რამდენიმე დღეა, მთელი საქართველო კიდევ ერთხელ მოიცვა შემზარავმა ინფორმაციამ. სამეგრელოში სამალავებიდან ამოღებულ იარაღთან დაკავშირებით საქართველოში ადამიანებს მეტყველების უნარი აქვთ დაკარგული, კომენტარებს ვეღარ აკეთებენ თავად "ნაცების" მხადამჭერებიც კი, მხოლოდ გუშინდელი ღლაპები, სააკაშვილის ხასები ბედავენ საუბარს, რადგან ჯერ კიდევ გარეთ დადის მათი კურო და აღფრთოვანებულები არიან. იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც გავიგეთ "ნაცების" შესახებ, თითქოს საკმარისზე მეტი არ იყოს, კვლავ დგას საკითხი: უნდა გასამართლდეს თუ არა რეჟიმი. არ დაუპატიმრებიათ ბარამიძე, ბოკერია და სააკაშვილის დაპატიმრების საკითხიც კი არ დამდგარა. დღემდე მიუსჯელად სხედან ციხეში ახალაია და მერაბიშვილი, რომელთა მეუღლეებიც ტელევიზიით გვეკეკლუცებიან, რომ დუმილის დარღვევას იწყებენ... დუმილის დარღვევა კი იმას ჰქვია, რაც ელენე თევდორაძემ "საქართველო და მსოფლიოსთან" საუბარში განაცხადა.
- ქალბატონო ელენე, სრულიად საქართველო შოკში ჩააგდო ინფორმაციამ, რომელიც რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სააშკარაოზე გამოიტანა. თქვენ წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების დამცველი იყავით, ნუთუ არაფერი იცოდით ამის თაობაზე თუ დუმდით?
- 1995 წლიდან, რაც მე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ვიყავი, რეგლამენტის თანახმად, უპირობოდ, ნებისმიერ დროს პრეზიდენტს ან მის მიერ დანიშნულ უფლებამოსილ პირს (ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარე, მაშინ ზურაბ ჟვანიას უფლებები მე გადმომეცა და შემდეგში უკვე ნინო ბურჯანაძის ნაცვლად ვსარგებლობდი ამ უპირატესობით) შეეძლო პატიმართან შესვლა. რადგან ასეთი უფლება მქონდა, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას შევდიოდი, თანაც გაუფრთხილებლად და არასოდეს არც არავინ გამიფრთხილებია, რომ ციხეში შევდიოდი. ალბათ, ეს არ აძლევდა ციხის ხელმძღვანელობას იმის უფლებას, რაც ახლა, ამ დღეებში მოვისმინე. ვერ ვიტყვი, რომ ციხეებში ასეთი რამ არ ხდებოდა, მაგრამ ამას მაშინ პატიმრები თავად აკეთებდნენ. ადამიანს, რომელიც გაუპატიურების მუხლით სამართლდებოდა, თავად პატიმრები უსწორდებოდნენ ასეთი ფორმით. შემიძლია დავიფიცო, რომ ციხის თანამშრომლების მხრიდან მსგავს საქციელს ადგილი არ ჰქონდა. იმ პერიოდში იყო ფაქტები, როდესაც ფანჯრებიდან ყრიდნენ დაკავებულებს, დანაშაულის აღიარების მოტივით, ემუქრებოდნენ - ბოთლზე დაგსვამთ და ა.შ. საშინელებებს ეუბნებოდნენ, მაგრამ არასოდეს უთქვამთ პატიმრებს, რომ ეს ვინმემ გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს დარღვევა იყო, მაგრამ, რაც ახლა მესმის, ასეთი რამ არ მსმენია.
