თავისუფალი თეატრის მსახიობი თიკო კორძაძე ორი პატარა შვილის დედაა, ამასთანავე, თეატრში აქტიურად თამაშობს როლებს, თეატრალურ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს და იმავდროულად "კომედი არხზე" ახალ სერიალ "კოქტეილში" მონაწილეობს. მიუხედავად ასეთი გადატვირთული დღის რეჟიმისა, დილას, სახლიდან გასვლის წინ, სამი სახეობის კერძს ამზადებს, შუალედებში, ხან ანტრაქტის დროსაც კი, რამდენიმე წუთით შინ ბრუნდება, რათა ბავშვს აჭამოს, ხან კულისებში უწევს რვა თვის ვატოს გამოკვება. პირად ცხოვრებასა და საქმიანობაზე თიკო გახსნილად გვესაუბრა.
- მეორე შვილმა ჩემი ცხოვრების ისედაც ჩქარი ტემპი კიდევ უფრო გიჟური გახადა. როგორც ყველა პატარა ბავშვის დედა, მეც დილას 6-ზე ან 7-ის ნახევარზე ვიწყებ. პატარა გუშინ რვა თვის გახდა, უფროსი 2 წლის და 7 თვის გახლავთ. შვილები მიყოლებით გავაჩინე, გიორგი ჯერ კიდევ პატარაა და მასაც დიდი ყურადღება სჭირდება. სიმართლე გითხრათ, ძალიან ვღელავდით, თუ როგორ შეხვდებოდა უმცროსს. ბევრი მეუბნებოდა, ახასიათებთ ბავშვებს ეჭვიანობა, შეიძლება რაღაც ჩაარტყას და ასე გამოხატოს პროტესტიო, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი სხვანაირად მოხდა. სამშობიაროდან სახლში რომ მივედით, გიორგი გაოცებული, გაფაციცებული თვალებით უყურებდა პატარას. სანამ დაიბადებოდა, რასაკვირველია, ვუხსნიდით, რომ უნდა ჰყოლოდა ძმა, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დადგა, მაინც ცოტა გაკვირვება შევამჩნიე. უფროსიც ბუნებრივი კვებით გავზარდე და ვატოსაც ასე ვზრდი, მაგრამ თავიდან, როცა გიორგი ხედავდა, რომ პატარას ვაჭმევდი, ვერ იგებდა, რატომ ჭამდა მის საჭმელს სხვა (იღიმის). ახლა კი სულ "ჩემო ბედნიერებას" ეძახის. ვატო მამაჩემის მოსახელეა, ოფიციალურად ვახტანგი ჰქვია, გიორგიმ კი თავისებურად შეულამაზა სახელი და ვატატუნების ეძახის. გიორგი ჩემი მამამთილის სეხნიაა, იმავდროულად ჩემი ძმაც გიორგია და ძალიან მიყვარს ეს სახელი. ორი ბიჭის დედობა ადვილი არ არის, მაგრამ ცოტა ადრენალინიცაა. ჯერ პატარები არიან, მაგრამ შორს ვიყურები, ვორონცოვზე ვცხოვრობთ და ეს კიდევ უფრო საყურადღებოა, მოგეხსენებათ, ძველ უბნებში მაინც სხვა ტრადიციებია შემორჩენილი. ორი ბიჭის კი არა, ორი გოგონას დედობაც რთულია, საერთოდ, შვილი დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. მანამდე თუ საკუთარი ინტერესების შესაბამისად ცხოვრობდი, შვილების გაჩენის შემდეგ მეორე პლანზე გადადიხარ, მერე ძირითადად მათზე ხარ ორიენტირებული.
თეატრი... უნივერსიტეტი... ტელევიზია...
... შეიძლება ითქვას, რომ ორსულობის ბოლო დღემდე სცენაზე ვიდექი, ჩემს საქმეს არ ჩამოვშორებივარ. ბავშვს ოქტომბრის ბოლოს ველოდებოდი, ჩემი თეატრი კი გასტროლზე სექტემბრის ბოლოს მიდიოდა, ხუმრობით მეუბნებოდნენ, ხომ არ მოიფიქრე ჩვენთან ერთად წამოსვლაო. რასაკვირველია, არსად არ წავსულვარ, გაფრინდნენ თუ არა ჩემი კოლეგები, რამდენიმე დღეში მეც ვიმშობიარე. ყოველთვის აქტიურად ვცხოვრობ, "ვაიმე, არ შემიძლია" - ეს ფრაზა ჩემთვის არ არსებობს, მაგიჟებს ეს დამოკიდებულება. საბედნიეროდ, ორივეჯერ უპრობლემო ორსულობა მქონდა, მუცლით ვთამაშობდი სპექტაკლებს, სამშობიაროში საკუთარი მანქანით მივედი, საჭესთან თავად ვიჯექი (იღიმის). როგორც პირველი ბავშვის, ასევე მეორის გაჩენის შემდეგ, სცენაზე მშობიარობიდან ორ კვირაში დავბრუნდი, მით უმეტეს, რომ ბატონი ავთო მელოდებოდა. სპექტაკლზე "ვალსი ძილის წინ", რომლშიც მეც ვიყავი დაკავებული, მუშაობა ბატონმა ავთომ ჩემი ორსულობის გამო გადადო და მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეპეტიციები ჩემი მშობიარობის შემდეგ დაგვეწყო.
- ზემოთ თქვით, რომ ორივე შვილს ბუნებრივი კვებით ზრდით, თან მშობიარობიდან ორ კვირაში გახვედით სამუშაოდ, როგორ ახერხებდით ბავშვების ბუნებრივად გამოკვებას?
- მოგეხსენებთ, ბავშვები სამსაათიანი შუალედით ჭამენ. როცა სპექტაკლი მიმდინარეობდა და მირეკავდნენ, ბავშვს შიაო, თეატრის ადმინისტრაციას ვთხოვდი, ანტრაქტი 5 წუთით გაეწელა, ანუ 15-წუთიანი ანტრაქტი 20 წუთი გაგრძელებულიყო. სასცენო კოსტუმითვე მოვახტებოდი მანქანას, მოგეხსენებათ, თავისუფალი თეატრიდან ვორონცოვზე მისვლას 5 წუთი უნდა. მივირბენდი სახლში, ვაჭმევდი და უკან ვბრუნდებოდი, ხან კულისებში ქმარს მოჰყავდა ბავშვი და იქ ვაჭმევდი.
ოჯახის წევრები, დედა, დედამთილი ძალიან მეხმარებიან. ახლა ჩემს ორ სამსახურს მესამე, ტელევიზია დაემატა, ამიტომ ორი თვეა ძიძა ავიყვანე.