ლევან როსტოშვილის შვილის დედა, უკრაინელი ოლიმპიური ჩემპიონი იანა კლოჩკოვა ტელეარხ 1+1-ის რომანტიკულ დოკუმენტურ სერიალში - І прийде кохання მიიღებს მონაწილეობას. ტელეპროექტში კლოჩკოვა, ოთხ უკრაინელ წარმატებულ მარტოხელა ქალთან ერთად საყვარელი მამაკაცის პოვნას შეეცდება.
იანას თქმით, პროექტში მონაწილეობას თავდაპირველად ეჭვის თვალით უყურებდა, ვინაიდან ბავშვის გაჩენის შემდეგ მისთვის პირადმა ცხოვრებამ მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა.
"მეც, ისევე როგორც ყოველ ქალს, მყარი და ბედნიერი ოჯახის შექმნა მინდა. ჩემთვის მამაკაცში ყველაზე მთავარი - შვილების მიმართ სიყვარული, ოჯახის შექმნის სურვილი და მავნე ჩვევების არქონაა. ამ თვისებებით თავს ყველა ვერ მოიწონებს, ამიტომ ზოგიერთთან დაშორება მაშინვე გიწვს. მამაკაცებს, ალბათ, ჩემი ეშინიათ", - ამბობს იანა.
ოლიმპიური ჩემპიონი აცხადებს, რომ მისი შვილის მამას, ლევან როსტოშვილს საკუთარ ვაჟთან ურთიერთობა არა აქვს.
პატარა ალექსანდრეს მამობას ქართველი ბაბუა უწევს, რომელიც შვილიშვილს ქართულ ტრადიციებს აცნობს, მისთვის საქართველოდან საჩუქრები ჩააქვს და რეგულარულად ასეირნებს. იანას ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მას მიაჩნია, რომ საშა საკუთარ ფესვებს უნდა იცნობდეს.
იანა კლოჩკოვამ შვილი 2010 წლის ივლისში გააჩინა. ის ბავშვს მარტო ზრდის. ერთ-ერთ ინტევიუში სპორტსმენმა განაცხადა, რომ ლევანზე გათხოვებას არ აპირებს, თუმცა ბავშვს მამასთან ურთიერთობას არასდროს დაუშლის, ასევე არასდროს იტყვის უარს ბავშვის აღზრდაში დახმარებაზე.
"მარტოხელა დედობა ადვილი არ არის, მაგრამ ძალით თავს ვერავის შეაყვარებ. არ მინდა ლევანს თავი მოვაბეზრო. საკუთარ ვაჟის მიმართ მისი გულგრილობით გაკვირვებული ვარ. ქართველ მამაკაცებს ხომ ძალიან უყვართ შვილები, განსაკუთრებით ბიჭები. ლევანი საუკეთესო შემთხვევაში, თვეში ერთხელ რეკავს. არ მესმის, ასე რატომ იქცევა. ლევანის მამა კი პირიქით, ბავშვზე გიჟდება. თითქმის ყოველდღე მირეკავს და საქართველოში გვეპატიჟება", - ამბობს კლოჩკოვა.
ახალგაზრდა დედა აცხადებს, რომ ამჟამად მისთვის ყველაზე მთავარი საკუთარი თავის პოვნაა.
"სპორტში დიდი ხნის განმავლობაში ვვარჯიშობთ, რათა პროფესიონალები გავხდეთ. ურთიერთობებშიც ასეა: იმისთვის, რომ მიხვდე, რა არის უკეთესი და რა - უარესი, სულ მცირე, უნდა სცადო. მე ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებაში სხვადასხვაგვარ მამაკაცს შევხვდი, რომლებმაც მასწავლეს, ვიყო უფრო ძლიერი".
ამჟამად ლევან როსტოშვილი რეალითი-შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობს.
მომზადებულია ivona.bigmir.net-ის მიხედვით.