მომღერალი ეკა კვალიაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებულს, ნინა სუბლატს ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის ვარკვლავს უწოდებს. მომღერლის შვილი, "საქართველოს ვარსკვლავის" მონაწილე ნუკა გვალია გუშინ ნინა სუბლატთან და მარიკო ლეჟავასთან ერთად ტელეპროექტში გამარჯვებისთვის იბრძოდა.
"ნუკ, მთელ საქართველოს უყვარხარ და ძალიან მალე მსოფლიო შეგიყვარებს... შენ დიდი მომღერალი ხარ, მე კმაყოფილი ვარ, რომ ამ პროექტში შენ კარგი პრაქტიკა გაიარე, გამოცდილება მიიღე, დაიხვეწე და უკვე მზად ხარ უმაღლესი მწვერვალების დასაპყრობად :) შენ ნამდვილი ჩემი შვილი ხარ, ამიტომაც გვაქვს მე და შენ ფანტასტიური განწყობა.
ნინას კი ვულოცავ "ტვ. რუსთავი 2"-ის ვარსკვლავობას :)
მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მეგობრებო, თანადგომისთვის, გულშემატკივრობისთვის, ამდენი თვე ჩვენ ერთად ვიყავით, შეგეჩვიეთ, მიყვარხართ, ნუკა სათანადოდ დააფასა მსმენელმა და უამრავი ხმა მისცა, ხაზს ვუსმევ, უამრავი ხმა!!! ამიტომ არის ნუკა, ყველანაირი მაქინაციების გარეშე საქართველოს, ანუ თქვენი რჩეული ვარსკვლავი, აბა მითხარით, ამას რამე სჯობს:) გკოცნით ყველას, მიყვარხართ და ეჭვი არ მეპარება, მსოფლიო ასპარეზზე ნუკას რომ დავინახავთ, გაგვიხარდება და უდიდეს სიამოვნებას მოგვგვრის ეს ფაქტი, კიდევ და კიდევ დიდ მადლობას გიხდით.
ჩვენ არჩეული გვაქვს ვიწრო კარი, ამიტომ მაქინაციების გარეშე ვცხოვრობთ და ღმერთი ხედავს ამას", - წერს კვალიაშვილი.
1 ივლისს მუსიკალური კონკურსის, "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალი გაიმართა. სამმა ფინალისტმა: ნინა სუბლატმა, ნუკა გვალიამ და მარიკო ლეჟავამ ორ-ორი სოლო-სიმღერა შეასრულეს. გოგონებს ჰქონდათ საერთო მუსიკალური ნომერიც - კონკურსანტებმა ცნობილი სიმღერა Lady Marmalade შეასრულეს და სცენაზე საკმაოდ პროვოკაციული შოუ დადგეს.
80 ათასზე მეტი ზარიდან მაყურებლის რჩეული და "საქართველოს ვარსკვლავის" ტიტულის მფლობელი ნინა სუბლატი გახდა.
იხილეთ ვიდეო: ნინა სუბლატი "საქართველოს ვარსკვლავი" გახდა - ფინალური სამეულის Lady Marmalade