რემონტის დროს დამკვეთის მოტყუების ალბათობა ძალიან დიდია, განსაკუთრებით მათი, ვისაც იმის საშუალება არა აქვს, რომ ხელოსნები აკონტროლოს. ხშირად, მოგების მიზნით, ხარისხიანი მასალის მაგივრად უხარისხოს ყიდულობენ, ან ერთი დეტალის გაკეთებას დიდ დროს ანდომებენ... რა არის ამის მიზეზი და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხელოსანმა ჩვენი მოტყუება ვერ შეძლოს? - ამაზე შპს "არტექსკლუზივის" დირექტორ ბორის პაიჭაძეს ვესაუბრეთ.
- ურთიერთობა ორმხრივი პრობლემაა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ყველაფერი არაოფიციალურად კეთდება. ხელშეკრულება ოფიციალურად არ ფორმდება, არ იწერება შესრულების პირობები, ვადები, ანაზღაურების რაოდენობა. ეს ყველაფერი თუ ოფიციალურად გაფორმდება, მაშინ ორივე მხრიდან უფრო ნაკლები პრობლემა იქნება. პრობლემების გამომწვევ მეორე მიზეზად შეიძლება შემსრულებლის არაპროფესიონალიზმი დავასახელოთ. ყველაფერს თავისი სპეციალისტი ჰყავს. არ შეიძლება, ადამიანი იყოს ელექტროინჟინერიც, სანტექნიკოსიც, მღებავიც და ა.შ. რაღაც დონეზე ყველაფერს შეასრულებს, მაგრამ მაღალ დონეზე - ვერანაირად. აგრეთვე, დამკვეთი უპირატესობას ყოველთვის ფასს ანიჭებს. მაღალი ფასი ყოველთვის იმის გარანტი ვერ იქნება, რომ შესრულება ან მასალის ხარისხი კარგია. ყველაფერს ფასი წყვეტს, ამ დროს კი შუალედი უნდა აირჩეს, მაგალითად, დაბალფასიან მასალებში ყველაზე კარგი უნდა იყოს არჩეული, ან მაღალფასიანებში - ყველაზე უბრალო. ეს უნდა განისაზღვროს.
ამას გარდა, ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს ხელოსანს ან იმ ფირმას, რომელიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებს. ელიავას ბაზრობაზე, რა თქმა უნდა, მთლად მაღალი კვალიფიკაციის ხელოსნებს ვერ იპოვი. ძალიან ბევრი ქართველი, სომეხი, რუსი სპეციალისტი საზღვარგარეთ არის წასული. ყველაზე კარგი ხელოსნები რუსები არიან, ქართველებზეც ამავეს ვიტყვი, მაგრამ, რასაკვირველია, ყველა არ იგულისხმება. შეიძლება, სპეციალისტმა იაფი მასალა იყიდოს, მაგალითად, კანალიზაციის ან წყლის მილები. შეხედავ, ლამაზია, მაგრამ უხარისხო აღმოჩნდება და პრობლემებს წარმოქმნის. ეს ეხება ელექტრობასაც. შეიძლება, სადენები დაბალფასიანი იყოს და რემონტის შემდეგ კიდევ ბევრჯერ მოუხდეს ადამიანს მათი გამოცვლა.
- თუ ადამიანი დაკავებულია და საშუალება არა აქვს, ხელოსნები აკონტროლოს, რა უნდა მოიმოქმედოს, რომ ვერ მოატყუონ?
- ნებისმიერ პატარა საქმესაც კი ორგანიზება, შესაბამისად, ხელმძღვანელი სჭირდება. თუ ადამიანს, რომელიც ხელოსანს ქირაობს, თავისუფალი დრო აქვს და სარემონტო საკითხებში კარგად ერკვევა, მაშინ მასალები თვითონ უნდა შეიძინოს, ხელოსნებს მოუტანოს. თუ დრო არ აქვს, ამის გაკეთება ისეთ ადამიანს უნდა მიანდოს, ვინც ამ ყველაფერს უხელმძღვანელებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ამბობენ: "რატომ უნდა მივცე ფული ვიღაცას, რაში უნდა გადავუხადო?" მერე კი პრობლემები წარმოიშვება როგორც დიზაინის, ასევე ხარისხის გამო. როცა მრავალმხრივი სამუშაოა, დამკვეთს ყოველთვის ვურჩევ, ხელმძღვანელი დანიშნოს და ფული მას გადაუხადოს, რადგან ეს დროს, ენერგიასა და ნერვებს დაუზოგავს.
ეკა აბაშიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)