მირანდა მირიანაშვილი წლებია რუსეთში ცხოვრობს, ელიტური წვეულებების სასურველი პერსონაა, როგორც სტუმარი და როგორც მომღერალი. უკვე ხუთი წელია, ის ბიზნესმენ ლეონიდ ოგარიოვის მეუღლეა. წყვილი ერთად დადის მსოფლიოს ყველაზე სასურველ და უცნაურ ადგილებში, მათ შორის, მაგალითად, კოსტა რიკის ჯუნგლებში და ამით უდიდეს სიამოვნებას იღებს. მირანდა თბილისს მცირე ხნით სტუმრობდა, დრო ვიხელთეთ და გამოცდილ მოგზაურს საინტერესო ქვეყნების შესახებ ვკითხეთ.
- ბოლო 18 წელია მოგზაურობა ჩემი ცხოვრების წესია. მექსიკიდან დაწყებული, სამხრეთ კორეით დამთავრებული, ჩემს მეუღლეს სხვადასხვა კონტინენტზე ჰყავს პარტნიორები, სადაც ხშირად მიწვევენ. რა თქმა უნდა, უმთავრესად საქმიან გადაფრენებში ვართ, თუმცა ყოველთვის ვიტოვებთ დროს მუზეუმებისა და გალერეებისთვის. იანვრიდან რომ დავითვალოთ, რამდენი დრო მაქვს გატარებული საზღვრებს გარეთ, ალბათ სულ 2-3 კვირა გამომივა მოსკოვში - სახლში რომ ვიყავი. ორჯერ გახლდით მექსიკაში, ორჯერ - ამერიკაში, იტალია, საფრანგეთი, შვეიცარია, ისრაელი და თურქეთი რომ არ ვახსენოთ. უამრავ ქვეყანაში ტურისტად არ ვგრძნობ თავს და ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად არ მივდივარ. მაგალითად, ვენეციაში აღარ ჩავალ სან-მარკოს სანახავად, რადგან 13 წელია, იქ ბიენალეზე დავდივარ და საკმაოდ დიდხანს მიწევდა ყოფნა, როცა საგალერეო საქმიანობას ვეწეოდი და ვენეციაში პროექტი მქონდა. იქ ორი კვირის წინაც გახლდით ბიენალეზე. ასე რომ, არის ტურისტული ქალაქები, სადაც როგორც ტურისტი, არასდროს ვხვდები (იღიმის).
- ევროპაში რა გენატრებათ ხოლმე?
- არაფერი! ვერ ვასწრებ მონატრებას, აი, ზეგ პარიზში მივფრინავ, თუმცა აგვისტო-სექტემბერში მეწყება მთების მონატრება. მე, ჩემი მეუღლე და ჩემი დაც, მედეა, კარგი მოთხილამურეები ვართ და მარტს ფრანგულ ალპებში ვატარებთ ხოლმე. თუკი მონატრებაზე ვილაპარაკებთ, ეს გრძნობა მეუფლება ცენტრალური და ლათინური ამერიკის ზოგიერთი ქვეყნის მიმართ, კოსტა რიკის, მექსიკის, პერუს, კოლუმბიის გახსენებისას. მომავალ ზამთარში ჩილესა და არგენტინაში პირველად მივემგზავრებით, შემდეგ კი ისევ კოსტა რიკაში წავალთ. იქ კორკოვადოს ჯუნგლებში ვისვენებთ ხოლმე. მივფრინავთ დედაქალაქ სან-ხოსეში, საიდანაც პატარა თვითმფრინავით 50 წუთი გოლფიტოში ან პუერტო ხიმენესში აღმოჩნდებით, იქიდან კი მოტორიანი ნავით მივდივართ 40 წუთი ოკეანედან ღრმად ყურეში ჩვენს საყვარელ ადგილამდე, რომელიც აბსოლუტურად გაუვალ ჯუნგლებში მდებარეობს. იქ დგას რამდენიმე ე.წ. "კაბინა", მთლიანად ხისგან გაკეთებული, სწორედ იქ ვცხოვრობთ ხოლმე, შუაგულ ტყეში, ცხოველ-ფრინველ-ქვეწარმავალ-მწერების გარემოცვაში, მაგრამ ნუ შეშინდებით, საოცარ ჰარმონიაში!. ამ საოცარ ადგილს ჰქვია ნიკუეზა. გასული იანვრის სამი კვირა იქ გავატარეთ.
- გაუვალ ჯუნგლებში დასვენება საშიში არ არის?
- ამ ადგილს ხუთი წლის წინათ ინტერნეტით მივაგენი. მე და ჩემს მეუღლეს იმდენად დატვირთული რეჟიმი გვაქვს, რომ სწორედ ასეთი დასვენება გვჭირდება. სულ მესმოდა, რომ კოსტა რიკა სამოთხე იყო, მე კი რაღაც ახლის ნახვა მსურდა. ქვეყანაში მოგზაურობისას მხოლოდ ოთხი დღით გადავწყვიტეთ ნიკუეზაში გაჩერება. როდესაც იქ ჩავედით, ვიფიქრე, ჩემი ქმარი მომკლავს-მეთქი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, სხვადასხვა ტემპერამენტი გვაქვს, ძალიან ვგავართ ერთმანეთს, ის ჩემზე მეტად "დაქოქილია". სანამ დავუკვეთდი სასტუმროს, მანამდე მენეჯერს ვესაუბრე, მაინტერესებდა, შესაძლებელი იყო თუ არა უსაფრთხო ცურვა. რვა წელია გავიხსენით და ყურეში დღის განმავლობაში ცურვაზე პრობლემა არავის შეჰქმნიაო, - მიპასუხეს. პირველ ჯერზე რომ ჩავედით, გავიხედეთ, გამოვიხედეთ და არაფერია ხის პატარა ხიდის გარდა, რომლის იქით ტყე იწყება, არც ერთი ბუნგალო არ ჩანს. 250 მეტრით რომ შევიწიეთ შიგნით ღრმად, გამოჩნდა ლოჯი და კიდევ უფრო ღრმად ერთმანეთისგან საკმაოდ მოშორებით მდგარი კაბინები.
პატარა მდინარესთან გამაფრთხილებელ აბრას წავაწყდი, რომელზეც ეწერა, "ღამით ცურვა არ შეიძლება. აქ ნიანგები არიან!.." კი გამიკვირდა, მაგრამ ვიფიქრე, სახუმარო ბანერი იყო და ყურადღება არ მიმიქცევია. სადილის მერე ჩაგვიტარეს ინსტრუქტაჟი, გვითხრეს, რა უნდა გვქონოდა თან ჯუნგლებში სიარულისას, მათ შორის ფანარი, პროფესიონალური ჩექმები, წყალი და ა.შ. ცურვაზე რომ ვკითხე, მითხრეს, მხოლოდ ექვსის ნახევრამდე შეგიძლიათ, რადგან ღამე ნიანგები მოდიანო (იცინის). გადავირიე, ხომ გკითხეთ, საშიშია თუ არა აქ ცურვა-მეთქი. დამარწმუნეს, ჩვენ მიერ დასახელებულ დრომდე არ გამოჩნდებიანო და მერე ალბათ ისეთი სულელური შეკითხვა დავსვი, რასაც ყველა პირველად ჩასული სვამს ხოლმე - ამ ნიანგებს დრო რომ აერიოთ, მერე სად წავიდე-მეთქი (იცინის). მიპასუხეს, იმათ არაფერი ერევათო... ამ ოთხი დღის განმავლობაში ისეთი ცხოველები და ფრინველები ვნახეთ, წიგნშიც რომ არ მინახავს. გველების ყოველთვის მეშინოდა, მაგრამ იქ იმდენი ვნახე, ძალიან შხამიანიც, ფრინველყლაპიებიც, დიდებიც და პატარებიც, რომლებიც არაფერს დაგიშავებენ, თუკი თავად ფეხს არ დააბიჯებ, ან არ ავნებ, რომ ახლა აღარ მეშინია. ფანრით სწორედ იმიტომ უნდა იარო, რომ შემთხვევით გველს ფეხი არ დაადგა...
