უნდა იმსახურონ თუ არა ქართველმა ჯარისაცებმა ISAF-ის მისიაში, საქართველოს გადასაწყვეტია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ISAF-ის იპერაციის მეთაური, გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განუცხადა.
ჯოზეფ დანფორდის თქმით, ის მიესალმება ქართველი ჯარისკაცების სამსახურს ISAF-ის მისიაში 2014 წლის შემდეგაც, რადგან ქართული კონტინგენტი გამოირჩევა პროფესიონალიზმითა და კომპეტენტურობით.
"რასაკვირველია ის გადაწყვეტილება, რომ უნდა იმსახურონ თუ არა ქართველმა ჯარისკაცებმა ISAF-ის მისიაში, არის თავად საქართველოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება. მე, როგორც ISAF-ის სარდალი, შემიძლია, მხოლოდ მივესალმო ქართველების სამსახურს ISAF-ის მისიაში, მათ შორის 2014 წლის შემდეგაც, ვინაიდან, ეს არის კონტინგენტი, რომელიც გამოირჩევა პროფესიონალიზმით, კომპეტენტურობით და მას შეუძლია უნიკალური წვლილის შეტანა ავღანეთში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში", - აღნიშნა ჯოზეფ დანფორდმა.
დანფორდი გაზეთ "NEW YORK TIMES"-ში ქართველი ჯარისკაცების მისამართით გამოქვეყნებულ სტატიასაც გამოეხმაურა "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის კობა ლიკლიკაძის შეკითხვაზე, თუ რატომ არავინ უარყო ოფიციალურად ის ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნდა "ნიუ იორკ თაიმსში", რომლის მიხედვითაც, ქართველი ჯარისკაცები მძარცველები, ქურდები არიან და ცუდი ურთიერთობა აქვთ ავღანელ ხალხთან, გენერალმა დანფორდმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ განცხადების გაკეთებას აპირებდა დღეს.
მისივე თქმით, გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან ქართველი ჯარისკაცები არიან პროფესიონალები, მამაცები და კარგი ურთიერთობა აქვთ ავღანელ ხალხთან.
"ზუსტად ამას გავაკეთებ ახლა, უარვყოფ იმ განცხადებას, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთში. პირადი გამოცდილებით, საქართველოს არმიასთან ურთიერთობის 20 წლის საფუძველზე შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ამას ადასტურებს ის 10 წელი, რომელიც მე ვმსახურობ ქართულ სამხედროებთან ერთად ჯერ ერაყში, შემდეგ კი ავღანეთში. ქართველი ჯარისკაცები არიან კომპეტენტურები, სრულიად პროფესიონალურები და მამაცები. ნამდვილად, ავღანელ ხალხთან კარგი ურთიერთობა აქვთ ქართველ ჯარისკაცებს", - აღნიშნა ჯოზეფ დანფორდმა.
ISAF-ის გენერალი ჯოზეფ დანფორდი ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე ერთ-ერთი მომხსენებელია.
კონფერენციის მთავარი თემაა "ISAF-ის ოპერაცია - პროგრესი და მომავლის ერთიანი ხედვა".