სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი 23000 პატიმრიდან უმრავლესობამ ციხის კედლები დატოვა. ამნისტიით სულ 8704 ადამიანი გათავისუფლდა, აქედან 432 ქალი, 25 კი - არასრულწლოვანია. ყველა პატიმარს სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა. სასჯელთა შეკრებითობის უპირობო გაუქმებამაც ბევრს ოცნება აუსრულა - ისინი უკვე გათავისუფლდნენ, ბევრი კი ნანატრ თავისუფლებას დღე-დღეზე ელოდება.
საზოგადოების ერთი ნაწილი ციხიდან პატიმრების გამოსვლას შიშით ელოდა და მიიჩნევდა, რომ ეს ქვეყანაში კრიმინოგენულ ვითარებას გაართულებდა. თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ვერც ერთი ამნისტია, ციხიდან გამოსული ვერც ერთი პატიმარი ვერ შეუქმნის საფრთხეს საზოგადოებას. "თუ რომელიმე შეწყალებული პატიმარი გაბედავს მსგავსი ქმედების ჩადენას, ჩვენ დაუყოვნებლივ დავაბრუნებთ მას ციხეში. მინდა, გამაფრთხილებელი მესიჯი გავუგზავნო თითოეულს: ისინი კანონის წინაშე ძალიან მკაცრად დაისჯებიან", - განაცხადა მაშინ შს მინისტრმა. მისი მუქარის მიუხედავად, ზოგიერთ დამნაშავეს მკაცრად დასჯის არ შეშინებია და ახალი დანაშაული ჩაიდინა. სამინისტრო დანაპირებს მკაცრად ასრულებს და დამნაშავეებს ისევ უკან, ციხეში აბრუნებს.
შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის უფროსის, დავით კობახიძის თქმით, ამნისტიითა და შეწყალებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გამოსულმა 495-მა პირმა ისევ ჩაიდინა სხვადასხვაგვარი დანაშაული. აქედან ამნისტირებულთა საერთო რაოდენობის 4,35% ანუ 378 ამნისტირებული პირი კვლავ სისხლის სამართლის პასუხისგებაშია, ხოლო პრეზიდენტის შეწყალებულთა 5,79%-ს, 117 პატიმარსაც წაუყენეს ახალი ბრალი. "რაც შეეხება სამართალდარღვევათა გადანაწილებას სახეობების მიხედვით, დღეს არსებული მონაცემებით, სულ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 363 დანაშაულია მათი ჩადენილი, ხოლო ადმინისტრაციული კოდექსის 278 სამართალდარღვევა დაფიქსირდა. ამა თუ იმ სამართალდარღვევის გამო ამნისტირებული და შეწყალებული პირებიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში 312 ადამიანი მოხვდა. ახლა მიმდინარეობს მუხლობრივად იმის დამუშავება, კონკრეტულად რა სახის დანაშაულს სჩადიან გათავისუფლებულები და ამ მონაცემებს შეჯამების შემდეგ დამატებით გაცნობებთ", - მითხრა დავით კობახიძემ.
სამწუხაროდ, გათავისუფლებულთა მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულები.
ცოტა ხნის წინ, ხელვაჩაურში 33 წლის მამაკაცი, ჯუმბერ თ. დააკავეს და მას სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებაში დასდეს ბრალი. აღნიშნულმა პირმა 2013 წლის 15 მაისს ხელვაჩაურში, სამხედრო დასახლებაში 17 წლის მოზარდი გააუპატიურა. გაირკვა, რომ ჯუმბერი წარსულში ნასამართლევი იყო და 2005 წლიდან სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდიდა. შემთხვევა ღამის 11-ის ნახევარზე მოხდა. მოზარდი ეჭვმიტანილმა სახლიდან მოტყუებით გამოიყვანა და კორპუსიდან მოშორებით ავტოფარეხებისკენ წაიყვანა. 17 წლის გოგონას სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება და ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. გამოძიება 137-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო და სასამართლო ბრალდებულს მალე განაჩენს გამოუტანს, მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მსგავსი დანაშაული კახეთშიც მოხდა. გურჯაანის ერთ-ერთ სოფელში 10 წლის ბიჭი გააუპატიურეს. დანაშაულში ეჭვმიტანილიც პატიმრობიდან მასობრივი ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული პირია. დაფიქსირდა ყაჩაღობის, ძარცვის შემთხვევებიც და საზოგადობაში პანიკის საფუძველი გაჩნდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე ვესაუბრეთ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიგა გიორგაძეს. ის ამბობს, რომ ჩადენილ დანაშაულებში ჭარბობს ძალადობრივი ფაქტები.
გიგა გიორგაძე:
- პირის პატიმრობიდან გათავისუფლების სხვადასხვა მექანიზმი არსებობს. ერთ-ერთია პირობით ვადამდე გათავისუფლება და ამას სასჯელაღსრულებასთან არსებული ადგილობრივი საბჭოები ახორციელებენ. ოქტომბრიდან მოყოლებული, ამ კომისიამ 1500 პატიმარი გაათავისუფლა. აქედან 161 ქალი იყო და უკან შებრუნდა 24 ადამიანი, ანუ 1,6%. ძველი ხელისუფლების დროს, ეს კომისია ფაქტობრივად, არ მუშაობდა, საბჭოებს აზრს არავინ ეკითხებოდა და გასათავისუფლებელ პატიმართა სიას პროკურატურა ადგენდა. წინა ხელისუფლების დროს, 2 წლის განმავლობაში, სულ 841 ადამიანი გათავისუფლდა, აქედან - 40 ქალი, უკან შებრუნდა 41 ანუ - გათავისუფლებულთა 5%. მიუხედავად იმისა, რომ სიები პროკურატურის შედგენილი იყო, პროცენტულად დანაშაულის ჩადენა მაშინ უფრო მეტი იყო, ვიდრე - დღეს. მაქსიმალურად ყურადღებითა და სიფრთხილით ვეკიდებით ამ საკითხს. რისკებს ვაფასებთ, ვმსჯელობთ, ხომ არ არის საშიშროება, რომ გათავისუფლებულმა განმეორებით ჩაიდინოს დანაშაული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვიღებთ მათ გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას.
