სერიალიდან - "შუა ქალაქში" მსახიობის, ანა ქურთუბაძის გაუჩინარებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ბევრმა მომწერა: ამ "ტელესპექტაკლს" "მარილი" საერთოდ აღარ აქვს, მხოლოდ რამდენიმე კარგი პერსონაჟიღა დარჩათო. მინდა, მსახიობის თაყვანისმცემლები დავამშვიდო - სულ მალე ანა სერიალს დაუბრუნდება და იმედია, თეკლა ისევ შეძლებს, ხალხს კარგი განწყობილება შეუქმნას...
- არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. ვინაიდან გოგონების გასართობი რაღაცები არ მომწონდა, ძირითადად, ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი. განსაკუთრებით, "ომობანა" მიყვარდა და ამ თამაშით ახლაც სიამოვნებით გავერთობოდი. მახსოვს, ეზოში "შტაბი" გვქონდა აშენებული, სადაც ძალიან ბევრ დროს ვატარებდით; ბოლოს, საშვებიც დავაწესეთ და ამის გარეშე ჩვენს "შტაბში" არავის ვუშვებდით (იღიმის). ვიგონებდით უამრავ თამაშს. ახლა რომ ვაკვირდები, ბავშვებს ასეთი გასართობები აღარ იზიდავთ და ფანტაზია რაღაც სხვა კუთხით უვითარდებათ. მგონი, ახალმა თაობამ ოცნებაც დაივიწყა...
- ვინ არიან შენი მშობლები? მათთან მეგობრობა თუ გამოგდიოდა?
- მშობლებთან ურთიერთობა არასდროს მიჭირდა და ისინი ჩემ მიმართ მკაცრები ნამდვილად არ იყვნენ. დედასთან დღემდე ვმეგობრობ. მას ჩემი ყველაზე უკეთ ესმის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ობიექტურად აფასებს ჩემს ნებისმიერ საქციელს, ამა თუ იმ ნაბიჯს.
- როგორი მოსწავლე იყავი? კლასელებთან, მასწავლებლებთან როგორი ურთიერთობა გქონდა?
- ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი და ამიტომაც იყო, რომ სულ 5-იანებს მიწერდნენ. სკოლა ფრიადზე დავამთავრე, მაგრამ უზომოდ ცელქი ვიყავი და სასწავლებელში ხან ნიღბები, ხან - სალამური, "ბარბები", ბრტყელტუჩა და ა.შ. ანუ ის მიმქონდა, რაც ხელში მომყვებოდა. ამიტომ, ღამით დედა ჩანთას მიმოწმებდა, - ისეთი რამე ხომ არ მიაქვს, რაც არაფერში სჭირდებაო. ამას რომ მივხვდი, ჩანთაში "რეკვიზიტებს" დილით ვალაგებდი და სკოლაში, გაკვეთილის დროს მონოსპექტაკლს ვდგამდი. ჰოდა, ამის გამო უამრავი ხელწერილი მაქვს დაწერილი.
- გამოდის, რომ მსახიობობის სურვილი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს გქონდა...
- ასე იყო. სულ ვთამაშობდი და ხალხს ვუჩვენებდი წარმოდგენას, რომლის რეჟისორიც ვიყავი, მსახიობიც, მხატვარიც და რადისტიც (გამნათებელი)... სკოლის გარდა, მონოსპექტაკლებს ჩემს ეზოშიც ვდგამდი და მასში მეზობელი ბავშვები მონაწილეობდნენ. ერთხელ დასასვენებლად ბახმაროში წამიყვანეს, სადაც დეიდაშვილთან - ხატიასთან ერთად საცირკო წარმოდგენა გავმართე. ვინაიდან ბილეთი უფასო იყო, ჩვენს სახლთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ხატიას დედა - ნათია მეგობართან იყო წასული და შინ დაბრუნებულმა სახლთან ხალხი რომ დაინახა, ძალიან შეეშინდა; ვიდრე გაარკვევდა, რომ მისი გადარეული შვილი დეიდაშვილთან ერთად უბრალოდ გაერთო, თავისი დაემართა...
- გამორჩეულად კარგად რომელ საგანს სწავლობდი?
- ყველა საგანს ერთნაირად კარგად ვსწავლობდი, დაწყებული ფიზიკიდან, დამთავრებული ისტორიით. ეს კი ალბათ, ჩემი არაჩვეულებრივი სკოლისა და მასწავლებლების დამსახურება იყო - მე-6 გიმნაზია დავამთავრე. თუმცა, მათემატიკა გამორჩეულად მიყვარდა და დღემდე მიყვარს.
