არაოფიციალური მონაცემებით, დღეს საქართველოდან 1,5 მილიონი ადამიანია საზღვარგარეთ გასული, რომელთაგან დაახლოებით 80%-ს არალეგალის სტატუსი აქვს. სამწუხარო რეალობაა ისიც, რომ ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე ევროპაში ხელმრუდობს და ბევრ ქალაქში არცთუ სახარბიელო რეპუტაცია გვაქვს. სტრასბურგში მცხოვრები ემიგრანტი მათე ციხესაშვილი გვიყვება იმ სამწუხარო რეალობის შესახებ, რომელშიც სამშობლოდან უკეთესი მომავლის საძიებლად გადახვეწილი ქართველობა აღმოჩნდა.
- სტრასბურგში ბევრი ქართველი ცხოვრობს. აქ ჩამოსულ ლტოლვილთა უმრავლესობა ქუჩაში რჩება - ზოგი მანქანაში ათევს ღამეს, ზოგი პირდაპირ ქუჩაში, ხიდის ქვეშ. ოჯახით ჩამოსულებს მეტი უპირატესობა აქვთ, ვინაიდან ქალებსა და ბავშვებს აძლევენ თავშესაფარს, სასტუმროში ცხოვრების საშუალებას. ვიდრე ათწლიანი ცხოვრების უფლებას არ მიიღებ, სამსახურს ვერ იშოვი და თუ იშოვე, ეს არალეგალურია და ფინანსური პოლიცია აჯარიმებს იმ ორგანიზაციას, ოჯახს თუ ფირმას, რომელშიც არალეგალი მუშაობს. ევროპაში უმუშევრობის პრობლემაა, ჩამომსვლელთა უმეტესობა კი დარდიმანდია და ხეტიალი უყვარს. ბევრი მათგანი წამალზე ზის. ასეთი ადამიანები ისეთ რამეებს სჩადიან, ერის ღირსებას ლახავენ. ემიგრანტებს დროდადრო საფრანგეთის "ცენტრალპოლში" (ცენტრალური პოლიცია) იბარებენ. ერთი-ორჯერ მეც გამომიძახეს, მივედი და თანამშრომელმა გოგონამ, რომელიც მონაცემებს იწერდა, ჩემი ქართული გვარი რომ ნახა, წამოიძახა, უი, ეს დაჭერილი არ ყოფილაო?! გავგიჟდი, რა დაჭერაზე ლაპარაკობთ-მეთქი, მიპასუხა, აქ ვინც კი ქართველია, თითქმის ყველა დაჭერილი გვყავსო.
- რისთვის იჭერენ ქართველებს?
- სამწუხაროდ, ქართველების გარკვეული ნაწილი ქურდობით ირჩენს თავს, ზოგიერთი კი ნარკომანია. საფრანგეთში ნარკომანებს ავადმყოფებად მიიჩნევენ და მათ სპეციალურ ტაბლეტებს - სუბოტექსს აძლევენ, რომელსაც შემდეგ საქართველოშიც გზავნიან. უმეტესად იპარავენ ველოსიპედებს, კომპიუტერებს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს. სტრასბურგში ხომ ქალი, კაცი, დიდი, პატარა, ყველა ველოსიპედით დადის. მოპარულ ველოსიპედს კი, რომელიც მაღაზიაში 100, 80 ან 60 ევრო ღირს, 30 ან 20 ევროდ ყიდიან. მართალია, იციან, რომ მაღაზიებში ვიდეოკამერებია დამონტაჟებული, მაგრამ მაინც იპარავენ - ასეთ დროს ზოგი ნასვამია, ზოგი "მოწეულშია" და ჰგონიათ, გაუვათ. ნადირობენ სუნამოებზე, ოდეკოლონებზე, ბევრი აფთიაქში წამალსაც იპარავს. ზოგიერთი მედიკამენტი საკმაოდ ძვირი ღირს, იპარავენ და იაფად ყიდიან, მაგალითად, 50-ევროიანს 10 ან 5 ევროდ. აქ თუ რამის შოვნა გინდა იაფად, ქართველებს უნდა დაავალო და გაუჩინარს გაგიჩენენ. ერთი ბიჭია ჩამოსული, ბათუმელი, ერთხანს სადღაც გადაიკარგა, როცა გამოჩნდა, მითხრა, ფეხსაცმელი მოვიპარე და 6 თვე ვიჯექი ციხეშიო. საქართველოში კი ჰგონიათ, რომ ფულის საშოვნელად არიან წასულები და ოჯახს დაეხმარებიან. სტრასბურგის ციხე სავსეა სომხებით და ქართველებით, თითქმის ყველა ქურდობისთვის იხდის სასჯელს.
