გიგი უგულავა - "დარწმუნებული ვარ, რიხით დაწყებული გამოძიებები ბლუყუნში გადაიზრდება"

გიგი უგულავა - "დარწმუნებული ვარ, რიხით დაწყებული გამოძიებები ბლუყუნში გადაიზრდება"

დედაქალაქის მერი გიგი უგულავა დარწმუნებულია, რომ მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას, რიხითა და ტელეშოუებით დაწყებული გამოძიებები ბლუყუნში გადაიზრდება, - ამის შესახებ უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, წინა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამასთან, როგორც უგულავამ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ არსებითი განხილვისას უდანაშაულობას დაამტკიცებს.

"არსებითი განხილვა ნიშნავს იმას, რომ მხარეები წარმოადგენენ მტკიცებულებებს. დარწმუნებული ვარ, რიხითა და ტელეშოუებით დაწყებული გამოძიებები სასამართლოზე ბლუყუნში გადაიზრდება. ჩვენ ჩვენი სიმართლის გვჯერა. დარწმუნებული ვარ ჩემ უდანაშაულობაში. იმასაც მივხვდი, რომ სასამართლო განხილვის საგანი არ არის ეს ეპიზოდები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. "ტელეიმედის" შემთხვევაში და მთლიანად ამ ისტორიაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობა - კოლეგიალური ორგანო, საქართველოს პარლამენტი - არჩევითი კოლეგიალური ორგანო, თბილისის საკრებულო - არჩევითი კოლეგიალური ორგანო, თბილისის მთავრობა ასევე კოლეგიალური ორგანო. გადაწყვეტილება მიღებულია პრაქტიკულად ყველა კოლეგიალური და არჩევითი ორგანოს მიერ. შესაბამისად, ამ ორგანოების გადაწყვეტილება მართებულია თუ არა, ეს არის პოლიტიური შეფასების და არა გამოძიების საგანი. აქედან გამომდინარე, შეფასებები უნდა გააკეთონ პოლიტიკოსებმა და ასევე საზოგადოებამ არჩევნებზე", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, მის წინააღმდეგ აღძრული საქმე აბსოლიტურად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. "ეს საერთოდ არ არის კავშირში პროკურატურასთან და არც სასამართლოსთან, თუმცა სადაც პროკურატურა ვიღაცების წერილებს იკვლევს, არ არის გასაკვირი, მსგავსი სისულელეებით დაკავდეს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

არსებითი განხილვა დედაქალაქის მერისადმი ბრალდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში 16 ივლისს დაიწყება.

დღევანდელ წინასასამართლო პროცესზე კი, დაცვის მხარის ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვეტილიყო, თუმცა ბრალდების მხარე აღნიშნულის წინააღმდეგი იყო. შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მერაბ ჯორბენაძემ არ დააკმაყოფილა.

რაც შეეხება ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის განხილვაზე უარს, დედაქალაქის მერმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ნაფიც მსაჯულთა შემთხვევაში უფრო მეტი გაუგებრობა იქნება, ვიდრე ახლა არსებობს საქმეში და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ უარი თქვას ნაფიც მსაჯულებზე.

პროკურატურა უგულავას შპს "თბილსერვისჯგუფთან" და ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებულ საქმეებზე ედავება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