- "შატალოზე" ხშირად დადიოდი? ოდესმე გაკვეთილის გაცდენის ინიციატორი თავად თუ ყოფილხარ?
- "შატალოზეც" ხშირად დავდიოდი. უზნეო მოსწავლე ვიყავი, მაგრამ ვინაიდან ძალიან კარგად ვსწავლობდი, აღარ მსაყვედურობდნენ... სხვათა შორის, "შატალოს" ინიციატორი თითქმის ყოველთვის მე ვიყავი. კლასელები მივდიოდით ზოოპარკში - უკანა მხარეს, კედლიდან შესაპარი იყო და იქიდან შევდიოდით ხოლმე (იღიმის).
- თუ შეგიძლია, გაიხსენე რომელიმე ექსკურსია, რომელიც კარგად დაგამახსოვრდა.
- ექსკურსიაზე ხშირად დავდიოდით, მაგრამ ყველაზე მაგრად დამამახსოვრდა პირველი ორდღიანი ექსკურსია დავითგარეჯაში. მაშინ კლასელებმა კარგი დრო ვატარეთ.
- რასთან ასოცირდება შენთვის სიტყვები: "გარდატეხის ასაკი"? ამ ასაკში შენ რა მხრივ შეიცვალე?
- გარდატეხის ასაკში საკუთარი თავი არ მომწონდა, უფრო მეტიც - ყოველდღე ახალ-ახალ ნაკლს ვპოულობდი ჩემს გარეგნობაში; საშინელი ხასიათი მქონდა, მოულოდნელად "ვფეთქდებოდი" ხოლმე. ის დრო რომ მახსენდება, მეცინება.
- მოზარდს რაიმე გატაცება, ჰობი ხომ არ გქონდა?
- ბავშვობაში ჩემი ერთ-ერთი ჰობი ველოსიპედით სეირნობა იყო. სხვათა შორის, ახლაც მყავს ველოსიპედი და ხშირად ვსეირნობ, ზოგჯერ კი თეატრშიც ამ ტრანსპორტით მივდივარ ხოლმე.
- როგორც ვიცი, პატარაობისას გქონდა სურვილი, ნაყინის გამყიდველი ყოფილიყავი. ახლა, როცა უკვე მსახიობი ხარ, შეგიძლია, ეს ოცნება სულ ადვილად აიხდინო - ამაზე არ გიფიქრია თუ ნაყინის გამყიდველის ამპლუის მორგების სურვილი აღარ გაქვს?
- ჰო, მართალი ხარ, ბავშვობაში მინდოდა, ნაყინის გამყიდველი ვყოფილიყავი. ეს რა კარგი რამ გამახსენე და მითხარი: სიამოვნებით შევასრულებდი ნაყინის გამყიდველის როლს სცენაზე ან გადასაღებ მოედანზე...
- წიგნის კითხვა თუ გიყვარდა? გაიხსენე წიგნი, რომელიც პირველად წაიკითხე ან რომელმაც შენზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.
- წიგნები ძალიან მიყვარდა და ახლაც ძალიან მიყვარს. მახსოვს, ბავშვობაში "პეპი" რომ წავიკითხე, ამ წიგნმა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. მიმაჩნია, რომ "პეპი" ყველა ასაკის ადამიანმა უნდა წაიკითხოს... ასევე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ჯერომ სელინჯერის ნაწარმოებმა - "თამაში ჭვავის ყანაში". პატარა ვიყავი, ეს წიგნი რომ წავიკითხე და მას შემდეგ, მგონი, წელიწადში ერთხელ ვკითხულობ ხოლმე.
- კლასში "სასტავებად" თუ იყავით დაყოფილები? საინტერესოა, მეგობრებს რის მიხედვით ირჩევდი და ახლა რის მიხედვით ირჩევ?
- მეგობრების არჩევას რაც შეეხება: მყავს მეგობრები, რომლებთან ერთადაც ფაქტობრივად, გავიზარდე და ისინი თავის დროზე, ჩემი კლასელები იყვნენ... მოგვიანებით შეძენილი სულ რამდენიმე მეგობარი მყავს. საერთოდ, ძალიან მიჭირს, ახალგაცნობილ ადამიანს მეგობარი ვუწოდო.
- მოზარდი ალბათ, ბიჭებისკენაც აპარებდი თვალს. საინტერესოა, შენ და შენს მეგობრებს როგორი ბიჭები მოგწონდათ? ვინ იყვნენ თქვენთვის "მაგარი ტიპები"?
