დათო ოქიტაშვილი: თუ არ გაჩერდებიან, არქივიდან მათ ფოტოებს აუცილებლად გამოვაქვეყნებ

დათო ოქიტაშვილი: თუ არ გაჩერდებიან, არქივიდან მათ ფოტოებს აუცილებლად გამოვაქვეყნებ

დათო ოქიტაშვილი ჩვენთან ინტერვიუში ვალერი მელაძესთან დაკავშირებული სკანდალური ინციდენტის დეტალებს პირველად იხსენებს. მკითხველს ალბათ ახსოვს ვალერი მელაძის ბათუმური კონცერტის ამბავი, რომელსაც ორგანიზება დავით ოქიტაშვილმა გაუწია. მაშინ ძველი მეგობრები, კახი კალაძე და ვალერი მელაძე ერთმანეთს კონცერტის წინ შეხვდნენ და გაგანია წინასაარჩევნოდ კალაძემ მეგობარს "ქართული ოცნების" მაისური გადასცა, შემდეგ კი ფოტო გადაიღო მასთან ერთად. ეს ფოტო მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელებში, რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია. ჩვენი რესპონდენტი დღეს იხსენებს ამ ამბის დეტალებს. დათო ოქიტაშვილთან საუბარი რუსი შემსრულებლების ქართული კონცერტებისადმი გამოთქმული კრიტიკით დავიწყეთ...

რის გამო უხდის ბოდიშს დათო ოქიტაშვილი კახი კალაძეს

-  რუსი შემსრულებლების კონ­ცერტების მიმართ მუდმივად გვესმის კრიტიკა. ალბათ გახსოვთ, რა ამბავი ატყდა ანჟელიკა ვარუმისა და ლეონიდ აგუტინის კონცერტზე. ახლახან გაიმართა ლაიმა ვაიკულეს კონცერტი, რომელიც ასევე თქვენი ორგანიზებული იყო.

-  მადლობა ამ შეკითხვისთვის. ყოველთვის მიკვირს, რომ ჰგონიათ, ყველა რუსი შემსრულებელი დათო ოქიტაშვილს ჩამოჰყავს საქართველოში. საქართველოში ბევრი რუსი მომღერალი ჩამოსულა და მომავალშიც ბევრი ჩამოვა, მაგრამ როცა მე ჩამომყავს ვინმე, მუდმივად ლანძღვისა და გინების ობიექტი ხდება. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებს მათ ფოტოებს, ვინც ჩემ მიერ ორგანიზებულ კონცერტებზე დადიან, მაგრამ თუ არ გაჩერდებიან, ფოტოარქივიდან ფოტოებს აუცილებლად გამოვაქვეყნებ. როდესაც აგუტინი ჩამოდიოდა, სამშობლოს მოღალატეებს ვინც გვეძახდა, ისინი მის კონცერტზე პირველ რიგში ისხდნენ და ცეკვავდნენ. ერთ ცნობილ ფოტოგრაფს ვთხოვე, გადაეღო ეს კადრები და შენახული მაქვს. აგუტინის კონცერტამდე თბილისში ჩამოვიდა ანდრეი მაკარევიჩი, რომელიც, პირდაპირ ვთქვათ, პუტინის ახლო მეგობარია. მის ჩამოსვლაზე ხმა არავის ამოუღია. ვხვდები, რომ ჩვენი ორგანიზაციისა და პირადად ჩემ მიმართ მიზანმიმართული ლანძღვა-გინება ისმის. აგუტინისა და ვარუმის, ასევე ლაიმა ვაიკულეს ბოლოდროინდელმა კონცერტებმა აჩვენა, რომ ხალხს უყვარს ეს შემსრულებლები და დადიან მათ მოსასმენად. მე კვლავაც ჩამოვიყვან მომღერლებს რუსეთიდან და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. მე ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ადამიანებს სიამოვნება მივანიჭო. როდესაც ასეთი დონის მომღერლები გამოდიან და ქართველ მსმენელს ეფერებიან, რა არის ამაში ცუდი? არასდროს ჩამოვიყვან იმ შემსრულებლებს, რომელთაც საქართველოსთვის ცუდი აქვთ გაკეთებული და ასეთებიც არიან რუსეთში. მაგალითად, გაზმანოვი და სხვანი.