დავით ბაქრაძის თავმჯდომარეობის დროს შეიცვალა რეგლამენტი და ციხეებში პატიმრებთან ურთიერთობა განუსაზღვრელი დროითა და უპირობოდ აღარ შეიძლებოდა. უფრო მეტიც, მათ საერთოდ არ დანიშნეს ადამიანი, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან ითანამშრომლებდა, გააკეთეს ისე, რომ სამი თვე ვიღაც მუშაობდა, მეორე სამი თვე კიდევ ვიღაც და ა.შ. თუმცა ის სამი ადამიანიც, რომელთაც ევალებოდათ საპატიმროში შესვლა, არც დადიოდნენ. სექტემბერში, ციხის კადრები რომ ვნახე, ორი ღამე არ მეძინა. თუ გახსოვთ, მაშინვე ითქვა, რომ ის კადრები გადაღებული იყო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. ვიდრე მე ვიყავი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, არასოდეს წამიყრუებია, ყველას ვაგებინებდი, თუკი რამე დარღვევა იყო, არასოდეს მოვრიდებივარ მერაბიშვილს, ახალაიას... ისინი მერიდებოდნენ, იცოდნენ, რომ მე არაფერს დავმალავდი.
- და მაინც, ქალბატონო ელენე, თქვენს დროს იყო გირგვლიანის საქმე, იყო ჟვანიას საქმე, აფრასიძეების საქმე, ციხის ბუნტი და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი გაუხსნელი და მიჩქმალული დანაშაული.
- დიახ, ეს საქმეები ჩემს დროს იყო, მაგრამ მე არც მაშინ ვდუმდი; საკომიტეტო მოსმენაზე დავპატიჟე რობაქიძეც, გირგვლიანიც და კიდევ ერთი ქალბატონი, რომელსაც ორი შვილი ჰყავდა უგზო-უკვლოდ დაკარგული. ამის შემდეგ, ერთი წლის თავზე განვაცხადე, რომ აღარ მინდოდა თანამდებობაზე ყოფნა და რომ ვამთავრებდი ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას, რადგან მიმაჩნდა, რომ ჩემს იქ ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა. ეს კი იმან გამოიწვია, რომ ყველა ჩემი განცხადების იგნორირება ხდებოდა.
თორმეტი წელი ვიყავი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ქვეყანაში 7 ათასზე მეტი პატიმარი არ გვყოლია, ამ ახალგაზრდების მოსვლის შემდეგ კი პატიმართა რაოდენობა კატასტროფულად იზრდებოდა.
ერთხელ ბოკერიასთან შევედი და ვუთხარი: რა ხდება? რატომ იზრდება ასე დაკავებულთა რიცხვი-მეთქი? თან, არ დაგავიწყდეთ, ეს ხდება მანამდე, სანამ პრეზიდენტმა ნულოვანი ტოლერანტობისკენ მოუწოდა მთავრობას. გიგა ბოკერიას პასუხი ასეთი იყო: ჩვენ პატიმართა რიცხვი 24 ათასამდე უნდა გავზარდოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში მოგვცემენ ფულს, რათა ციხეები ავაშენოთ. მისმა ნათქვამმა შოკში ჩამაგდო.
მინდა მოგიყვეთ ერთი შემთხვევა: პირველი სამი ახალგაზრდა დიღომში რომ დახვრიტეს, ალბათ, გახსოვთ ეს ამბავი. ჩემთან მოვიდნენ თვითმხილველები და მათ მითხრეს, რომ სამივე ახალგაზრდა დაჩოქილი ეხვეწებოდა პოლიციას, არ გვესროლოთ, დაგვაპატიმრეთო, მაგრამ მათ მაინც დახვრიტეს. მე, რა თქმა უნდა, წუთითაც არ დავფიქრებულვარ, მერაბიშვილთან მაშინვე მივედი და ყველაფერი მოვუყევი, ვუთხარი, რომ ეს ამბავი არ დაიმალებოდა, მერაბიშვილმა მიპასუხა: სანამ ასეთ 200 კაცს არ ჩავაწვენ მიწაში და თქვენც არ მიგაყოლებთ, არ მოვისვენებო. ეს იყო 2005 წელი, მას შემდეგ მოხდა გირგვლიანის ამბავი და კიდევ ბევრი დანაშაული. ნინო ბურჯანაძე სულ მაფრთხილებდა და მეუბნებოდა, ფრთხილად იყავით, თქვენ შვილი გყავთ, შვილიშვილები გყავთო...
