ინტერვიუ ცნობილი მრბოლელის და ექსტრემალის, გიორგი თევზაძის ავტოსაავარიო შემთხვევაში დაღუპვამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაიწერა. თევზაძე ბათუმში, 23 ივნისს გარდაიცვალა. მანქანა, რომელსაც მისი მეგობარი მართავდა, ხეს შეეჯახა.
ვისთვის ჩვეულებრივი "ავტოხულიგნები" არიან, ვისთვის - "კამიკაძეები", ახალგაზრდა ავტომოყვარულებისთვის კი - მისაბაძი ადამიანები... ქართველი კაცის სისწრაფით ან საჭის მარჯვედ ტრიალით გაკვირვება ძნელი საქმეა, თუმცა... მოკლედ, თავად ნახეთ, ოღონდ, იუთუბ-ზე ატვირთულ ვიდეორგოლებზე გაკეთებულ გაფრთხილებას დაუჯერეთ და გამეორებას ნუ შეეცდებით. თვითონაც აღიარებენ - ქალაქში ასე სიარული არ შეიძლება, რამდენიმე ვიდეო კი მხოლოდ ყურადღების მისაქცევად ატვირთეს. "ასე სიარული" კი დრიფტის, სტრიტრეისინგის, რისკისა და ადრენალინის ნაზავს, ანუ ქალაქის ქუჩებში გიჟურ რბოლას ნიშნავს... needfordrive.com (need for drive. სიტყვასიტყვით - "დრაივის", ანუ მართვის მოთხოვნილება. - ავტ.) ავტომოყვარულებისა და ავტომფლობელებისთვის განკუთვნილი სოციალური ქსელია, სადაც მომხმარებელი საკუთარ ავტომობილთან ერთად რეგისტრირდება. ქსელის დამფუძნებელი, გიორგი თევზაძე, გვარს სრულად ამართლებს და საჭესთან ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში. თბილისის ქუჩებში მის "ფრენას" ცნობილი ბრიტანული გამოცემა დეილი მეილიც კი გამოეხმაურა, გიორგის მონაწილეობით გადაღებულ ვიდეორგოლებს კი, იუთუბ-ზე 2 მილიონამდე მნახველი ჰყავს. საქართველოში ჩატარებული რამდენიმე შეჯიბრება მოუგია, 2010 წელს "დრიფტის მეფეც" გახდა; "ბეემვეშნიკად" მიიჩნევენ, თუმცა, ქუჩაში საკოლექციო "მერსედესითაც" შენიშნავთ...
- needfordrive.com წევრების რამდენიმე კატეგორიას აერთიანებს. უმაღლესი კატეგორიაში, ე.წ. "თიმში" მხო-ლოდ უნიკალური მონაცემების მქონე რამდენიმე მძღოლი ვართ გაერთიანებული. ისინი, ვისაც ავტომანქანის "ზებუნებრივად" მართვა, ისეთი რაღაცების გაკეთება შეუძლია, პროფესიონალი მრბოლელების უმეტესობას რომ არ ძალუძს. ეს არის დრიფტისა და სტრიტრეისინგის ერთგვარი ნაზავი. წლების განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა მართვის უნიკალური, კომბინირებული სტილი, რომელსაც მხოლოდ ტრეკზე ვერ აჩვენებ. ეს არის ავტომობილის ექსტრემალური მართვა ექსტრემალურ ვითარებაში.
- და ეს ყველაფერი ქუჩაში ისწავლეთ?
- სპეციალურად გამოყოფილი ადგილების არქონის გამო, ფაქტობრივად, ქუჩაში დავხელოვნდით, რასაც ცუდი ფაქტებიც ბევრჯერ მოჰყვა. ქალაქში ასე მოძრაობა არ შეიძლება და უკვე აღარც დავდივართ. გვინდა, ეს ყველაფერი ტრეკზე ან ისეთ ადგილას გადავიტანოთ, სადაც ჟინსაც მოვიკლავთ და არც სხვებს შევუქმნით საფრთხეს.
- თქვენს ატვირთულ ვიდეოემასალასაც აქვს წარწერა, რომ მნახველებმა იმავეს გამეორება არ სცადონ, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ დაგიჯერებენ?
- არავის ვურჩევ, რადგან თბილისში არათუ ავტომობილის ასე მართვა, სწრაფად სიარულიც ცეცხლთან თამაშია. რუსთავის ტრეკი უმაღლესი დონისაა და უმჯობესია, ოსტატობის გამოვლენა იქ სცადოთ.
ასევე იხილეთ ვიდეორეპორტაჟები გიორგი თევზაძის მონაწილეობით:
თბილისის ქუჩებში გიჟურმა რბოლამ ბრიტანელი ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო