"საქართველოს ვარსკვლავის" ახალი გამარჯვებული ორშაბათს გამოვლინდა. ნინა სუბლატმა ხმების 47% მიიღო. მას სანატრელი პრიზები ერგო - ალბომს ჩაწერს და სასწავლებლად ლონდონში გაემგზავრება. როგორ შეაფასებს კონკურსს და კონკურსანტებს, რატომ დაშორდა შეყვარებულს, რა შეხედულება აქვს ქართულ შოუბიზნესზე, როგორ პასუხობს ეკა კვალიაშვილის მილოცვას და ჭორებს იმის შესახებ, თითქოს ბერამ დააფინანსა - ამ თემებზე "საქართველოს ვარსკვლავს" ვესაუბრეთ.
- ნინა, გილოცავთ გამარჯვებას. საკონკურსო პერიოდს როგორ შეაფასებ და რომელ ტურს გამოარჩევ?
- რაც შეეხება საკონკურსო პერიოდს,ბევრი რაღაც ვისწავლეთ და მივიღეთ თავად მაყურებლებისგანაც. გამორჩეული ტური, ალბათ, ირაკლი ჩარკვიანის ტური იყო. ჩემი აზრით და არა მხოლოდ ჩემი აზრით, ჩარკვიანი ისეთია, როგორიც მთელი მსოფლიოს გენიოსები არიან. მაგალითად, "დიფ ფარფლი" ავიღოთ, მათი ტური გვქონდა. ირაკლი ჩარკვიანიც მუსიკალური გენიოსია. შესაბამისად, ძალიან რთულია, მისი სიმღერის შესრულებას ხელი მოკიდო, რადგან ვერავინ იტყვის, რამდენად კარგი გამოვა შესრულება.
- ერთ-ერთ კონკურსანტზე, ირაკლი ფუტკარაძეზე გკითხავ. ალბათ იცი, რა თქვა მარინა ბერიძემ მასზე. ირაკლიმ პროექტის მიმდინარეობისას საზოგადოებაშიც გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა.ელოდი, რომ ფინალში ვერ მოხვდებოდა და საერთოდ, როგორ შეაფასებ მას, როგორც მომღერალს?
- ირაკლი ფუტკარაძეს, როგორც მომღერალს, ძალიან ვაფასებ, რადგან ის 15 წლის არის და მისი მონაცემებით მართლა აღვფრთოვანდი, როცა მაიკლ ჯექსონის სიმღერა შეასრულა, რომელიც ურთულესია და მით უმეტეს, ასეთი პატარა ბავშვისთვის. ირაკლიმ ძალიან ბევრი გააკეთა, იმიტომ, რომ 15 წლის ასაკში დადგა ფილარმონიის სცენაზე, ის მთელმა საქართველომ გაიცნო და მთელმა საქართველომ აღიარა, თითქმის ყოველ ტურზე ლიდერი იყო. მარინა ბერიძის შეფასებას რაც შეეხება, ეს ჩემი საქმე არ არის. მე არ ვაკვირდები, სხვები ერთმანეთს როგორ აფასებენ.
- რა შეცვალა პროექტში გამარჯვებამ შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში?
- ძალიან ბევრი რაღაც შეცვალა, მაგრამ მე იმაზე ვამახვილებ ყურადღებას, რომ სასურველი პრიზები მოვიპოვე: სასწავლებლად მივდივარ ლონდონში და ალბომს ვწერ. სასტუმროს ნომერიც მე მეკუთვნის, მაგრამ კაცმა არ იცის, როდის აშენდება და საერთოდ, აშენდება თუ არა. მატერიალურზე არც ვფიქრობ. 23 კვადრატულ ჰაერზე არც აქამდე ვფიქრობდი და არც ახლა ვფიქრობ. ძალიან მიხარია, რეალური პრიზები რომ მომცეს.
- ხალხს შენი პირადი ცხოვრება ძალიან აინტერესებს. როგორც ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თქვი, პირადი ურთიერთობები იმიტომ აგერია, რომ მთლიანად კონკურსზე იყავი გადართული. ამბობდი, რომ პრობლემების მოგვარების იმედი გქონდა. მოგვარდა თუ ჯერ არა?
- არა და არც აპირებს მოგვარებას. ისეთი არაფერი არ მომხდარა, უბრალოდ, ჩემი აზრით, როცა შენი მეორე ნახევარი, არ აქვს მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში მე ვიქნები, პიტო იქნება თუ ვინმე სხვა, კარიერაში რაღაცის მიღწევას ცდილობს, ყოველთვის რაღაც კომპლექსი ჩნდება წარმატებული ადამიანის მიმართ. სავარაუდოდ, მასაც ეს კომპლექსი გაუჩნდა, იმის მიუხედავად, რომ ყველგან, სადაც ვჩნდებოდი, თუნდაც ქასთინგზე, ჟურნალში, გადაცემებში, ყველაფერში და ყველაფერზე პიტოს ვუსვამდი ხაზს და ყოველთვის მას აღვნიშნავდი. იმის გამო, რომ კომპლექსი გაუჩნდა, რაღაცები დაიძაბა და დავშორდით. თვითონ აპირებს თუ არა ამის მოგვარებას, არ ვიცი, მე, ყოველ შემთხვევაში, არ ვაპირებ და ვნახოთ რა მოხდება, დრო გვიჩვენებს.
- შენ ბერას სტუდიაში დადიოდი და ხალხი კონკურსის დაწყებისთანავე შენ გამარჯვებას ვარაუდობდა, რადგან ამბობდნენ, რომ ბერა მესიჯებით უზრუნველგყოფდა...
- ჩემი მიზანი ხალხის გაჩუმება არ არის, პირიქით, ჩემი აზრით, შავი პიარი ყველაზე კარგი პიარია. ძალიან ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ბერასთან თანამშრომლური და მეგობრული ურთიერთობა მქონდა და არა სხვა. პირად ურთიერთობებზეც ილაპარაკონ, მაგას რა ჯობია, სალაპარაკო არ დაილევა. ბერას თუ ჩემთან მოუნდებოდა თანამშრომლობა, მის სტუდიაში ვიქნებოდი და არა რუსთავი2-ში. არც იმას ვფიქრობ, რომ ისე ძალიან ვუყვარდე, ჩემთვის ამდენი ხმა გამოეგზავნა. სანამ არ მიხვდება ქართველი ერი, რომ ადამიანმა ძალიან ბევრი თუ არ იშრომა, ვერაფერს მიაღწევს, იქამდე არაფერი არ გვეშველება. მე ვიშრომე და მივაღწიე. იმასაც ამბობდნენ, რომ ჩემი ყოფილი შეყვარებულიც მაფინანსებდა, რომელიც "ტოპ შოპში" მუშაობს და ხელფასი სულ რაღაც 300 ლარი აქვს. თურმე მან მომაგებინა, მაგრამ არ ვიცი, ეგ როგორ მოხდა. ეტყობა, მთელი 300 ლარი გამომიგზავნა და მოვიგე, არ ვიცი. ფაქტი ფაქტია, გავიმარჯვე და მოდი, შემარგეთ რა.