ფლუგერი სახლის სახურავზე მაგრდება, ქარის მიმართულებასა და სიჩქარეს უჩვენებს და იმავდროულად მეხამრიდის ფუნქციასაც ასრულებს. ის ანძაზე დამაგრებული, თავისუფლად მოძრავი ფირფიტაა, თუმცა დეკორატიული დანიშნულებაც აქვს და საკუთარ სახლებს განსაკუთრებულ მოხდენილობას ანიჭებს, ამავდროულად ორიგინალურია. ფლუგერებზე ყველაზე გავრცელებული მამლის გამოსახულებაა, თუმცა, რასაკვირველია, ისინი შეიძლება სხვა ფორმისაც იყოს. არჩევანი სახლის მეპატრონის ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ნამდვილად არ ვიცოდი, საქართველოში ფლუგერებს თუ ვინმე ამზადებდა. აღმოჩნდა, რომ ის ერთადერთია და ეს დიზაინერმა გიორგი მუჩიაშვილმაც დამიდასტურა...
- იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებლის ფერწერის განყოფილება დავამთავრე. შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, სადაც მონუმენტური კერამიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. შევისწავლე ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი და მას შემდეგ დიზაინის კუთხით ვმუშაობ.
- თავიდან რაზე მუშაობდით? 90-იან წლებში ალბათ დაკვეთები ნაკლებად გქონდათ...
- სამუშაო ყველა პერიოდში მქონდა. ფერწერასა და კერამიკაში ვმუშაობდი, ან დიზაინს ვაკეთებდი. დიდი ხანია ფერწერაში აღარ მიმუშავია, რაც შეეხება კერამიკას, ბოლოს 1999 წელს საფრანგეთში მქონდა გამოფენა და მას შემდეგ ამ საქმესაც ჩამოვშორდი. კერამიკის ნამუშევრებს ძირითადად ექსტერიერისთვის ვქმნიდი, მაგრამ გამოფენაზე ინტერიერის ნაწარმი მქონდა წარმოდგენილი. გარდა დიზაინისა, არქიტექტურულ პროექტებზეც ვმუშაობ. კერძო სახლებს ვაპროექტებ, ვაშენებ და ამაში რემონტი და დიზაინი იგულისხმება. მართალია, კერამიკაზე დიდი ხანია არ მიმუშავია, მაგრამ მიყვარს და ვფიქრობ, ისევ დავუბრუნდები.
- რაც შეეხება ფლუგერებს, როდის გაგიჩნდათ მათი დამზადების იდეა?
- რამდენიმე წლის წინ დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენც ევროპულ ქვეყანას უნდა დავმსგავსებოდით. სწორედ მაშინ მომივიდა აზრად სახლებისთვის მეხამრიდები გამეკეთებინა, ანუ სახლს რომ მეხი არ დაეცეს, სჭირდება დამიწება, რომლის საბოლოო ვარიანტი ფლუგერია. "ფლუგერი" გერმანულია სიტყვაა, ინგლისურად "ვეზერ ვეი" ჰქვია. ფლუგერი სახლის ყველაზე მაღალ ადგილას, "კეხზე" კეთდება. ისარი დგება სწორედ იმ მიმართულებით, საიდანაც ქარი უბერავს, ანუ ისარი გაჩვენებს, საიდან უბერავს ქარი.