მსახიობი და ტელეწამყვანი მაკა შალიკაშვილი რუბრიკა "ფსიქოს" ერთ-ერთი საინტერესო სტუმარია. მართალია, მის კარიერაში ამ ეტაპზე დიდი ცვლილებები არ არის, თუმცა გვიმხელს, რომ როგორც ქალს დიდი გეგმები აქვს და შვილის გაჩენას აპირებს.
- მაკა, გადაცემა "მზესუმზირების" დახურვის შემდეგ რითი ხარ დაკავებული?
- ამჟამად ვმუშაობ აჭარის ტელევიზიაში. დილის ეთერში მიმყავს რუბრიკა "ბათუმური ისტორიები". სიახლე მეტი არაფერია, თუმცა ველოდები. მოსკოველები იღებენ სერიალს, სადაც უკვე გავიარე სინჯები. იმედია, დადებითი პასუხი მომივა.
- რა შინაარსის იქნება სერიალი?
- ეს იქნება მხატვრულ-დოკუმენტური სერიალი. ძალიან საინტერესო და კარგი როლია, თუ დამამტკიცეს, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩემთვის.
- თეატრში დაბრუნება არ გიცდია?
- ჩემი დიდი სურვილია, აღვიდგინო თავი თეატრში. გადაცემა "მზესუმზირების" გამო ვერ ვახერხებდი რეპეტიციებზე სიარულს და არ ვიყავი ისე დაკავებული, როგორც წლების წინ. ახლა გადაცემაც დაგვიხურეს და, რა თქმა უნდა, მინდა თეატრს დავუბრუნდე. ის ენერგია, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში დამიგროვდა, მინდა, ისევ სცენაზე დავხარჯო.
- თავის დროზე რატომ არჩიე ტელევიზია თეატრს?
- თეატრი ანაზღაურების გამო დავთმე, სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. თავიდან მეგონა, ორივეს შევძლებდი, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დავდექი, ეს შეუძლებელი გახდა. ყოველდღე ეთერში იჯდე და თან თეატრში რეპეტიციებზე იარო - არ გამოვა. თუმცა, მაინც მოვახერხე და შევძელი "დეკამერონში" თამაში, ასევე ილიაუნის თეატრში.
- პირად ცხოვრებაში ხომ არ გაქვს სასიამოვნო სიახლე?
- სასიამოვნო სიახლე არ არის. მე თვითონაც არ ვარ მზად ოჯახის შესაქმნელად. თუმცა არც არავინ ჩანს, ჯერ უნდა გამოჩნდეს, რომ მერე სურვილი გაგიჩნდეს. ისე კი ძალიან მინდა მეორე შვილი. რაც ასაკი მემატება, მით უფრო მადლიერი ვარ მშობლების, რომ ორი და ვართ. ალბათ, თინათინიც ასე იქნება წლების მერე, თუ დედმამიშვილს გავუჩენ. შვილის გაჩენაზე კარგს ქალი ვერაფერს გააკეთებს. მესმის, რომ ძალიან ძნელია, უდიდესი პასუხისმგებლობაა ჩემთვის კიდევ ერთი შვილის გაზრდა, მაგრამ ეს კარგი საქმე იქნება.
- წარმოიდგინე, რომ შენი შვილის მამის არჩევის საშუალება გაქვს, ვის აირჩევდი?
- ალ პაჩინოს გავუჩენდი შვილს. ჩემზე ბევრად უფროსია და ასეთი ასაკობრივი სხვაობის დროს ძალიან ჭკვიანი ბავშვები გამოდიან. თან მას შვილი არ ჰყავს. ალ პაჩინოსა და მაკა შალიკაშვილის შვილი საოცარი გამოვა. თან ალ პაჩინო დაბალია, მე მაღალი და ჯიშს გამოვუკეთებდი (იცინის).
- წარმოიდგინე, რომ ყოფილი მეუღლე (რატი გოგუაძე) პატიებას და მასთან დაბრუნებას გთხოვს.
