ჩეჩენ ექსტრემისტთა ლიდერი დოკუ უმაროვი თავის მომხრეებს სოჭის ოლიმპიური თამაშების ჩაშლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ ტერორიზმის ბრალდებით ძებნილმა უმაროვმა ინტერნეტში, ვებგვერდ "კავკაზცენტერ"-ის მეშვეობით ვიდეომიმართვა გაავრცელა. ამ მიმართვაში მან განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის საზღვრებს მიღმა ტერაქტებზე მორატორიუმს აუქმებს.
ვიდეომიმართვაში უმაროვი მომხრეებს მოუწოდებს, არ დაუშვან პრეზიდენტ პუტინის გეგმების შესრულება და ჩაშალონ სოჭის ოლიმპიური თამაშები. მისივე თქმით, სოჭის ოლიმპიური თამაშების გამართვა დაღუპული მუსლიმების "ძვლებზე" სურთ.
"რუსები ოლიმპიური თამაშების ჩატარებას ჩვენი წინაპრების, გარდაცვლილი მუსლიმების ძვლებზე გეგმავენ, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე არიან დაკრძალული. ჩვენ კი, როგორც ნამდვილმა მოჯაჰედებმა, ეს არ უნდა დავუშვათ და ამისთვის ნებისმიერი მეთოდი უნდა გამოვიყენოთ", - ნათქვამია ვიდეომიმართვაში.
"როიტერის" ცნობით, ექსტრემისტული დაჯგუფება "იმარატ კავკაზის" ლიდერის ვიდეომიმართვის ნამდვილობა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.
მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.