400 000 ლარამდე ღირებულების პროექტში, რომლის ფარგლებშიც ქუთაისში "რიონჰესის" დასახლებაში გზის საფარის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს, დარღვევებია. ამ დარღვევების საფუძველზე კი დასახლებაში მცხოვრები 12 ოჯახი, სარეაბილიტაციო სამუშაოებს მიღმა რჩება. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიღმა დარჩენილი მოსახლეობა თვლის, რომ პროექტი მიზანმიმართულად შეცვალეს და ბრალს მეზობელს, ქუთაისის მერიაში დასაქმებულ გიორგი წულაძეს სდებენ.
"რიონჰესის დასახლებაში გზის რეაბილიტაციის ძველი პროექტი, გზის საფარის აღდგენას მთელი დასახლების ტერიტორიაზე ითვალისწინებდა. ახალ პროექტში კი ჩვენი ბინის ირგვლივ მდებარე ტერიტორია გამქრალია. რასთან გვაქვს საქმე - ადამიანებად აღარ გვთვლიან? ძალიან კარგად ვიცით, ვინც "მოგვტეხა" პროექტიდან და ეს იმიტომ გააკეთა, რომ ჩვენს ტერიტორიაზე განსახორციელებელი სამუშაოების გაქრობის ხარჯზე, გზა საკუთარი სახლის წინ მოეწყო", - ამბობენ ადგილობრივები.