წალკიდან ბათუმში დაბრუნებული ეკომიგრანტები 45 დღეა თავშესაფარს ითხოვენ. ეკომიგრანტებმა აჭარის მთავრობის სახლთან კარვები გაშალეს, სადაც ღამეს ათევენ. როგორც ეკომიგრანტმა მევლუდ ვაშაყმაძემ აღნიშნა, არაერთი თხოვნის მიუხედავად თავშესაფარი მთავრობამ არ გამოუყო, რის გამოც პროტესტის ნიშნად, ეკომიგრანტებმა გუშინ პასპორტების გადაყრა დააპირეს.
"ჩვენ გუშინ ველოდით ხელისუფლებისგან დადებით პასუხს, დროებითი თავშესაფარი უნდა მიგვეღო. პასუხი კვლავ უარყოფითია, რის გამოც აღელვებულზე დაყარეს პასპორტები. ისედაც დაცლილია ხალხისგან ქვეყანა. ვითხოვთ დროებით თავშესაფარს აჭარაში, რადგან სხვაგან წასასვლელი არ გაგვაჩნია. 45 დღეა აქ ვართ და გარდა იმისა, რომ კომისია შეისწავლის ჩვენს საკითხს, მეტი არაფერი კეთდება", - აღნიშნა მევლუდ ვაშაყმაძემ.
როგორც ეკომიგრანტმა ვაჟა იაკობაძემ აღნიშნა, ცენტრალური ხელისუფლება მათ დახმარებას შეპირდა, თუმცა ადგილობრივმა მთავრობამ თავშესაფარი არ გამოყო.
"ჩვენ ვითხოვთ თავშესაფარს, თუ არ მოგვხედავენ გაგვაგებინონ და შემდეგ ნამდვილად დავტოვებთ საქართველოს", - აღნიშნა ვაჟა იაკობაძემ.
ეკომიგრანტების საკითხს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს. როგორც სახალხო დამცველის რწმუნებულმა აჭარაში გიორგი ჩარკვიანმა აღნიშნა, ამ დღეებში სახალხო დამცველი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს გააკეთებს.
ეკომიგრანტები 16 სამარშრუტო ტაქსით ბათუმში 45 დღის წინ დაბრუნდნენ. როგორც ეკომიგრანტები აცხადებენ, ისინი საბერძნეთიდან დაბრუნებულმა სახლების მეპატრონეებმა გამოასახლეს. ეკომიგრანტები ამჟამად ბათუმში, მთავრობის სახლთან კარვებში ცხოვრობენ და მათი განცხადებით, ელემენტარული პირობები, მათ შორის საწოლიც კი არ გააჩნიათ.