- ჩემი კლასელი გოგონები რომ იპრანჭებოდნენ, მე ბიჭებთან მხოლოდ "ვძმაკაცობდი". საკმაოდ გვიან დავიწყე გაპრანჭვა. თავიდან "ძველი ბიჭები" მომწონდა, - ისეთი ტიპები, რომლებიც მოხრილები დადიოდნენ და თვალები ცოტა "დახუჭული" ჰქონდათ (იღიმის). მერე ნელ-ნელა გემოვნება შემეცვალა და უფრო საინტერესო ბიჭებისკენ გამექცა თვალი.
- რით განსხვავდებოდი თანატოლებისგან? საკუთარ იმიჯზე განსაკუთრებულად ხომ არ ზრუნავდი?
- თანატოლი გოგონებისგან იმით განვსხვავდებოდი, რომ ისინი იპრანჭებოდნენ, მე - არა. იმ პერიოდში მოდაში რა იყო, არ მახსოვს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ მაშინაც და ახლაც იმას ვიცვამ, რაც მომწონს და რაშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ.
- სვირინგის გაკეთების სურვილი არასდროს გქონია?
- არა. სვირინგის ქონის დიდი სურვილი არ მაქვს და სიმართლე გითხრა, არც ის ვიცი, ტატუს გაკეთება რომ მომინდეს, რა უნდა დავიხატო. ჰოდა, უაზროდ, მხოლოდ იმიტომ, რომ ტატუ მქონდეს, სხეულს ვერ მოვიხატავ...
- პირსინგი უკვე მოწიფულ ასაკში გაიკეთე - ბავშვობის ოცნება აიხდინე თუ უბრალოდ, ახლა გაგიჩნდა წარბის გახვრეტის სურვილი?
- ჰო, პირსინგი დაახლოებით, 6 თვის წინ გავიკეთე. ამით არც ბავშვობის ოცნება ამიხდენია და არც - ახლანდელი. უბრალოდ, ერთ დღეს გავიღვიძე და მომინდა, წარბზე პირსინგი მქონოდა, სილამაზის სალონში წავედი და გავიკეთე.
- ბავშვობაში ვისი ფანი იყავი?
- ბავშვობაში ისევე, როგორც ახლა, მერილ სტრიპის ფანი ვიყავი. ვგიჟდები ამ ქალზე და ოცნება მაქვს, მასთან ერთად ვიმუშაო. ასევე, ბავშვობიდან მქონდა ოცნება, სამ ქართველ მსახიობთან ერთად მეთამაშა. ესენი არიან: მიშა გომიაშვილი, ზურა ყიფშიძე და რეზო ჩხიკვიშვილი. რეზოსთან ერთად სპექტაკლში უკვე ვითამაშე: მამა-შვილი განვასახიერეთ სპექტაკლში - "მუსიკის ჰანგები"; მიშა გომიაშვილთან ერთად ახლა ვმუშაობ ერთ-ერთ სპექტაკლზე, რომლის პრემიერა ძალიან მალე გაიმართება და აუცილებლად დაგპატიჟებთ (იღიმის). აი, ზურა ყიფშიძესთან ერთად მუშაობა კი ჯერჯერობით, ვერ მოვახერხე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ოცნებაც ამიხდება.
- თაყვანისმცემლებს შენთან ურთიერთობის საშუალებას თუ აძლევ? იქნებ მათ გაურბი და სხვების მსგავსად, ფიქრობ, რომ პოპულარობა დამღლელია?
- მათ ნამდვილად არ გავურბივარ, პირიქით - ნებისმიერი ჩემი თაყვანისმცემლის აზრი მაინტერესებს. იმისთვის ვშრომობ, რომ მაყურებელს მივანიჭო სიამოვნება - ამას ჩემი პროფესია მავალდებულებს. ხშირად კრიტიკასაც ვიღებ და ხალხის მოსაზრებას შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებ.
- შენს მავნე ჩვევებზე რა შეგიძლია, გვითხრა?
- ერთი მავნე ჩვევა მაქვს - დილით სახლიდან სველი თმით გავდივარ. ფენით ვერ ვიშრობ - ისედაც "აფეთქებული" თმა მაქვს და ფენი რომ გამოვიყენო, ალბათ მარტო თმა ვივლი (იცინის).
- რას ნიშნავს შენთვის ინტერნეტი, სოციალური ქსელი? და საერთოდაც, რას ფიქრობ ვირტუალურ ურთიერთობაზე?
