როგორც შევიტყვეთ, ცნობილი ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ტელევიზიას იცვლის - "იმედს" ტოვებს და "კომედი არხზე" ახალი გადაცემისთვის ემზადება. ეს ინფორმაცია ნუკისთან გადავამოწმეთ.
- ეს სიმართლეა. წავიყვან გადაცემას, რომელიც იქნება ძალიან სახალისო, ენერგიული და ახალგაზრდული.
- შეთავაზება არხის ხელმძღვანელობისგან მიიღე?
- დიახ. ისინი ჩემი მეგობრები არიან, დამიკავშირდნენ და მიმიწვიეს.
- "იმედის" დატოვება არ გაგიჭირდა?
- ადვილიც არ იყო, მაგრამ იმ ტელევიზიაში გადაცემა აღარ მქონდა და რა მექნა?..
- მაყურებელი რამდენად იქნება ჩართული შენს გადაცემაში?
- ჯერ ყველაფერი ბოლომდე გარკვეული არ არის. არ მგონია, მაყურებელი ჩაწერას დაესწროს.
"იმედზე" კი სექტემბრიდან "ცეკვავენ ვარსკვლავების" მესამე სეზონი იწყება. პროექტში სიახლეა, მასში მოხვედრის შანსი ნებისმიერ ადამიანს აქვს.
ნოე სულაბერიძე:
- რადგან ეს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე რეიტინგული შოუა, მასში მოხვედრაზე ცეკვის მოყვარული ბევრი ადამიანი ოცნებობს. ჩვენ მათ ამის შანსს ვაძლევთ, ამისთვის კი საჭიროა, ჩამოტვირთო მელოდია "იმედის" საიტიდან, გადაიღო შენ მიერ შესრულებული ცეკვა და ვიდეო ატვირთო. ჩვენ 10 საუკეთესოს შევარჩევთ და შემდეგ საზოგადოება გადაწყვეტს, მათგან შოუში ვინ იცეკვებს.
- ჩემი ინფორმაციით, შოუს წამყვანი ნანკა კალატოზიშვილი იქნება.
- ეს ცნობილი 2 კვირაში გახდება.
ერთ-ერთმა რეიტინგულმა მოცეკვავემ - სალომე ჭაჭუამ პროექტისგან მიწვევა უკვე მიიღო.
სალომე:
- სწორი ინფორმაცია გაქვს, მოწვევა მივიღე, მაგრამ პასუხი ჯერ არ მითქვამს. სავარაუდოდ, დავთანხმდები.
- შენი მეწყვილე ვინ იქნება, იცი?
- ჯერ ეს არ უთქვამთ. კარგია, როცა კარგი მეწყვილე გყავს, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
თამუნა კვინიკაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)