ამ დღეებში გაქირავებაში გამოვიდა ფილმი "კადრები", რომელშიც ფლეგმატური გარეგნობის ოუენ უილსონი კვლავ ამხიარულებს საზოგადოებას თავისი ძველი მეგობრისა და პარტნიორის ვინს ვონის დახმარებით. მას მერე, რაც კეიტ ჰადსონთან დაშორების დეპრესიული პერიოდი გადალახა (რომელსაც თვითმკვლელობის მცდელობაც ახლდა თან), ოუენს მეგობარმა ქალმა ვაჟი გაუჩინა და ამჟამად ბედნიერად გრძნობს თავს.
- ახალ ფილმში თქვენს ეკრანულ წყვილს კარიერაში ექმნება პრობლემა. რა ეხმარება გმირებს ხელახლა ფეხზე დადგომაში?
- ასეთ სიტუაციაში ერთადერთი რამ გეხმარება - საკუთარი თავის ერთგული უნდა დარჩე. ჩვენი უცნაური ბიჭები აღმოჩნდებიან კომპანია "გუგლში", სადაც ბრწყინვალე შედეგებს მიაღწევენ ისე, რომ საერთოდ ვერ ერკვევიან კომპიუტერებში.
- ამ კომპანიაზე ლეგენდებს ჰყვებიან: ოფისებიც არ არის და ხალხი ველოსიპედებით დადის პირდაპირ საერთო დერეფანში, საკონფერენციო დარბაზების ნაცვლად კი სამასაჟე კაბინეტებიაო...
- სრული სიმართლეა. ამას დაამატეთ კიდევ უფასო კაფეები. მაგრამ რაც მთავარია, იქ ფანტასტიკური გარემოა, რომელშიც საოცარ პროდუქტებს იგონებენ. გაოცებული ვიყავი! მართლა გეუბნებით, ორმოცდახუთი წლის ასაკში რაიმე მიღწევა რომ არ მქონოდა კინოინდუსტრიაში, ნამდვილად ვისურვებდი, იქ მემუშავა.