- ეს სულ არ არის მოულოდნელი. არ ვიტყვი, რომ გავგიჟდები და გადავირევი, პირიქით - დავფიქრდები. სხვათა შორის, ამ ბოლო დროს ძალიან "გამაიმუნდა", ამიტომ ვიფიქრებდი, რომ ღადაობს და ბევრს ვიცინებდი. თუმცა, თუ ისე ვეყვარები, როგორც ადრე, რა თქმა უნდა, შევურიგდები.
- რატის "გამაიმუნებაში" რას გულისხმობ?
- ახლა უფრო კარგი გახდა, უფრო გულღია. ის დაძაბულობა, რაც დაშორების შემდეგ გვქონდა, ახლა აღარ გვაქვს. მეგობრულად ვართ, სულ ვიცინით. არ მაქვს ბოღმიანი გული და ის წყენა, რაც იყო, უკვე აღარც მახსოვს. როცა რატის ვხედავ, სულ პირზე ღიმილი გვაქვს ორივეს.
- ხომ არ მოგენატრათ ერთმანეთი?
- ის ოჯახური სიტუაცია არ მოგვნატრებია, მაგრამ რა თქმა უნდა, მენატრება და ალბათ, მასაც ვენატრები ხოლმე. ორივე მაგარი ტიპები ვართ და როგორ შეიძლება, ერთმანეთი არ მოგვენატროს. ჩვენი შვილი მამას ძალიან ჰგავს. მას რომ ვუყურებ, რატი მახსენდება ხოლმე.
- წარმოიდგინე, იღვიძებ და აღმოაჩენ, რომ გია ჯაჯანიძე მართლა შენი მეუღლეა...
- ჩემი ჯაჯუნა? მაგარი იქნება! ჩვენ ვიქნებით საყვარელი და მეგობრული ცოლ-ქმარი. თავის დროზე ეს ჭორი იმიტომ აგორდა, რომ ალბათ, შინაგანად გვიყვარს ერთმანეთი. გია ჩემი ქმარიი?! სიხარულისგან გული გამისკდება, აუ, ცოტა ხანი შემდეგი კითხვა აღარ დამისვა, მაცალე ბედნიერებით ტკბობა (იცინის)!
- ვხედავ, სხეულზე სვირინგები გაქვს...
- მხარზე გავიკეთე დროებითი ტატუ, მაგრამ მუდმივი აღმოჩნდა, ახლა საშინლად არ მომწონს. ყველას მივმართავ, რომ საქართველოში დროებით ტატუს ნუ გაიკეთებენ, რადგან ის მუდმივად დარჩებათ. მხარზე აუცილებლად უნდა მოვიცილო, ეს პატარა ვარსკვლავები კი ძალიან მომწონს.
- ვარსკვლავი რატომ ამოისვირინგე?
- იმიტომ, რომ ვარსკვლავი ვარ (იცინის). საზოგადოება მხოლოდ ერთი კუთხით მიცნობს, არადა, სრულიად სხვანაირიც ვარ. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ არ მაქვს დარდი და სევდა, მაგრამ ეს ხომ ასე არ არის?! ეეჰ, თქვენ ხომ არ იცით, ჩემს გულში რა ტრიალებს?.
- საშუალება რომ მოგეცეს, რას შეცვლიდი საკუთარ თავში?
- ახლო მომავალში ვაპირებ ცვლილებების შეტანას გარეგნობაში. ერთ-ერთ გადაცემაში გავლამაზდები. საერთოდ, მეშინია სიბერის. გულს რომ უნდა და სხეული არ მოგყვება, ეგ მაგიჟებს.
- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?
- ჩემი სამომავლო გეგმები ის არის, რომ მინდა შვილის გაჩენა და თეატრში დაბრუნება.
ფსიქოლოგის დასკვნა
ლევან ოდიშარია - ფსიქოლოგი: - ემოციურად ცვალებადი ხასიათის პატრონია. აქვს მაღალი გუნება-განწყობა და დომინანტია. აქტიური ცხოვრებისეული პოზიციები უკავია. მიზანსწრაფულია და აქვს არსებული ტენდენციების კარგი შეგრძნება.
მაკა ქობალია
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)