საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ოდესაში და დონეცკში საქართველოს გენერალური საკონსულოების სტატუსის გაუქმება იგეგმება.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე ვილკულთან შეხვედრაზე განაცხადა, ის ფაქტი, რომ ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა აქვს გაგზავნილი, ნიშნავს იმას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ოდესაში და დონეცკში გენერალური საკონსულოების გაუქმების.
"ახლა არის დრო უკრაინასთან დიპლომატიური წარმომადგნელობის დონის დაქვეითების?! ვინ მიიღო ეს ჭკვიანური გადაწყვეტილება. საბავშო ბაღში არ ვართ მე მგონი. გადაწყვეტილებას იღებენ იმის გამო, რომ პრეზიდენტის დანიშნული გენერალური კონსული შეიცვალოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დანიშნული კონსულით. იქნებ ჩემთვის ეკითხათ და მე მოვხსნიდი ამ გენკონსულს. რას გვექიშპებიან. საქართველოს აზიანებთ. რა არის ეს, რას ჰგავს. ჩვენს მთავარ პარნტიორთან, უკრაიანასთან წარმომადგენლობის დონეს ვადაბლებთ მხოლოდ იმის გამო, რომ მე ჯინში ჩამიდგენს ვინმე?!", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ეს არის უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იმ დროს, "როდესაც უკრაინა გვჭირდება ჰაერივით".
"იმის გამო, რომ რაღაც შიდა ხრიკებია და საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა პრეზიდენტის დანიშნული კონსული მოაშოროს, ურთიერთობების დონეს ადაბლებს მთავარ სტარტეგიულ პარტნიორთან. ასეთი რამე არც წამიკითხავს და არც გამიგია. ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. მე მინდა ყველამ გაიგოს, ეს არის ის სტილი, რომელიც სრულიად მიუღებელია, ქართულ სახელმწიფოებრიობას ასუსტებს და არასწორია ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის. ძალიან ვწუხვარ, რომ პიროვნული ქიშპის გამო ვასუსტებთ ქართულ სახელმწიფოებრიობას",-განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა შეხვედრაზე კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ სამთვრობათშორისო კომისიის სხდომა გარკვეული პაუზის შემდეგ ისევ ჩატარდა.