"კახის და გივის ტყუპებს და "ჩემ ბიჭებს" ვეძახი... ახალგაზრდებმა შეიძლება მათგან ისწავლონ, რა არის მეგობრობა", - ამბობს ცნობილი ტელეწამყვანი ლია მიქაძე... საგამოფენო დარბაზში ლია მიქაძე შემთხვევით აღმოჩნდა ინტერვიუს ჩაწერისას, როდესაც კახი კავსაძე "თავის მახრჩობელაზე" გვესაუბრებოდა...
კახი კავსაძე:
- მელას თავის მახრჩობელა უყვარსო, ხომ გაგიგიათ? ვინ არის გივი ბერიკაშვილი? ჩემი მახრჩობელაა!.. ყველაფერში მედავება, ყველაფერს მისწორებს... რომ ვიტყვი რამეზე, ლამაზიაო, ამბობს, მახინჯიაო, ვუმტკიცებ ესა და ეს კოსტიუმი მე უფრო მიხდება-მეთქი, არა, მე მეტად ვიხდენო... არადა, არაფერი საერთო არ მაქვს ამ კაცთან!.. ისე მოიტანა ცხოვრებამ, რომ ერთად გადაგვიღეს ფილმებში, ესტრადაზე ერთად ვიყავით, დავმეგობრდით, მერე ჩვენი შვილები დამეგობრდნენ, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს თავის დასასრული? - აღარ გათავდა ეს ჩვენი მეგობრობა... ბერიკა ამბობს, კახიმ გამათეთრაო, მე კი - გივიმ გამათეთრა-მეთქი. იცით, რა შავქოჩორა ბიჭი ვიყავი? - გადასარევი, მაგრამ დამამახინჯა ამ კაცმა... ერთხელ სცენიდან დარბაზს ჰკითხა, - მე უფრო ლამაზი ვარ, თუ კახიო... სავსე იყო დარბაზი და ამ უსვინდისო ხალხმა ერთხმად იკივლა, - შენო... ხალხო, კარგად შეხედეთ, მასზე მაღალი მაინც ხომ ვარ-მეთქი... არაფერი შეგეშალოს, შეიძლება ფიზიკურად შენ მაღალი იყო, მაგრამ გივი სულიერად უფრო მაღლა დგასო! ისე გამაბრაზეს, მოვშორდი და წამოვედი.
- ამ უნიკალურ ფოტოზე რას იტყოდით?
- ასე იცის: რომ ვდგავარ, მოვა და მომეყრდნობა, ხე ვარ, თუ კედელი?! აბა, ერთი, გავბედო და გავიწიო, წავა და ხალხს დაუძახებს, - კახის მივეყრდენი და წამაქცია, მაგან არც მეგობრობა იცის და არც არაფერიო... ხალხი კი ყოველთვის ბერიკას ემხრობა. მაგიჟებს, როგორ ახერხებს ხალხის მოსყიდვას... ამიტომაც ვერიდები, თქვენ კი იმიტომ გიყვებით, რომ ვიცი, გივის არ ეტყვით...
- ამბობთ, გივი ბერიკაშვილს თავში აუვარდაო...
- ახლა მეტყვის, ჯერ შენ აგივარდა, მე შენი მეგობარი ვარ და ხომ არ ჩამოგრჩებოდი, მეც ამივარდაო.
- საუბრის დასაწყისში გივი ბერიკაშვილზე სულ იუმორით საუბრობდით, ახლა სერიოზულად რომ ვისაუბროთ თქვენს მეგობრობაზე?
- მე და გივის ერთნაირად გვესმის მეგობრობა, სიყვარული, სიძულვილი... მოყვასი კაცია და სიძულვილი არ იცის. მეც არ ვარ უკეთური. გივი რაღაცას რომ აიჩემებს, მერე ვეღარ შეაჩერებ. თუმცა კარგი კახელია. საოცარი სანახავია მაშინ, როცა კახურ ანეკდოტებს ჰყვება. მერე ქართლელებსა და იმერლებზე გადმოინაცვლებს, რადგან მამაჩემი ქართლელი იყო და დედაჩემი - იმერელი... გივი ისეთია, თავის გულს ამოიღებს და მოგცემს.
- ყველას უკვირს, ერთ სპექტაკლში რომ არასოდეს გითამაშიათ...
- მე რუსთაველის თეატრში ვიყავი, გივი - მარჯანიშვილში და ალბათ ამიტომ. არც ერთ რეჟისორს არ მოუვიდა აზრად - გივი და კახი ერთ სპექტაკლში ვათამაშოთო... ესტრადაზე კი ჯემალ ბაღაშვილის დამსახურებით შევხვდით ერთმანეთს მე და ბერიკა.
იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია