კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი თემურ კენკებაშვილი ამტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული არქივის ასლები დეპარტამენტიდან კუდ-ის დირექტორმა ვაჟა ლელუაშვილმა, თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა გიორგი დგებუაძემ და "მოდულის" შენობის IT სამსახურის ყოფილმა უფროსმა ზურაბ თუთბერიძემ გაიტანეს.
ამასთან დაკავშირებით თემურ კენკებაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, არქივის ასლები საპარლამენტო არჩევნების გამართვიდან რამდენიმე დღეში გაიტანეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული არქივი არის კონკრეტული პირების პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების შემცველიც. ის უნდა განადგურდეს მას შემდეგ, რაც გამოძიება მოხდება. არჩევნების შემდეგ, მე მივედი დეპარტამენტში, სადაც სრული ქაოსი იყო. ყველა აკეთებდა ამ არქივის ასლებს. თანამშრომლემა იციან ზუსტად ვინ და როგორ გაიტანა ასლები. ეს იყო დაახლოებით 3-4 ოქტომბერი. ასლები გაიტანეს კუდ-ის დირექტორმა ვაჟა ლელუაშვილმა, თავდაცვის სამინსტროს წარმომადგენელმა გიორგი დგებუაძემ, ე.წ. მასტერამ და "მოდულის" შენობის IT სამსახურის უფროსმა ზურაბ თუთბერიძემ. ზუსტად ვიცი, ამის მომსწრე მე თვითონ ვარ. სხვებმა გაიტანეს თუ არა ამაზე ვერაფერს ვიტყვი. განადგურების შემთხვევაში, პირობა იმისა, რომ ეს კომპრომატები აღარ გამოიყენება, არ არსებობს", - აცხადებს კენკებაშვილი.
მისივე თქმით, გიორგი დგებუაძემ დათა ახალაიას მოთხოვნით გაიტანა ასლები.
კენკებაშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მან შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს დანიშვნიდან ორ კვირაში მიაწოდა. კენკებაშვილის თქმით, ჩანაწერების გაკეთება და კომპრომატების არქივის შექმნა კონკრეტულად ვაჟა ლელუაშვილის იდეა იყო.
"კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ტვინს და მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა ვაჟა ლელუაშვილი. სწორედ მისი იდეით ხდებოდა კომპრომატების არქივის შექმნა. თავისთავად ცხადია, ეს იქნებოდა ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული", - აცხადებს კენკებაშვილი.
იგი სამალავების თემასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამალავები 2012 წლის აპრილ-მაისში გაკეთდა. მისივე თქმით, მსგავსი სამალავები რამდენიმე ადგილას გაკეთდა და ერთ-ერთი სამალავი, სავარაუდოდ, ქვემო ქართლშიც არის.