"გაუგონარი სისასტიკე", -ასე შეფასდა სამეგრელოში აღმოჩენილი ძალადობის ამსახველი ვიდეოფირი. ნანახით გაოგნებულებმა ეს ფაქტი სისტემურ დანაშაულად შეაფასეს, რისი აღიარებაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს უჭირთ, თუმცა კარგად ესმით, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. "ჩვენ ერთი გუნდი ვართ!" -დღეს ამ ლოზუნგს ძველი შინაარსი დაკარგული აქვს. პარტიის წევრები არ გამორიცხავენ, რომ მათაც უთვალთვალებდა წინა ხელისუფლება -თუ ვიდეომასალა მართლაც არსებობს, როგორც ჩანს, პარტია კიდევ ბევრი წევრის გარეშე დარჩება.
გიგი წერეთელი პარლამენტის წევრი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა":
- ფაქტია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი აღაშფოთა ვიდეოფირმა. ამის შემდეგ სინანულის განცდა მრჩება, რადგან მეგონა, რეფორმები ტარდებოდა ქვეყანაში.
- ამბობენ, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან. თქვენ რას ფიქრობთ?
- ცხადია, სისტემაში ეს ხდებოდა, მაგრამ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენად მასშტაბური იყო ასეთი ქმედებები. როცა ციხის ვიდეოფირი გავრცელდა, ვაღიარეთ, რომ ეს იყო სისტემური ჩავარდნა. ახლა ვამბობ, ეს არა მხოლოდ პენიტენციარული სისტემის ჩავარდნა იყო, არამედ მთლიანად "ნაციონალური მოძრაობის".
- თქვენი აზრით, იცოდნენ მერაბიშვილმა ან პრეზიდენტმა, რომ მისი სტრუქტურის თანამშრომლები გაუგონარი სისასტიკით უსწორდებოდნენ ადამიანებს?
- სულ რომ არაფერი სცოდნოდათ, ასეც არ იქნებოდა. თეორიულად შს მინისტრს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, შეიძლება შიდა დაპირისპირების შედეგი იყო, რომ მან ინფორმაცია ნაკლებად მიიღო. ამ საკითხის შეფასებას უფრო კარგად შევძლებ საგამოძიებო პროცედურების შემდეგ. არ მინდა წარმოვიდგინო, რომ პრეზიდენტმა ან სხვა ჩვენი გუნდის ლიდერმა იცოდა, რომ ამ მეთოდებით მტკიცებულებებს აგროვებდნენ და ისინი მშვიდად ხვდებოდნენ ამას.
-ამბობენ, რომ ბევრ პოლიტიკოსზე არსებობს ჩანაწერები.
- არ გამოვრიცხავ, რომ ჩემზეც იყოს და ჩემს მეგობრებზეც ასეთი ჩანაწერები. არ მინდა დავიჯერო, რომ ეს პრეზიდენტმა იცოდა. მე მქონდა მასთან ამაზე ლაპარაკი და ის ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდა ვიდეოფირების შესახებ. თუ წარმოგვიდგენენ კონკრეტულ პირებზე ფაქტებს, რომლებთანაც ერთ გუნდში მითანამშრომლია, მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. მე ასეთი ადამიანების გვერდში დგომისთვის არ ვარ პოლიტიკაში.
ირმა ნადირაშვილი, პარლამენტის წევრი, "ნაციონალური მოძრაობა":
- როგორი შოკიც იყო ციხის ვიდეოფირი, ისეთივე ტკივილს მაყენებს ამ ფირზე საუბარიც. მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, ჩემი შვილი აქ იზრდება. მინდა, არსებობდეს პრევენცია, რომ ვერც ერთმა მანიაკების ჯგუფმა ასეთი რამის გამეორება ვეღარ შეძლოს. დღეს ამ გუნდის წევრი ვარ და ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. თუ საბუთებს დამიდებენ, რომ ჩვენი პარტიის რომელიმე წევრი მსგავს სისაძაგლეში იყო ჩართული, მივიღებ ზომებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარტიიდან წავალ. ვიქნები აქტორი, რომელიც იტყვის, რომ საერთო არაფერი აქვს იმ პირებთან, რომლებიც ადამიანებს სიცოცხლეს უმწარებდნენ.