გადაიხდი 4 ევროსა და 60 ცენტს, მოგცემენ "ბაჯოს" და ერთი თვე გაქვს მგზავრობის უფლება. სტუდენტები, რომლებიც აქ სწავლობენ, სტიპენდიას არ იღებენ, ვინაიდან საქართველო არ შედის ევროკავშირში. სხვებს 400-420 ევრო აქვთ სტიპენდია. თუმცა ქართველ სტუდენტებს უფლება აქვთ, ოფიციალური ხელშეკრულების მიხედვით იმუშაონ.
ჩემი ქართული გვარი კი მეამაყება, მაგრამ გული მწყდება, აქაური ქართველები ერთმანეთს რომ ვერ იტანენ. წარმოიდგინეთ, ოჯახის წევრებიც კი არ ინდობენ ერთმანეთს. არ ვიცი, აქ მაინც რა აქვთ გასაყოფი?! ვფიქრობ, ეკონომიკურმა სიდუხჭირემ მიიყვანა ხალხი ამ მდგომარეობამდე.
- ამბობენ, ზოგიერთი შეგნებულად სჩადის დანაშაულს, ევროპულ ციხეში მოსახვედრადო...
- სამწუხაროდ, ასეც ხდება. ერთი მეუბნება, არ შემიძლია, თვეში ერთხელ მაინც არ მოვხვდე ციხეშიო. იქ დასაძინებელიც არის, საჭმელიც და სასმელიც და არ ურჩევნიათ გარეთ, ქუჩაში და ხიდის ქვეშ წოლას, ციხეში ყოფნა? თან აქაურ ციხეში პატიმრები რასაც მოითხოვენ, ყავას, ლუდს თუ სხვას, უნდა მიართვან. მახსოვს, ფინეთის ციხეში ბუნტი ატეხეს, სხვა ქვეყნის ციხეებში ლუდს აძლევენ და ჩვენც მოგვიტანეთო.
სტრასბურგში ცხოვრების უფლებას პრეფექტურა გაძლევს, მანამდე კი მთელი რიგი ინსტანციები უნდა გაიარო. ავადმყოფობას თუ მოიმიზეზებ, ერთწლიან ნებართვას გაძლევენ. საფრანგეთის ნებისმიერ ქალაქშია მსგავსი პრობლემა. ჩემი აზრით, უმჯობესია, იქ იცხოვრო, სადაც დაიბადე და გაიზარდე, თუნდაც წვალებამ მოგიწიოს.
ევროპაში თავშესაფარს ადრე 4 პუნქტიდან გამომდინარე აძლევდნენ: პოლიტიკური, სოციალური, რელიგიური და ჰომოსექსუალური დევნა. შემდეგ გაამკაცრეს წესი, სამი პუნქტი ამოიღეს და დატოვეს - პოლიტიკური, ვინაიდან ევროპა გაივსო ლტოლვილებით. სტრასბურგი სიტყვა-სიტყვით ნიშნავს - ქალაქი გზაზე. ვინაიდან აქ არის ევროკავშირი, ევროსასამართლო და ევროპარლამენტი, ის ითვლება ევროპის დედაქალაქად. სტრასბურგში 2010 წელს ჩამოვედი, რა არ ვიღონე, რომ სააკაშვილის მთავრობას ჩემთვის მოქალაქეობა მოეცა, მაგრამ გამომაგდეს და ჩემს ქვეყანაში არ მიშვებენ...
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)