დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში პარასკევის ტრადიციული ლოცვა, რომელსაც არც ერთი ადგილობრივი მუსლიმი არ ესწრებოდა, ინციდენტის გარეშე დასრულდა.
პროცესს სახალხო დამცველი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. როგორც უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სახალხო დამცველის აპარატი მუსლიმთა მიმართ შექმნილი პრობლემის დარეგულირებაში ჩართულია.
"ჩვენ ამ პრობლემის დარეგულირებაში ჩართული ვართ პირველივე დღიდან, დღეს ჩამოვედი რადგან უშუალოდ, ადგილზე გავცნობოდი სიტუაციას და პირველწყაროდან მიმეღო ინფორმაცია. დღეს ლოცვა შედგა, თუმცა მას მხოლოდ ჩამოსულები ესწრებოდნენ. ადგილობრივები ვერ გამოვიდნენ, როგორც ამბობენ, გარკვეული შიშის გამო. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ შექმნას გარანტია, რათა მოსახლეობას არ ჰქონდეს შიშის განცდა", - აღნიშნა ნანუაშვილმა.
დღევანდელ ლოცვაზე იმყოფებოდნენ სრულიად საქართველოს მუფთის მოადგილე ადამ შანთაძე, ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე და მუსულმანური მრევლის რამდენიმე წარმომადგენელი. სამთაწყაროში ჩავიდა სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილიც.
ამასთან, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა მოლაპარაკება გამართეს, როგორც სოფლის გამგებელთან, გულო ნადირაშვილთან, ასევე სოფლის მუფთან სულიკო ხოზრევანიძესთან.
პარასკევის ლოცვას არ დასწრებიან სამთაწყაროს მუფთი სულიკო ხოზრევანიძე და მისი ოჯახის წევრები. როგორც მათ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, გასული პარასკევის ლოცვის შემდეგ, დაახლოებით 200-მდე თანასოფლელი მივიდა და დაემუქრა, სოფლიდან წასულიყვენ ან პარასკევობით სამლოცველო სახლში არ მისულიყვნენ.
ასევე დღევანდელ ლოცვაზე არ იმყოფებოდა არც ერთი სამთაწყაროელი მუსლიმი. ლოცვაზე ძირითადად სამთაწყაროში დღეს ჩასული მუსლიმები იმყოფებოდნენ.
სამთაწყაროში შექმნილი ვითარების გამო საქართველოში ევანგელისტურ-ბაფტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი მუსლიმ მრევლს ბოდიშს უხდის.
"დასაგმობია და მე ვწუხვარ, რომ ეს კეთდება ქრისტიანობის სახელით. მე ბოდიშს ვუხდი მუსლიმთა თემს ამ ქვეყანაში და ამ სოფელში, რომ ქრისტიანობის სახელით მათ რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფენ, უფლებას არ აძლევენ, ილოცონ ერთ ღმერთზე, რომლის თაყვანისმცემლებიც ვართ ქრისტიანებიც და მუსლიმებიც. ორივეს გვჯერა, რომ ერთზე მეტი ღმერთი არ არსებობს", - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოში ევანგელისტურ-ბაფტისტური ეკლესიის წინამძღვარმა, მთავარეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა, რომელიც სხვა პირებთან ერთად სამთიწყაროში მუსლიმთა პარასკევის ტრადიციულ ლოცვის პროცესს აკვირდებოდა.
მისივე განმარტებით რაც სოფელში ხდება, აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. "ამის ატანა არავითან შემთხვევაში არ შეიძლება", - აღნიშნა მან.
ამასთან, სონღულაშვილის თქმით, დღეს სამთაწყაროში მუსლიმთა თემის ხელმძღვანელი, სულიკო ხოზრევანიძე მოინახულა და აღნიშნა, რომ მას სერიოზული სამედიცინო დახმარება სჭირდება.
სამთაწყაროში დაპირისპირება 3 თვეზე მეტი ხანია, რაც დაიწყო.