ტელეკომპანია BBC-ზე ქართული წარმოშობის მომღერალმა ქეთი მელუამ გადაცემაში "5 წუთი ქეთი მელუასთან ერთად" საქართველოზე ისაუბრა. 5-წუთიან ინტერვიუში მომღერალმა საქართველოში გატარებულ წლებზე, მუსიკალურ გამოცდილებაზე, მის ცხოვრებაში მუსიკის როლზე და ბევრ პირად საკითხზე ისაუბრა.
აღმოჩნდა, რომ ქეთი სამ ენაზე საუბრობს. ინგლისურთან და ქართულთან ერთად მან რუსულიც იცის, რადგან მისი ბებია რუსული წარმომავლობისაა და როგორც მომღერალი ამბობს, ბავშვობაში ხშირად ესაუბრებოდა რუსულად. თუმცა ქეთი გამოტყდა, რომ ყველაზე კარგად ამ ენებს შორის ინგლისურს ფლობს.
"90-იანი წლები საქართველოში ძალიან მძიმე ვითრება იყო. ამის გამო საქართველოდან წამოვედით. უშუქობა, უწყლობა, სიცივე. საცხოვრებელი კორპუსის ყველა მოსახლე სათლებით ავსებდა წყალს და რამდენიმე სართულზე ეზიდებოდა, ასე რეცხავდა ჭურჭელს ან სხვა საჭიროებისთვის იყენებდა. ჩემი პირველი მუსიკალური გამოცდილებაც სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება. უშუქო საღამოებს მთელი ოჯახი პიანინოსთან ვატარებდით, რომელზეც დედა უკრავდა", - დასძინა ქეთიმ.
საქართველოს გარდა, ქეთიმ ბელფასტსა და მოგვიანებით უკვე ლონდონში ცხოვრების პირველ წლებზე ისაუბრა, თუ როგორ აღმოაჩინა სკოლაში პროდიუსერმა მაიკ ბატმა, რომელიც ამჟამადაც მისი აგენტია. ქეთიმ ასევე ისაუბრა ექსტრემალური სპორტით - ”სქაიდაივინგით” გატაცებაზეც.
შეკითხვაზე, თავს ქართველად თვლის, თუ ბრიტანელად, ქეთიმ უპასუხა: "რა თქმა უნდა, ორივე ერთად. ბრიტანეთი ჩემს გონებაშია, საქართველო - გულში", - აღნიშნა მომღერალმა.