- მეორე მექანიზმი - შეწყალებაა. პრეზიდენტმა რამდენი პირი შეიწყალა ბოლო დროს?
- პრეზიდენტს ეს უფლება კანონით აქვს. არსებობს შეწყალების კომისია, რომელსაც შეფასების დაახლოებით იგივე კრიტერიუმები აქვს, რაც პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიას. იქ საქმეების შესწავლა საფუძვლიანად ხდება და შემდეგ შეწყალების კომისია პრეზიდენტს უგზავნის შესაწყალებელ პირთა მონაცემებს. ბოლო დროს არის შემთხვევები, როცა შეწყალების კომისიის გვერდის ავლით პრეზიდენტი იწყალებს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს. მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, განსაკუთრებით მძიმე დამნაშავე, 32 ნარკორეალიზატორი გამოვიდა ციხიდან. 2012 წლის ოქტომბრიდან სულ 1810 ადამიანი გათავისუფლდა პრეზიდენტის შეწყალებით და აქედან განმეორებითი დანაშაული ჩაიდინა 72 პირმა, ანუ 4%-მა. მიმდინარე, 2013 წელს, ასეთ მოკლე დროში, პრეზიდენტმა 611 პატიმარი შეიწყალა. აქედან უმეტესობა - 455 ადამიანი განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულისთვის იყო გასამართლებული. მხოლოდ 56 არის ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული. სამწუხაროდ, ამ შეწყალებულებიდან თითქმის 7-მა პროცენტმა კვლავ ჩაიდინა დანაშაული, რაც მაღალი მაჩვენებელია. შეწყალებულ პირთა მიერ ჩადენილი ახალი დანაშაული ძირითადად არის ძალადობრივი: ქურდობები, ძარცვა, ყაჩაღობა ანუ ის, რაც განეკუთვნება მძიმე კატეგორიას.
- ფიქრობთ, რომ კომისიის გვერდის ავლით უშვებს პრეზიდენტი პატიმრებს?
- ამას ფაქტები ადასტურებს. მან ნარკორეალიზატორები შეიწყალა. როგორც წესი, შეწყალების კომისია ასეთ ადამიანებზე რეკომენდაციას არ იძლევა.
- კონკრეტული მაგალითების მოყვანა შეგიძლიათ?
- 22 წლის გიორგი ხახიაშვილი 2012 წლის დეკემბერში შეიწყალა პრეზიდენტმა. მას დაბა ნორიოში ნივთების მოპარვასა და მცირეწლოვნის მიმართ ძალადობის გარეშე განხორციელებულ გარყვნილ ქმედებაში ედებოდა ბრალი. 1986 წელს დაბადებული თორნიკე კიკნაველიძე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღით ციცქიშვილის დაჭრისთვის იყო მსჯავდადებული. საყურადღებოა, რომ ის პრეზიდენტმა ორჯერ შეიწყალა. პირველად შეწყალების აქტით გაუნახევრდა სასჯელი და მეორე შეწყალების აქტით, 2012 წლის 4 დეკემბერს საერთოდ გათავისუფლდა პატიმრობიდან. მან შეიწყალა ასევე რამდენიმე მუხლით გასამართლებული ელგუჯა გურჩიანი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობისთვისაც იყო მსჯავდადებული და 2010 წლიდან იხდიდა სასჯელს. გურჩიანს 21 წელი ჰქონდა დარჩენილი და 2012 წლის 28 დეკემბერს შეიწყალა. მერაბ შანგუა ნარკოტიკის უკანონოდ გასაღების ბრალდებით იხდიდა სასჯელს 2008 წლიდან და 2022 წლამდე პატიმრობაში უნდა ყოფილიყო. ანალოგიური ბრალდებით იხდიდნენ სასჯელს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულნი: ავთანდილ ტვილდიანი, ნიკა შამადინი, ოთარ ქავთარაძე, ელგუჯა ფირცხალაშვილი და სხვები. ალბათ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ძალიან გრძელი სიაა.
- რაც შეეხება ამნისტირებულებს: ამბობენ, რომ ბოლო დროს ისინი სჩადიან დანაშაულს. განმეორებითი დანაშაული რამდენმა ამნისტირებულმა ჩაიდინა?
- ამნისტიით სულ 9000 პირი გათავისუფლდა და აქედან 200-ს ჩადენილი აქვს ახალი დანაშაული. აქაც არის ქურდობის, ძარცვის, ხულიგნობის, დაჭრის ფაქტები. ეს არ არის ძალიან დიდი მაჩვენებელი და ამიტომ თითის გაშვერა და თქმა, რომ ამნისტირებულები სჩადიან დანაშაულს, სწორი არ იქნება. ამნისტიის შედეგად, ძირითადად, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულები გათავისუფლდნენ. განმეორებითი დანაშაული პროცენტულად ყველაზე მეტად, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებს აქვთ ჩადენილი.
თეა ხურცილავა
(გამოდის ხუთშაბათობით)