მარეხ ყალიმბეგაშვილმა გაზეთ "ყველა სიახლესთან" საუბარში განაცხადა, რომ კასპის გამგებლისგან, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 50.000 ლარი მოითხოვა და სასამართლოში სარჩელი შეიტანა კასპის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ.
მისი თქმით, ოლეგ იაძის ადვოკატი, გოჩა გოჩიტაშვილი ადრე გორის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო, კასპის საკრებულოს თავმჯდომარის ადვოკატი ნოდარ ცინცაძე კი -ყოფილი პროკურორი.
"მათმა ადვოკატებმა, როგორც ჩანს, თავიანთი კავშირები გამოიყენეს და მოსამართლე დავით პაპუაშვილმა ჩემი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ოლეგ იაძე თავს იმართლებს -მე ზოგადად ვსაუბრობდი უწესო ქალებზე და მარეხ ყალიმბეგაშვილი არ მიხსენებიაო. მოსამართლე დავით პაპუაშვილმა უსუსური არგუმენტი მოიყვანა და ჩემი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას და როგორც კი გორის რაიონული სასამართლოდან ოფიციალურ პასუხს მივიღებ, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებ. თუმცა ახლა ოლეგ იაძეს ჩემზე უფრო დიდი პრობლემა აქვს -ფინანსური პოლიცია და კონტროლის პალატა ამოწმებენ მარტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებისას დაშვებული დარღვევების გამო, სხვაც ბევრი დარღვევა ექნება. როგორც მოესურვებათ, ისე განაგებენ ბიუჯეტს. ყველაფერზე პასუხისმგებელი გამგებელია, მას ევალება პროცესების განკარგვა და კონტროლი. ასე რომ, მისი საქმე ცუდადაა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოლეგ იაძეს ხმა როგორ ამოეღება, მაგ ერთუჯრედიანმა გლოვის დღეს მეტეხში დიდი ზარ-ზემით გახსნა საჭიდაო დარბაზი, მერე კი 200-კაციანი ბანკეტი გადაიხადა, ისიც ბიუჯეტის ფულით. წარმოგიდგენიათ? გლოვის დღეს, როცა მარტო ჩვენი მეზობელი გორის რაიონიდან 3 ჯარისკაცი იყო დაღუპული! ამის მერე რაღა უნდა ელაპარაკო?!" -განაცხადა ჩვენთან საუბრისას მარეხ ყალიმბეგაშვილმა.
"ყველა სიახლე" კასპის გამგებელ ოლეგ იაძესაც დაუკავშირდა. იაძემ დაადასტურა, რომ გლოვის დღეს სოფელ მეტეხში საჭიდაო დარბაზი ნამდვილად გაიხსნა და კასპის გამგეობამ ბანკეტი მართლაც გადაიხადა, თუმცა იაძის განმარტებით, ეს აუცილებლობით იყო განპირობებული და ღონისძიებაზეც და სუფრაზეც დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს.
- საჭიდაო დარბაზი გააკეთა შესანიშნავმა კომპანიამ "ელიტა ბურჯმა" და ქართული ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე. ეს იყო ჭიდაობის ფედერაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიება. მე, როგორც მასპინძელმა, კარგი მასპინძლობა გავუწიე ჩამოსულ სტუმრებს, 100 თუ 200-კაციანი ბანკეტი გავუკეთე (როგორც ის ქალბატონი ამბობს), რომელსაც ესწრებოდა ძალიან ბევრი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი. რაც შეეხება იმ ტრაგედიას, არ მინდა მაგ პიროვნების სახელის და გვარის ხსენება, მაგაზე მეტად მეტკინა გული. სამოქალაქო პანაშვიდსაც ვესწრებოდი, იმ ღონისძიებაზეც დაღუპულების ხსოვნას წუთიერი დუმილით მივაგეთ პატივი. სხვა აბა, რაღა ვთქვა. ამორალობას და უზნეობასაც ხომ აქვს საზღვარი! კარგად ვიცი, მაგ ქალბატონს რაც სურს, სოფლის გამგებლობა უნდოდა ქვემოჭალაში, მაგრამ მაგისნაირების ადგილი ჩემს გვერდით არასდროს იქნება. ამ ქალს კულტურა და ზრდილობა რომ არ გააჩნია, მისი ნათქვამებიდანაც კარგად ჩანს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აკადემიკოსიც რომ ყოფილიყო, ხომ მქონდა უფლება, არ დამენიშნა. ის არის მოთამაშე, პატარა პაიკი, რომელსაც მართავენ. მაგას იყენებენ ბარიკადად. დღესაც მიტინგი მომიწყო, ჩემი გადაყენება უნდოდა. კადრულობენ ყველანაირ უკადრებელს, რაც ქალმა არ უნდა იკადროს. ეგ ადამიანი საერთოდ არ მაინტერესებს, მისი არც ხსნება მინდა და არც არაფერი. კარგა ხანი მომიწევს ამ რაიონის ხელმძღვანელობა და ჩემს გვერდით არ იქნება ასეთი ქალბატონების ადგილი.
- ქალბატონმა მარეხმა სასამართლოში შეურაცხყოფის ბრალდებით გიჩივლათ, ხომ ასეა?
- ახლა შეურაცხყოფას ვაყენებ? ხომ არ ვაყენებ? ჰოდა, ახლა როგორც თქვენ გესაუბრებით მაგაზე, ისე ვესაუბრებოდი სხვა ჟურნალისტებსაც. ტელევიზიებიდან ვიდოფაქტები ამოიღო, ჩემი ნალაპარაკევი და არაფერიც არ დადასტურდა. რა უნდა დადასტურებულიყო, მე ხომ ჩემი ზრდილობა და კულტურა მაქვს?! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქალბატონია, თორემ შემიძლია ყველაფერი ვაკადრო, ყველაფერი ვიცი მაგ ქალბატონზე, მარტო მე კი არა, მთელმა საქართველომ იცის როგორიცაა, მაგრამ მე ხომ არ ვაკადრებ რამეს, აი ასე, კულტურულად ვამბობ -მასეთი ქალბატონების ადგილი ჩემს გვერდით არ იქნება!
- ბატონო ოლეგ, მომჩივანი თქვენს ადვოკატ გოჩა გოჩიტაშვილს სასამართლოში თავისი კავშირების გამოყენებასა და სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენაში ადანაშაულებს, ამაზე რა პასუხს გასცემთ?
- მაგაზე აბა რა გითხრათ? მე რა ვიცი, გამოიყენა თუ არ გამოიყენა. ნუ გამოაყენებინებდნენ, თუ ასე იყო. მარტო ეგ კი არ მიჩივის, ერთი ნარკომანია კიდევ, იმანაც მიჩივლა. თან იძახის, კიო, ნარკომანი ვარო, დაჯარიმებული ვიყავი ნარკომანიაზეო. მათ უკან სხვები დგანან, კოალიციაში შემავალი რაიონული ორგანიზაციის ლიდერები. აი მაგალითად, ხათუნა თათანაშვილი, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარეობა უნდა, მაგრამ არ გამოუვა. საკრებულოში 26 დეპუტატია და 24 ამბობს, თუ ჩვენ საკრებულოდან წასვლაზე განცხადებას დავწერთ, მხოლოდ მაშინ აირჩევენ ამ ქალბატონსო.
მარი ონეზაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)