათვალიერებას ემყარება. კოჟორიძემ ჟურნალისტებს ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილი გააცნო.
"გასაგებია, რომ ჩამოხრჩობილ ადამიანს კისრის არეში აქვს დაზიანებები. გარეგანი დათვალიერებით, მიქაუტაძეს, გარდა კისრის მიმდებარე არეში არსებული დაზიანებისა, აღენიშნება დაზიანება ცხვირის მარცხენა ნესტოს მიდამოში სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილის დადგომამდე დროის ახლო მონაკვეთში. ორივე ტერფის გულის შიგნით, გვერდით ზედაპირებზე არსებული თითქმის იდენტური, უსწორო, სიგრძივი ფორმის მუქი მოლურჯო-მოიისფრო უბნები მაღალი ალბათობით არატრავმული წარმოშობისაა. თუმცა, არის თუ არა ეს სისხლნაჟღენთი თუ ნაადრევი გვამური მოვლენაა, დასკვნის გამოტანა გვამის გარეგანი დათვალიერებით ძნელია", - განაცხადა კოჟორიძემ.
მისივე განმარტებით, მას არ შეუძლია 100%-იანი სიზუსტით განაცხადოს ზუსტად რა მოხდა, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ვარაუდობს, რომ მიქაუტაძეზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა.
"დაზიანებები ემთხვევა სავარაუდოდ იმ პერიოდს, როდესაც ის დაკითხეს. ეს გარემოებები ამყარებს იმ ალბათობას, რომ მასზე დაკითხვის დროს, ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. სხვა საკითხია დაზიანების სიმძიმე და ა.შ. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, პასუხისმგებლობის დაკისრების თვალსაზრისით, მარტო ცხვირზე ექნება დაზიანება თუ სხვაგან, გადამწყვეტი მნიშვნელობის არ აქვს", - განაცხადა კოჟორიძემ.