Wall Street Journal - საქართველო აშშ-ში ლობისტურ შეტევას იწყებს

Wall Street Journal - საქართველო აშშ-ში ლობისტურ შეტევას იწყებს

"საქართველო ამერიკაში ლობისტურ შეტევას იწყებს", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა Wall Street Journal ჯეი სოლომონის სტატიას. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ ამ კვირაში კაპიტოლიუმზე იერიში მიიტანა განმარტებებით, რომელშიც აღნიშნული იყო თბილისის ერთგულება ირანის შეზღუდვებზე და ხაზგასმული იყო საქართველოს პროდასავლური პოზიციები.

"საქართველოს ლობისტური ძალისხმევა, რომელსაც ვაშინგტონში Patton Boggs LLP ხელმძღვანელობს, ამერიკელი კონგრესმენების ძალისხმევის ფონზე ხდება - შეამცირონ თბილისისთვის ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა", - წერს ჯეი სოლომონი.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ 2012 წლის ოქტომბერში ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აშშ-ის ბოლო ათწლეულის მოკავშირის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ათობით მაღალჩინოსანი დააკავეს, მათ შორის ოცზე მეტი ამ კვირაში.

"ზოგიერთი ამერიკელი კონგრესმენი შიშობს, რომ ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერი ბიზნეს მაგნატი, რომელსაც მოსკოვთან მყარი ურთიერთობები აქვს, პრეზიდენტს პოლიტიკურ მომხრეებს აშორებს, რათა საქართველო ისევ უკან, რუსეთის სტრატეგიულ ალიანსში დააბრუნოს", - წერს ჯეი სოლომონი.

როგორც Wall Street Journal -ის ჟურნალისტი აღნიშნავს, ბოლო წლებში თბილისმა ერაყისა და ავღანეთის ომში აშშ-ის დასახმარებლად ათასობით სამხედრო გააგზავნა. საქართველო ასევე ისწრაფვის ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისკენ.

"როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ზომები ყოფილი მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ნაწილობრივ პოლიტიკურად მოტივირებულია და, შესაძლოა, ამან მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონიოს აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობაზე", - ციტირებს სტატიის ავტორი აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის მიერ ამ თვეში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან ამონარიდს და დასძენს, რომ ობამას ადმინისტრაცია ასევე შეშფოთებული იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში ირანული ფულის საგრძნობი მატებით, რომელიც საქართველოდან მოედინება.

ჯეი სოლომონი ასევე იხსენებს, Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ ამასწინანდელ სტატიას, სადაც აღნიშნული იყო, რომ ირანი, რომელსაც აშშ-მა და ევროპამ ბირთვული პროგრამისთვის სანქციები დაუწესა, სანქციებისთვის თავის არიდებას საქართველოს მეშვეობით ცდილობდა.

"ივანიშვილის მთავარობამ, რომელმაც Patton Boggs-ის მეშვეობით კონგრესმენებსა და ლობისტებს განმარტებები გაუგზავნა, პირობა დადო, რომ საქართველოდან და კავკასიის რეგიონიდან ირანული ფულის გადინებას შეაჩერებდა. ივანიშვილის მთავრობა ასევე ცდილობდა სააკაშვილის დადანაშაულებას იმ პოლიტიკისთვის, რომელმაც ირანული ინვესტიციების გაზრდა გამოიწვია. მათ გადახედეს 2011 წლის თბილისის გადაწყვეტილებასაც - საქართველოში შემომავალი ირანელებისთვის ვიზების გაუქმების გადაწყვეტილებაზე", - წერს ჯეი სოლომონი.

"2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მისი "ქართლი ოცნება" ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების სრულად შესრულებაზე მუშაობს და ცდილობს, წინა მთავრობის მიერ ირანთან დამყარებული ურთიერთობის შემცირებას", - ციტირებს სტატიის ავტორი Patton Boggs-ის მიერ მომზადებული განმარტებიდან ამონარიდს და დასძენს, რომ განმარტებაში ასევე აღნიშნულია, რომ თბილისი აძლიერებს ძალისხმევას - აღკვეთოს საქართველოს ბანკებში უკანონო ირანული ფულის ტრიალი.

სტატიის ავტორი ასევე ციტირებს აშშ-ში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის განცხადებას, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ირანელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას გეგმავს.

ჯეი სოლომონი ასევე იხსენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამასწინანდელ განცხადებას, რომ საქართველო ავღანეთის მისიაში მონაწილეობის ერთგული რჩება ისევე, როგორც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის მიმართ, როგორც ეს სააკაშვილის დროს იყო.

"ჩვენი არჩევანი ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაა. ნებისმიერი მთავრობის მმართველობის ქვეშ ჩვენ ამ არჩევანის ერთგული დავრჩებით, რადგან ეს გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა მიიღო", - ციტირებს სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს.

როგორც ჯეი სოლომონი აღნიშნავს, სააკაშვილის მხარდამჭერები და კონგრესის ბევრი წევრი საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის სიტყვების მიმართ ერთობ სკეპტიკურად არის განწყობილი.

"ისინი ამბობენ, რომ პრეზიდენტის ათობით მთავარი მოკავშირის, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკავებამ, საბჭოთა კავშირის დროინდელი დაჭერები მოაგონათ", - წერს სტატიის ავტორი და ვაშინგტონელი ლობისტის, სააკაშვილის მთავრობის მრჩევლის მაიკლ გოლდფარბის სიტყვებს ციტირებს. იგი აცხადებს, რომ როგორც კი ივანიშვილის მთავრობა მოვიდა, მაშინვე ოპოზიციის წევრებისა და იმ ადამიანების დაკავება დაიწყო, რომლებიც წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდნენ აშშ-სთან რეგიონურლი უსაფრთხოების, მათ შორის ირანის საკითხებზეც.

"ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უარყოფს, რომ სააკაშვილის ოპოზიციური პარტიის წევრებს პოლიტიკური მოტივებით აპატიმრებს. ისინი აცხადებენ, რომ გასულ წელს, საარჩევნო კამპანიისას საქართველოს კორუფციისგან გაწმენდის პირობა დადეს და ახლა ამ ვალდებულებას ასრულებენ", - წერს ჯეი სოლომონი.

მომზადებულია Wall Street Journal-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა