საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის სტუმრობისას, თბილისის მერიისა და საკრებულოს 23 წარმომადგენელი, შეიძლება ითქვას, მეტად უცნაური ფორმით დაკითხვაზე მიიყვანეს. ამ ადამიანების განცხადებით, ისინი ღირსების შემლახავი ფორმით ძირითადად ქუჩებში დააკავეს და რიგ შემთხვევაში ხელბორკილიც კი დაადეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. იმავე საღამოს მერიის ოთხი თანამდებობის პირი - მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი და მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე ისევ დააკავეს. დაკავებულებს 50 მლნ ლარამდე საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა-მითვისებას ედავებიან. როგორც ამბობენ, ამ საქმეში შესაძლოა ქალაქის მერ გიგი უგულავას ბრალეულობაც გამოიკვეთოს. საქმე მართლაც მეტად სერიოზულია, დაკავებულებს, შესაბამისი მტკიცებულებების პირობებში, გვარიანი სასჯელი ელით, თუმცა ეს დანაშაული ლამის ყველას დაავიწყდა, იმ დროს და ისეთი ფორმით მოხდა მერიისა და საკრებულოს წარმომადგენელთა დაკავება, რასაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მოქალაქეთა დაკითხვაზე დაბარებას უწოდებს. მომხდარს უკვე მოჰყვა უფლებადამცველების კრიტიკული შეფასებები და საპარლამენტო უმცირესობის პროტესტი, რომელმაც საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა.
სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილმა უშუალოდ ნატოს დელეგაციის წინაშე განაცხადა, რომ რაც მოხდა, იყო საბოტაჟი, რომელიც აუცილებლად იქნებოდა გამოძიებული. ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებს, რომ პეტრიაშვილმა იჩქარა, ამგვარი შეფასება არ უნდა გაეკეთებინა, ნაწილი კი ხმამაღლა არ ამბობს, მაგრამ გარკვეულწილად პეტრიაშვილის ეჭვს იზიარებს. საქმე ის არის, რომ მაინცდამაინც იმ დღეს დაგეგმილმა და თანაც აშკარად პროცედურების დარღვევით ჩატარებულმა ოპერაციამ, ისევ ძველი ხელისუფლების წისქვილზე დაასხა წყალი. ჯერ ერთი, რომ გადაიფარა საქმის არსებითი მხარე, ანუ ის დანაშაული, რის გამოც დაიგეგმა ეს ღონისძიება, შესაბამისად, საინფორმაციო საშუალებები მომხდარ დანაშაულზე მეტად პროცედურების დარღვევაზე ამახვილებენ ყურადღებას. მეორე - "ნაციონალურმა მოძრაობამ" დასავლელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ აჩვენა, როგორ "დევნიან" და რაოდენ დაუცველები არიან ახალი ხელისუფლების პირობებში. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა თვითონ საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებების შემდეგ. მაგალითად, ერთ-ერთ გადაცემაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მამუკა ვასაძე ამბობდა: ჩვენ ეს ხალხი დაკითხვაზე დავიბარეთ და ვინ რა სატრანსპორტო საშუალებით მოვიდოდა, მათი საქმე იყოო... თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი ამბობს, რომ ქალაქის ქუჩებში მანქანით ატარეს, შენობაში არსად შეუყვანიათ და არც დაუკითხავთ. საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროს ირაკლი შოთაძის თქმით კი, 27 ივნისს მამუკა ახვლედიანი საერთოდ არ დაუკავებიათ და არც დაკითხვაზე წაუყვანიათ. "ყველა სიახლე" მამუკა ახვლედიანს დაუკავშირდა:
- თავის გასამართლებლად ტყუილებს რომ იგონებენ, ვურჩევ, ცოტა უფრო ჭკვიანური რამ მოიფიქრონ. საინტერესოა, მოწმეებს რას უშვრებიან, ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებიც მახლდნენ და მეზობლებს, რომლებმაც კარგად დაინახეს, როგორ ჩამომსვეს მანქანიდან და სხვა მანქანით წამიყვანეს. რა გამოდის, მე თვითონ დავუხვდი ფინანსური პოლიციის მანქანას, ძალით ჩავუხტი და ვაიძულე ვეტარებინე ქალაქში მთელი საათი?! წარმოდგენა არ მაქვს, ვის დონეზე გადაწყდა ეს ამბავი. პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი და რიგი მინისტრებიც გაიძახოდნენ, ჩვენ არ ვერევით ამ სამსახურის საქმეშიო, ნაწილი ამბობდა საბოტაჟიაო, თუ ასეა, გამოიკვლიონ ვინ მოაწყო ეს საბოტაჟი, არ აინტერესებთ? ოპერაციის დამგეგმავებმა უნდა გასცენ ამ კითხვებს პასუხი. ჩვენ, მოგეხსენებათ, შევიტანეთ განცხადება მთავარ პროკურატურაში და მოვითხოვთ მომხდარის გამოძიებას, ასევე მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარესა და სახალხო დამცველს. მე მაინც მგონია, რომ ოპერაცია დაბალ დონეზე დაიგეგმა. როგორც კი მიხვდნენ, რომ სისულელე ჩაიდინეს, მაშინვე გაგვათავისუფლეს, მაგრამ ნატოს დელეგაცია გაფრინდა თუ არა, უკვე ოთხი ადამიანი დააკავეს.
სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, მინისტრმა ნოდარ ხადურმა ამ დაკავებების შესახებ პოსტფაქტუმ, ოღონდ მალევე გაიგო, გვარიანად შეშფოთდა და დაკავებულები რომ მოკლე ხანში გაათავისუფლეს, სწორედ მისი დამსახურებაა, მიუხედავად იმისა, რომ შემდგომ ის პრემიერ-მინისტრთან ლამის ერთ ხმაში ამტკიცებდა, რომ საგამოძიებო სამსახურის საქმეებში არ ერევა.
ვინ დაგეგმა 27 ივნისის დილა და ვინ მიიღო მერიისა და საკრებულოს წარმომადგენელთა დაკითხვაზე ამ ფორმით წაყვანის გადაწყვეტილება? - ამ კითხვით მივმართეთ საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ნათია სუხიაშვილს:
- ასე ერთპიროვნულად არ ხდება ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება. ამის თაობაზე ჩვენმა წარმომადგენელმა ეკა ბერიძის გადაცემაში ილაპარაკა და შეგიძლიათ იქ გაკეთებული განმარტებებით ისარგებლოთ.
- ვნახე ეს გადაცემა, თუმცა კითხვები მაინც მრავალად რჩება, იქნებ დამალაპარაკოთ კომპეტენტური პირი.
- იმ გადაცემაში ირაკლი შოთაძემ ამომწურავად უპასუხა ყველა კითხვას.
- ალბათ გაეცანით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 27 ივნისს პროცედურების დარღვევით ჩატარდა საგამოძიებო სამსახურის მიერ დაგეგმილი ოპერაცია, ამ საკითხზე ხომ არ დაწყებულა შიდაუწყებრივი მოკვლევა?
- არ ვიცნობ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვალდებულიც არ ვარ, ვიცნობდე. შიდაუწყებრივი მოკვლევის თაობაზეც არანაირი ინფორმაციას არ ვფლობ...
23 ადამიანის დაკითხავზე ერთდროულად მიყვანა ირაკლი შოთაძემ გამოძიების საჭიროებიდან გამომდინარე ახსნა. მისი თქმით, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ერთდროულად რომ არ დაკითხულიყვნენ, შესაძლოა ერთმანეთის ჩვენებებზე გარკვეული გავლენა მოეხდინათ. თუმცა მერიის ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ იმ საკითხზე, რაზეც დაიბარეს, ადრეც ჰქონდა ჩვენება მიცემული, თანაც, იმ მოკლე პერიოდში, რაც მათ 27 ივნისს საგამოძიებო უწყებაში გაატარეს, სრულყოფილი ჩვენების მიცემა სრულიად წარმოუდგენელია. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ბუნებრივად ჩნდება ეჭვი - ხომ არ იყო ეს ყველაფერი მართლაც წინასწარ დაგეგმილი იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება კიდევ ერთხელ აღმოჩენილიყო უხერხულ სიტუაციაში დასავლელ პარტნიორებთან. ეს მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდია, რომელსაც ამძაფრებს ისიც, რომ ამ უწყებაში დღემდე ინარჩუნებს თანამდებობას ძველი ხელისუფლების არაერთი კადრი. მათ შორის არის საგამოძიებო სამსახურის უფროსი ოთარ ფარცხალაძეც, რომელმაც ამ სფეროში კარიერა სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში გაიკეთა. ის 2012 წელს იკავებდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის თანამდებობას. ახალი ხელისუფლების პირობებში კი მან ჯერ საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა დაიკავა, ორი თვის წინ კი უკვე უფროსად დააწინაურეს. წარმოუდგენელია, ძველ ხელისუფლებაში და ამ ეტაპზეც ხელისუფლებაში მყოფი 23 ადამიანის ამგვარი ფორმით საგამოძიებო უწყებაში მიყვანა ფარცხალაძის ინფორმირების გარეშე მომხდარიყო. საკითხავია, რატომ არ გადაიდო ეს ოპერაცია თუნდაც ერთი დღით? "გაუგებარია, რატომ დაემთხვა ეს დაკავება მაინცდამაინც რასმუსენის საქართველოში ვიზიტს. მეორე ან მესამე დღეს ვინმე გაგვექცეოდა?" - ეს კითხვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილმა ჯერ სოციალური ქსელის მეშვეობით დასვა, შემდგომ კი ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: "მერწმუნეთ, მალე "ნაციონალური მოძრაობის" გზას დავადგებით, ამიტომ აუცილებელია დაისაჯოს ის, ვინც ეს გააკეთა. 9 წელი "ნაციონალურმა მოძრაობამ" ფილმების ყურებას მიმაჩვია, ამიტომ არ მინდა, მმართველმა გუნდმა კრიმინალური სერიალების ჩვენება გააგრძელოს".
ამ ყველაფრის გათვალისწინებით ივანიშვილის ხელისუფლება თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული გაარკვიოს, რეალურად რა მოხდა. "ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს, თუ ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთება, ის აუცილებლად დაისჯება, ამის გამოძიებას პირადად მოვითხოვ კბილაშვილისა და ღარიბაშვილისგან" - გვითხრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ. შესაძლოა, მომხდარს მართლაც შეეწირონ რიგითი თანამშრომლები, ემუქრება თუ არა რამე საგამოძიებოს უფროსს ან თვითონ მინისტრს, ამას ალბათ უახლოესი დღეები გვაჩვენებს.
ანა გიორგაძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)