4 თვის წინ ნინი ბადურაშვილის საქართველოში დაბრუნებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამბობდნენ, ნინი ქმარს დაშორდა და თბილისშიც ამიტომ დაბრუნდაო. ახალგაზრდა მომღერალმა მოსკოვიდან დაბრუნება იმით ახსნა, რომ ფეხმძიმედ იყო და თან "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურიში უნდა ყოფილიყო.
რამდენიმე დღის წინ კი გამოქვეყნდა ნინი ბადურაშვილის ქმრის, ირაკლი კუტალაძის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ მას და ნინის 5 თვის განმავლობაში ერთი მესიჯიც კი არ გაუგზავნიათ ერთმანეთისთვის და ერთი მიზეზიც კი არა აქვს მეუღლესთან შერიგების. ირაკლი კუტალაძე ინტერვიუში იმასაც ამბობს, რომ ნინი მასზე პიარის გამო გათხოვდა, თავად კი არასოდეს აინტერესებდა პოპულარობა. თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი სხვაგვარად მსჯელობს და სვამს კითხვას - ვინ გაიკეთა პიარი - ნინი ბადურაშვილმა, რომელსაც არც პოპულარობა აკლდა და არც გათხოვება გაუჭირდებოდა, თუ ირაკლი კუტალაძემ, რომელიც ნინი ბადურაშვილზე დაქორწინების შემდეგ გაიცნო საზოგადოებამ და რომელიც, ნინის ბებიის - ლალი ბადურაშვილის განცხადებით, ყველა ქართველ ჟურნალისტს უკავშირდებოდა და სთხოვდა, მასთან ინტერვიუ ჩაეწერათ აღნიშნულ საკითხზე. თუ ირაკლი კუტალაძის "ფეისბუკის" ქრონიკით ვიმსჯელებთ, ძალიან ბედნიერია, მის ინტერვიუს ასეთი გამოხმაურება რომ მოჰყვა, გაზიარებული აქვს ყველა ლინკი, რომელიც ინტერნეტში მისი და ნინის დაშორების შესახებ დაიწერა. მეტიც: ის მადლობას იხდის და ამბობს, რომ ყველაფერი კარგად არის. ნინი და ირაკლი 25 ოქტომბერს დაოჯახდნენ და "შერატონ მეტეხი პალასში" გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს.
ირაკლი კუტალაძის ინტერვიუს გამოეხმაურა ნინის მეჯვარე ქეთა თოფურია, რომელმაც ირაკლი კუტალაძეს კრეტინი უწოდა. ლალი ბადურაშვილის განცხადებით, წყვილის უთანხმოების მიზეზი ირაკლის უყურადღებობა იყო, ის ამბობს, რომ ყოფილი სიძე კვირაში ერთ საღამოსაც ვერ ატარებდა ოჯახში და ნინი უცხო ქალაქში სულ მარტო იყო. ირაკლის გართობა და დროსტარება რომ განსაკუთრებით უყვარს, ამას მისი ახლობლებიც ადასტურებენ და მისი "ფეისბუკის" გვერდითაც მიხვდებით, რომ მისი სუსტი მხარე სუსტი სქესია.
"ყველა სიახლე" შეეცადა ნინი ბადურაშვილს გასაუბრებოდა, მაგრამ ნინიმ განაცხადა, რომ მომხდარზე ლაპარაკი არ სურს.
ორ კვირაში ბადურაშვილი ქალიშვილს ელოდება, რომელსაც ბავშვობის მეგობრის სახელს - ელენეს დაარქმევს.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
ირაკლი კუტალაძე - "ნინის მიზანი იყო, კანონიერად გათხოვილიყო და კანონიერი ქორწინებიდან გაეჩინა შვილი"