წლების განმავლობაში იქ მომსახურე პერსონალს დავუმეგობრდით. იცით, რა შეგრძნებაა, როცა სადღაც შორს, უბრალო სოფელში, კოსტა რიკის გადასაკარგავ ჯუნგლებში მელო, თომასი, ნემო, ფედერიკა, ვერონიკა ყოველ ზამთარს სიყვარულით გელოდებიან და გოლფიტოს აეროპორტში ყვავილებით გხვდებიან. რომ მეკითხებით, რა გენატრებაო, სწორედ ეს მენატრება. ძალიან ინტენსიური ცხოვრება გვაქვს ჯუნგლებში. დილის ექვს საათზე ვდგებით, ჩვენი რეჟიმი გვაქვს, მთებში ავდივართ, დილის იოგის მერე სამი საათი დავდივართ, ისეთი სუფთა ჰაერია, არ არსებობს, დაიღალო, მილიარდწლიანი გაუვალი ტყეები მსოფლიოს ფილტვებად მიიჩნევა. მუდმივად მიზიდავდა მთა და ზღვა, მაგრამ კოსტა რიკაში აღმოვაჩინეთ მე და ჩემმა ქმარმა ტყის ფენომენი.
მეორე წელს, როცა კვლავ დავბრუნდით იმ ადგილას, ღამით მეუღლესთან ერთად ყურეში გავედი. პლანქტონები გინახავთ? ისეთი შეგრძნებაა, რომ ვარსკვლავები ციდან წყალში იყრება და ანათებს... პანამაში, მექსიკასა და კოსტა რიკაში შეიძლება ამის ნახვა. ფანრებით ვიყავით შეიარაღებული და მაინტერესებდა იმ ადგილის ნახვა, სადაც ვცურავ ხოლმე. უცბად შევცბუნდი, რადგან ამერიკული თეთრი ნიანგი დავინახე. სადღაც 3,5 მეტრი იყო. ისეთი ფოტოები მაქვს ღამე გადაღებული, ენით აუწერელი სილამაზეა. ყოველ ღამე მოდიოდა და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ კონტაქტი დაგვიმყარდა, სახელიც კი შევარქვი, კოკიტო. მერე გავიგე, მოუკლავთ. სადღაც შორეულ სოფელში ძაღლი შეჭამა და პატრონმა თურმე ტყვია დაახალა... საერთოდ, თუკი მშიერი არ არის, საშიშიც არ გახლავთ. ზოგადად, ნიანგისთვის ადამიანი საჭმელი არ არის. რა თქმა უნდა, ავსტრალიურ უზარმაზარ 10-12 მეტრიან ნიანგებს არ ვგულისხმობ.
- მექსიკამ არ მოგხიბლათ?
- მექსიკა უზომოდ მიყვარს. შვიდჯერ ვიყავით უკვე. 2012 წლის 21 დეკემბერს გახლდით მექსიკაში, ზუსტად მაიას ცივილიზაციის ცენტრში - ტულუმში, იმ პირამიდაზე ვიდექი, სადაც "დიდი ამბავი" უნდა მომხდარიყო. სხვათა შორის, იქიდან ტელეკომპანია "დოჟდს" ჩავერთე და პირდაპირ რეპორტაჟში ყველას ვუამბე, გადასარევი ამინდია და სამყაროს დასასრულის არაფერი ეტყობა აქაურობას, მაიას ტომები მთელ ქვეყნიერებას გაეხუმრნენ-მეთქი (იღიმება). მექსიკა ძალიან დიდი და განსხვავებული ქვეყანაა. აცტეკები ძალიან განსხვავდებიან მაიასგან და იქ არ უყვართ შედარებები. ჩრდილომექსიკელები მაღლები არიან, სამხრეთში, იუკატანში, განსაკუთრებით ჩემს საყვარელ მერიდაში, მეტრ-ნახევარი სიმაღლის ხალხია. ვხუმრობ ხოლმე, რა კარგია, რომ სადღაც მაღალ და თეთრ ქალად მიმიჩნევენ-მეთქი (იღიმის). მე და ჩემს მეუღლეს ბევრი გვიმოგზაურია ამ ქვეყანაში მანქანით. იქ არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს და მათგან უდიდესი სითბო და ენერგია მოდის. ჩვენ ნაკლებად გვგვანან. მათ რაღაცნაირი მორიდებული ტემპერამენტი აქვთ, რომელსაც თავს არ მოგახვევენ. ისეთი დელიკატური და ეშხიანი ხალხია, რომ ვერ აგიწერთ. ჩემს ქმარს იქ პარტნიორები ჰყავს, "ჯენერალ მოტორსის" წარმომადგენლები, ისინი მეხიკოელი ებრაელები არიან. ებრაელების საკმაოდ დიდი და ძლიერი დიასპორაა მეხიკოში. სხვათა შორის, მაისში, როცა დაითქვა მათი შეხვედრა, სიამოვნებით გავეშურეთ ჩვენს საყვარელ მეხიკოში.