პრემიერ-მინისტრის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის განცხადებამ საზოგადოება გააოცა. კოალიციის წევრთა ერთი ნაწილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს დაბნეული ხსნიდა, ზოგმაც დელიკატურად "ისურვა", დარჩენილიყო... პრემიერ-მინისტრის განცხადებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე რამდენიმე ფაქტორით ხსნის და ბიძინა ივანიშვილს ძველ დაპირებებსაც ახსენებს.
- ერთი შეხედვით, მოულოდნელი არაფერი უთქვამს, ორი წლის წინ, თავისი სტრატეგიული გეგმა კალენდარულადაც ამდაგვარად მოხაზა. საზოგადოების ნაწილისთვის ეს განცხადება მოულოდნელი იყო, რადგან მისია, რომლის განხორციელებასაც მისგან ელოდებიან, ორად არის გაყოფილი: პირველი - დღე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" პირამიდის მთავარი სახე, ფორმალურადაც აღარ იქნება პრეზიდენტი, მაგრამ მეორე ნაწილი იმ სოციალურ, ეკონომიკურ მოლოდინს უკავშირდება, რაც მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს. ასევე, ცნობილი დაპირება საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების მოგვარების თაობაზე. ყოველივეს შესრულება კი სამ-ოთხ თვეში ნამდვილად შეუძლებელია. პრემიერ-მინისტრმა თქვა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც წასვლას გადავწყვეტ, ქვეყანაში უკვე მდგრადი პოლიტიკური სისტემა იქნება დამკვიდრებული და ეკონომიკის განვითარების ისეთი შეუქცევადი პროცესები დაიწყება, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრად დარჩენის მიზეზი არც კი იარსებებსო... ღმერთმა ქნას, მისი ნათქვამი გამართლდეს, მაგრამ ეს უფრო კეთილ სურვილს ჰგავს, რადგან რამდენიმე თვეში ამის გაკეთება თეორიულადაც კი შეუძლებელია... ეს განცხადება მისი გუნდისთვისაც მოულოდნელი იყო, მაგრამ იხტიბარს არ იტეხენ.
- საზოგადოებაში ოთხი სავარაუდო შემცვლელი სახელდება: დავით უსუფაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი და ლევან ვასაძე...
- ვეთანხმები სპეციალისტთა აზრს, რომლებიც ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ. იმედი მაქვს, ბიძინა ივანიშვილი იმხელა პატივს სცემს ქართულ საზოგადოებას, რომ ერთპიროვნულად კი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ღარიბაშვილს დანიშნავს, თუ სხვა ვინმეს, იმსჯელებს, კონკურენტებს თვალს გადაავლებს და ასე აირჩევენ სასურველ ადამიანს. თუ ასე არ მოხდა, ეს იქნება, არასწორი, არასერიოზული და არადემოკრატიული... ამ შემთხვევაში კი ყველაზე მეტი შანსი აქვს ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან ის პრემიერის ნდობით აღჭურვილი პირია. მასთან შედარებით სხვებს ნაკლები შანსი აქვთ, თუნდაც ვასაძეც კი ვერ გაუწევს კონკურენციას.
ისე კი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოდიოდა, კი განაცხადა, მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარება მინდაო, მაგრამ რეალურად შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ მიგვიღია...