- როცა ისეთ ნაცნობებს, რომლებიც შეიძლება, რამდენიმე თვე არ მყავდეს ნანახი, facebook-ით ველაპარაკები, მიჩნდება შეგრძნება, თითქოს მათ ყოველდღე ვხვდები... მაგრამ რა ვქნა, მაინც არ მიყვარს ეს ვირტუალური ურთიერთობა. ბოლო დროს ადამიანები ერთმანეთის მიმართ გაცივდნენ, ინტერნეტი კი ამ ყველაფერს კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს.
- შენი აზრით, დღევანდელი მოზარდები შენი თაობის თინეიჯერებისგან რით განსხვავდებიან ან რა საერთო დამახასიათებელი თვისებები აქვთ?
- ახალი თაობის წარმომადგენლები უფრო მეტად თამამები არიან, თავს ნაკლებად იზღუდავენ. თუმცა, აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ რეალურ ურთიერთობას გაურბიან (ცხადია, ყველას არ ვგულისხმობ) და ყველაფრის მოგვარებას "facebook"-ით ცდილობენ. სიყვარულის ახსნა, შერიგება, დაშორება, გაბრაზება, სიხარულის მინიჭება - ამ ყველაფერს ვირტუალურ სამყაროში აკეთებენ. ისე გამომივიდა, თითქოს ჩვენ შორის ძალიან დიდი ასაკობრივი სხვაობაა, მაგრამ რა ვქნა, ეს ყველაფერი არ მომწონს.
- რას დაარქმევდი შენი თაობის წარმომადგენლებს?
- ჩემი თაობის შესაფასებლად რაიმე კონკრეტულ სიტყვას ვერ დაგისახელებთ, მაგრამ მჯერა, რომ ჩემი თაობა რაღაც ახალს და თანაც - ძალიან დიდს შექმნის.
- რას ურჩევ იმ მოზარდებს, რომლებსაც მსახიობობა აქვთ გადაწყვეტილი?
- როცა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება გადავწყვიტე, გარშემო მყოფი უფროსი ასაკის ადამიანები მეუბნებოდნენ, რომ კარგი იქნებოდა, თუ გადაწყვეტილებას შევიცვლიდი. ხშირად მესმის მსახიობებისგან, რომ არ სურთ, მათი შვილიც არტისტი გახდეს... ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი პროფესია მაქვს და ჩემი ცხოვრება საინტერესოა სწორედ იმიტომ, რომ მსახიობი ვარ. შემიძლია, სხვადასხვა პერსონაჟის ცხოვრებით ვიცხოვრო - ეს კი საინტერესო და ამავდროულად, საოცრად სასიამოვნო პროცესია. როცა რაღაცას ცდილობ, წვალობ და საბოლოოდ, შენი გმირის გამოძერწვას დაასრულებ, მერე უკვე შორიდან უყურებ, რა გამოგივიდა და თუ ყველაფერი რიგზეა, საოცარ სიამოვნებას გრძნობ... იმ ადამიანებს, ვისაც არტისტობის სურვილი აქვთ, მხოლოდ ერთ რამეს ვურჩევ: ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებენ, კარგად დაფიქრდნენ, მსახიობობა ნამდვილად უნდათ თუ არა...
- რა სიახლეა შენს შემოქმედებაში, ცხოვრებაში? "შუა ქალაქში" ისევ როდის გამოჩნდება შენი გმირი?
- თეკლა ეკრანზე სულ მალე გამოჩნდება. მიხარია, ხალხს ჩემი გმირი თუ მოენატრა. სიმართლე გითხრათ, თეკლა მეც მენატრებოდა (იღიმის). რაც შეეხება სიახლეს: მიშა გომიაშვილთან, გიორგი ზანგურთან და რეჟისორ ტატა პოპიაშვილთან ერთად ვმუშაობ ამელი ნოტომის პიესაზე: "საწვავი". დარწმუნებული ვარ, საინტერესო სპექტაკლი გამოვა...
- დაბოლოს, ვინ არის დღეს ანა ქურთუბაძე და ვინ იყო ის წლების წინ?
- დღეს ანა ქურთუბაძე არის ის, ვინც იყო წლების წინ, უბრალოდ - კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, გამოცდილებაც მოემატა და უფრო მეტად ენერგიული გახდა. ის არის გოგონა, რომელსაც აქვს სურვილი, თავის პროფესიაში რაც შეიძლება მეტი საქმე გააკეთოს..
ლიკა ქაჯაია
(გამოდის ხუთშაბათობით)