- მთელი ამ წლების მანძილზე უცხოელები მიშას "დემოკრატიის შუქურას" უწოდებდნენ, თქვენც მათთან ერთად დადიოდით სტრასბურგში.
- ძირითადად ჟვანიას დროს დავდიოდი, მერეც დავდიოდი. ევროპარლამენტარ მათიას იორშს პირად საუბრებში სულ ვეუბნებოდი, რომ თქვენი ასეთი მფარველობით საშინელ შედეგს მივიღებთ საქართველოში, ნუ აფარებთ ხელს-მეთქი.
- ქალბატონო ელენე, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს სისტემური დანაშაული? სააკაშვილი ამბობს, რომ სადისტები შეიპარნენ მის ხელისუფლებაში.
- რა პასუხს ელოდებით ჩემგან? რა თქმა უნდა, ეს არის სისტემური დანაშაული.
- ფიქრობთ, რომ ყველა უნდა დაისაჯოს? წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ ადამიანები თავად დაიწყებენ ანგარიშსწორებას?
- ყველა უნდა დაისაჯოს, მაგრამ ახლა მე იმას ვფიქრობ, სად შევცდი: პოლიტიკა რომ დავტოვე თუ დროზე რომ არ დავტოვე?
- როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა "ნაცმოძრაობას" მორალური, ზნეობრივი და მოქალაქეობრივი უფლება, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს?
- არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას თუ არა, ეს მათ სინდისზე იყოს. ის, რომ პარტიას აუკრძალო არჩევნებში მონაწილეობა, არადემოკრატიული იქნება. ვერ გეტყვით, რამდენად შესაძლებელია პარტიის გასამართლება, მაგრამ პოლიტიკური შეფასების გაკეთება პარლამენტის პრეროგატივაა.
- ზურაბ ჟვანიას საქმეზე აქტიურობდით? მაშინ საოცარი დუმილი იყო ამ საქმის გარშემო.
- მე ერთ-ერთმა პირველმა მაშინვე გამოვთქვი ეჭვი, რომ ის მოკლული იყო. დღესაც დაიტერესებული ვარ ამ საქმით, ვესაუბრები ზურას მეუღლეს და ის ამბობს, რომ პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს.
- ქალბატონო ელენე, ესე იგი თქვენ მაინც გგონიათ, რომ პატიმრების წამება 2008 წლიდან დაიწყო და მანამდე მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია?
- რატომღაც ასე მგონია, შეიძლება ვცდები კიდეც, მაგრამ შეგიძლიათ დაელაპარაკოთ შალვა რამიშვილს. მე მასთან ხშირად დავდიოდი, ის აუცილებლად მეტყოდა, ის ყოველთვის მიყვებოდა, თუ რომელიმე პატიმარს პრობლემა ჰქონდა და მთხოვდა, დავხმარებოდი, ამიტომ ვფიქრობ, რომ მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, აუცილებლად მეტყოდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ციხეში გაუფრთხილებლად შევდიოდი და მსგავსი ფაქტის მომსწრე არ ვარ. პატიმრები ყვებოდნენ მუქარის შესახებ, მაგრამ არასოდეს უთქვამთ მსგავს რამეზე. მერაბიშვილსაც და ახალაიასაც ვაფრთხილებდი, რომ ეს დრო დადგებოდა. ახლა ძალიან კარგია, რომ მერაბიშვილი ამბობს, საკუთარ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობასო. ეს განცხადება ამას წინათ "ფეისბუქზე" წავიკითხე. ჰოდა, ძალიან კარგი, თუ თავის თავზე იღებს პასუხიმგებლობას. ბაჩოსაც რამდენს ვეხვეწებოდი ციხის ბუნტის დროს, არ ესროლოთ პატიმრებს-თქო, მაგრამ არ მომისმინეს.
- ვინ გასცა სროლის ბრძანება, ახალაიამ?
- არა.
- ბოკერიამ?
ელენე თევდორაძემ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ჩაილაპარაკა:
- არ ვიცი, ის მოვიდა და სროლა მერე დაიწყო.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი
გაზეთი "საქართველო და მსოფლიო"