უკვე რამდენიმე თვეა, რაც შოუბიზნესის ვიწრო წრეში აქტიურად ლაპარაკობენ ნინი ბადურაშვილის ანგარებიან და წარუმატებელ ქორწინებაზე. კულუარებში ითქვა, რომ მან ქმარი მოსკოვში მიატოვა და მუსიკალური კონკურსი "საქართველოს ვარსკვლავი" ფარად გამოიყენა, თუმცა ნინი ამ თემაზე არ საუბრობს.
ინფორმაციის გადასამოწმებლად ნინის ჯერ კიდევ ფურცელზე არსებულ ამჟამინდელ მეუღლეს ირაკლი კუტალაძე მოსკოვში დავუკავშირდი, რომლისგანაც საკმაოდ გულწრფელი პასუხები მოვისმინე.
- ირაკლი, თქვენ ინტერვიუებისგან ყოველთვის თავს იკავებთ, არადა, ინტერესი დიდია. ნინი თბილისშია, თქვენ - მოსკოვში, ამიტომ ბევრს ჭორაობენ, რომ თქვენ ერთმანეთს დაშორდით. რა ხდება რეალურად?
- მოსკოვში ერთად თვე-ნახევრის განმავლობაში ვიცხოვრეთ. როცა ნინი დარწმუნდა, რომ ორსულად იყო, ქორწილიდან ერთ თვეში ჩვენი ურთიერთობა საგრძნობლად შეიცვალა. მრავალი მიზეზი გამოთქვა, რომ თბილისში დაბრუნებულიყო. ბუნებრივია, ამაში გავუგე და წინააღმდეგი არ ვყოფილვარ. თუმცა შინაგანად არ ვეთანხმებოდი. თბილისში ორი-სამი კვირის განმავლობაში უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ეს პერიოდი თვე-ნახევარს გაგრძელდა. როცა მოსკოვში დაბრუნდა, კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ნინის მხრიდან გრძნობა არ იყო და, მიუხედავად ამისა, ის ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ მოსკოვში დარჩენილიყო და ემშობიარა. ის პირველივე დღეებში დაინტერესდა, ჩემი მშობლები აპირებდნენ თუ არა მასთან ერთად დუბაიში გამგზავრებას, რაც ოჯახში ადრე იყო ნათქვამი. როდესაც გაირკვა, რომ სხვადასხვა ტექნიკური მიზეზების გამო ჩემი მშობლები და ნინი დუბაიში ვერ გაემგზავრებოდნენ - ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ნინის მდგომარეობაში ფრენა მიზანშეწონილი არ იყო, ამის შემდეგ მან გამოაცხადა, რომ აპირებდა თბილისში დაბრუნებას და ბავშვის იქ გაჩენას.
- მიზეზი რა იყო, რის გამოც ნინის თბილისში უნდოდა დარჩენა და შვილის გაჩენა?
- თქვა, რომ თბილისში თავს უფრო კარგად გრძნობდა და მშვიდად იქნებოდა. კიდევ ერთი კვირის შემდეგ კი მითხრა, რომ აუცილებლად უნდა წავიდეს თბილისში, რადგან კონკურს "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურიში მიიწვიეს და ამაზე უარს ვერ იტყოდა, რადგან მისი კარიერისთვის ამ ნაბიჯს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
- როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ნინის ასეთი საქციელი?
- ამ ყველაფრის მიზეზი მარტივია: მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვიფიქრო, რომ ნინის მიზანი იყო, კანონიერად გათხოვილიყო და კანონიერი ქორწინებიდან გაეჩინა შვილი. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა.
- ამ ხუთი თვის განმავლობაში რატომ არ გქონდათ თქვენ და ნინის კონტაქტი? ის ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა, თქვენ კი ამბობთ, რომ ასე არ არის.
- მეც მიკვირს, რადგან ნინიმაც კარგად იცის, დღეს რა ურთიერთობაა ჩვენ შორის. შეიძლება, გარკვეული ეჭვი გამოვთქვა: მშობიარობის შემდეგ, როდესაც მთელი საქართველო დაინახავს, მე ნინის გვერდით არ ვარ, მაშინ ამ ფაქტს გამოიყენებს ისევე საკუთარი თავის ფიარისთვის - ნახეთ, ქმარმა სამშობიაროშივე მიმატოვაო. ესეც მისი გეგმის ნაწილია და ამას, ალბათ, მოჰყვება მოთხოვნები.
- ანუ, ახლა გაყრის პროცესში ხართ?
- არა. ჯერ ოფიციალურად ცოლ-ქმარი ვართ.
- ცოლთან დაშორება გადაწყვეტილი გაქვთ?
- ვერ ვხედავ ვერც ერთ მიზეზს, რომ ეს ნაბიჯი არ გადავდგა.
ბექა ასათიანი
ჟურნალი "თბილისელები"
(შემოკლებული ვერსია)იხილეთ ასევე: ნინი ბადურაშვილის ქორწინება სკანდალით დასრულდა - კვირაში ერთი საღამოც კი ვერ გამონახო ახლადმოყვანილი ცოლისთვის, რამდენად მოსაწონია?