-  პირველ რიგში, ვინ იჯდა აგუტინის კონცერტზე, იქნებ ახლა გვითხრათ?

-  არ მინდა მათი დასახელება, თავად მიხვდებიან. რომ დავინახე, გული გამისკდა და მაშინვე ფოტოგრაფს დავუძახე. მათნაირი დაბოღმილი ადამიანი არ ვარ. ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს. მთელი ცხოვრების განმავლობაში ყელში ჰქონდათ გაჩხერილი დათო ოქიტაშვილი, რატომ აქვს მას კარგი ურთიერთობა და მის დაძახებულზე რატომ ჩამოდიან თბილისშიო. როცა სხვა ორგანიზატორები ურეკავენ, ისინი ეუბნებიან, რომ თბილისში ჰყავთ მეგობარი, დათო, რომელთანაც მუშაობენ და მხოლოდ მასთან ჩამოდიან. რასაკვირველია, ეს სხვა ორგანიზატორებს სწყინთ.

-  პირველ რიგს რომ დავუბრუნდეთ, იქ პოლიტიკოსები ისხდნენ თუ სხვა სფეროს წარმომადგენლები?

-  პოლიტიკის, პრესის წარმომადგენლები, მათი მეუღლეები... ისინი, ვინც დათო ოქიტაშვილს ლანძღავს. დავიღალე... თუ ადამიანს ლანძღავ და მისი გაკეთებული ღონისძიებაც არ მოგწონს, მაშინ კონცერტზე რატომღა მიდიხარ? გააჩუმე სახლში შენი მეუღლე, რომელიც რუს მომღერლებს ლანძღავს. არა უშავს, ამას უკვე მიჩვეული ვარ. სასაცილოდ არ მყოფნის რუსი შემსრულებლების ლანძღვა. ნუ აყენებენ იმ ადამიანებს შეურაცხყოფას, რომლებიც ამ კონცერტებზე დადიან. არავინ ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის და რუსეთზე ვგიჟდებითო. შეიძლება, ჩემზე მეტად რუსეთი არავის სძულს, მაგრამ რუსი სიდედრი მყავს და რა ვქნა, მოვკლა?!.

-  რუსმა შემსრულებლებმა შეიტყვეს იმ კრიტიკის შესახებ, რაც მათ კონცერტებს მოჰყვა თბილისში?

-  მე თავად ვუთხარი და მოკვდნენ სიცილით, ჩვენ ხომ არ დაგვიბომბავს საქართველოო. როდესაც უწმინდესმა მიიღო ლაიმა ვაიკულე, ამით არ დასრულდა ამ თემაზე ლაპარაკი? საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამშობლოს მოღალატეებს და მკვლელებს რეზიდენციაში არ იღებს!.. რაღაცას რომ ამბობ, ცოტა ხომ უნდა დაფიქრდე. თანაც, ლაიმა რუსი კი არა, ბალტიისპირელია.

-  კიდევ ვის ჩამოყვანას აპირებთ?

-  ახლა ვმუშაობ თამარ გვერდწითელის ფესტივალზე, რომელიც 8-15 აგვისტოს ბათუმში გაიმართება. კონკრეტულ პროგრამას ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ თამრიკოს უნდა, თავის სამშობლოში ჩამოიყვანოს მსოფლიო დონის ვარსკვლავები, რომლებთანაც მეგობრობს და არა მხოლოდ რუსეთიდან. ასე რომ, ვაგრძელებთ მუშაობას.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია