ალბათ, ყველას გვახსოვს შარშან, 13 მაისს, ჩვენს დედაქალაქში დატრიალებული ტრაგედია, როცა კოკისპირული წვიმის გამო მოვარდნილ ღვარცოფს 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - 2 ბავშვი. იმ დღეებში ბევრი ამბობდა, რომ წყალდიდობას საქართველოს მთავრობა სრულიად მოუმზადებელი შეხვდა. ითქვა ისიც, რომ თბილისში წყალდიდობის წინასწარი პროგნოზირება შესაძლებელი იყო, რაც ამ ტრაგედიას თავიდან აგვაცილებდა. სპეციალისტების თქმით, არსებობს ოფიციალური სამეცნიერო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, თბილისში ათეულობით რისკის ზონაა აღრიცხული. ამჯერად როგორი სიტუაციაა დედაქალაქში, არის თუ არა გამართული სანიაღვრე სისტემები და რამდენად არის დაცული ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა? - ამ საკითხებზე გვესაუბრება პარტია "ქართული ოცნების" ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი უჩა კანდელაკი, რომელიც აღნიშნულ თემაზე მუშაობდა:
- გზების, სანიაღვრე სისტემებისა და საერთოდ, ამ სფეროს მოწესრიგება ძალიან ძვირი სიამოვნებაა. რატომ არის საქართველოში და მის დედაქალაქში ამ მხრივ რთული სიტუაცია? - ამის ასახსნელად ერთ მაგალითს მოვიშველიებ: ჩემს ნაცნობებს აქვთ კომპანია, რომელსაც გზების დახაზვა ევალება. ბოლო წლებში მათ პრობლემა ექმნებოდათ იმის გამო, რომ ღებავდნენ ძვირად ღირებული საღებავით, ტენდერში კი იმარჯვებდნენ ის კომპანიები, რომლებიც იაფფასიან საღებავს იყენებდნენ. იაფი საღებავი ღირს 30 ლარი, ძვირი კი - 90 ლარი, მაგრამ გამძლეობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ძვირად ღირებული საღებავის გამოყენება გაცილებით მომგებიანია - ძვირი საღებავის გარანტია სამი წელია, იაფისა კი სამი თვე... რატომ ირჩევდა ძველი მთავრობა წამგებიან ვარიანტს? - იმიტომ, რომ ამ კომპანიების წყალობით დიდ ფულს შოულობდა - მათი გაკეთებული მალე ფუჭდებოდა და საჭირო იყო სამუშაოების ხელახლა ჩატარება. ზუსტად ასე ხდებოდა სანიაღვრეებისა თუ სხვა სისტემების "მოწესრიგებაც" მთელ ქვეყანაში. ყველგან ერთი პრინციპი მოქმედებდა: იქ, სადაც გაწერილი იყო თანხა 100 ლარი, აკეთებდნენ 10 ლარად და უხარისხოდ. სამაგიეროდ, უფრო მეტი თანხის შოვნა შეიძლებოდა. გაგახსენებთ, აეროპორტის გზატკეცილზე ლამის ყოველ თვეში იცვლებოდა ბორდიურები. ხომ შეიძლებოდა ერთხელ გაეკეთებინათ და ხარისხიანად, მაგრამ ნურას უკაცრავად! - ამ გზით "ნაციონალები" სერიოზულ ფულს შოულობდნენ.
- თუ გაქვთ ინფორმაცია, რა მდგომარეობაშია ჩვენი დედაქალაქის სანიაღვრე სისტემები?
- რაც შეეხება სანიაღვრეებს - რამდენჯერაც დიდი წვიმა მოვიდა, ამ სისტემამ ვერც ერთხელ ნორმალურად ვერ იმუშავა და ყოველთვის სავალალო შედეგი მივიღეთ. აქაც იგივე პრინციპი მოქმედებდა: ყველაფერი კეთდებოდა უხარისხოდ, მხოლოდ პიარისათვის, სხვების დასანახად. დედაქალაქში არ არის ახალი სანიაღვრეები, ეს არის მოძველებული, საბჭოთა პერიოდში შექმნილი სისტემა, რომელსაც მუდმივი განახლება სჭირდება. ასე რომ, დედაქალაქი ამ მხრივ დაცული არ არის. დიდი ნალექი რომ მოვიდეს, იგივე განმეორდება, რაც შარშან ორთაჭალაში მოხდა. სანიაღვრე სისტემები და ინფრასტრუქტურა გამართული რომ ყოფილიყო, 13 მაისს ტრაგედია არ დატრიალდებოდა. მართალია, ორთაჭალა ძველი უბანია, იქ ძალიან ძველი ჯებირებია, რომლებმაც მტკვრის ტალღებს ვერ გაუძლო და ჩამოინგრა, მაგრამ სანიაღვრე სისტემას უფრო გამართულად რომ ემუშავა, ასეთ მძიმე შედეგს არ მივიღებდით. თუმცა სტიქიისაგან დაზღვეული არავინ არის, შეიძლება ისეთი ნალექი მოვიდეს, ვერც ერთმა სანიაღვრე სისტემამ ვერ გაუძლოს, მაგრამ ქალაქი მსგავს შემთხვევებს მომზადებული უნდა დახვდეს. მით უმეტეს, რომ თბილისს ყოველთვის ჰქონდა ისეთი ბიუჯეტი, რომლის წყალობით მსგავსი პრობლემების მოგვარება თავისუფლად შეიძლებოდა.
ცენტრალურ უბნებს კიდევ არა უშავს, გარეუბნებში კი ამ მხრივ კატასტროფული სიტუაციაა. რა ხდებოდა ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად ბოლო წლებში? - ვითომ აწესრიგებდნენ სანიაღვრე სისტემებს, მაგრამ იმიტომ, რომ მერე იქ 50 ვიდეოკამერა მიეყვანათ და გადაეღოთ. ეს გახლდათ ფასადური "აღმშენებლობა". რაც საკუთარ რეკლამაში აქვთ დახარჯული, იმის ნახევარი გონივრულად რომ დაეხარჯათ, სანიაღვრე სისტემები ახლა მთლიანად მოწესრიგებული და გამართული იქნებოდა. თბილისის ძველ, 1970-80-იან წლებში აგებულ სანიაღვრე სისტემებს ნორმალურად განახლებაც კი არ ღირსებია. საბედნიეროდ, ჩვენს დედაქალაქს ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რომ აქ ისეთი არაფერი მოხდება, მთელი ქალაქი კატასტროფის წინაშე დადგეს, მაგრამ კონკრეტულ რაიონებში ყოველთვის იქნება იმის საშიშროება, რაც შარშან ორთაჭალაში მოხდა.
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)