ექსპერტთა ნაწილი ეკონომიკის გაჯანსაღებას საინვესტიციო პროექტების გააქტიურებაში ხედავს. მათი აზრით, ეკონომიკის დინამიკის შენელება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების შეჩერებაა.
სპეციალისტების შეფასებით, ინვესტორები კვლავ მოლოდინის რეჟიმში არიან. მოლოდინის რეჟიმშია მომხმარებელიც. ბოლო პერიოდში თანხების დაზოგვის ტენდენცია შეინიშნება.
ინფორმაციას ავეჯისა და მოსაპირკეთებელი მასალების მაღაზიებში ადასტურებენ. ავეჯის კომპანიებში ამბობენ, რომ გაყიდვები ბოლო თვეებში 15%-ით არის შემცირებული. სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების რეალიზაციამ კი 10%-ით იკლო. შედარებით სტაბილური ვითარებაა მეორადი ავტომობილების ბაზარზე, სადაც გაყიდვების დინამიკა არადამაკმაყოფილებელი, თუმცა სტაბილურია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით კი "არის ეკონომიკური ზრდის ტემპები, მაგრამ ისინი შეფერხებულია და ამის მონაცემები არსებობს".
"არ შეიძლება, იმ სიტუაციას, რომელიც საქართველოში არის, კრიზისი დავარქვათ. არის ეკონომიკური ზრდის ტემპები, მაგრამ ისინი შეფერხებულია და ამის მონაცემები არსებობს, თუმცა არის ძალიან ბევრი კარგი პერსპექტივა, მათ შორის ინვესტიციების თვალსაზრისით. მე პრაქტიკულად, ყოველდღიურად მაქვს შეხვედრა პოტენციურ ინვესტორებთან, ადამიანებთან, რომლებსაც საქართველოში საკუთარი კაპიტალის დაბანდება სურთ. იქ, სადაც კრიზისია, ინვესტორები არ მიდიან. ასევე, თქვენ იცით, რომ თანადაფინანსების ფონდი იქმნება, რომელშიც პრემიერის განცხადებით, დაახლოებით, 10 მილიარდი დოლარი შემოდგომისთვის იქნება მობილიზებული და ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი თანხა საქართველოსთვის, რომელიც უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში ქართულ ეკონომიკაში დაბანდდება", - განაცხადა ხადურმა.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9