შვიდწლიანი ლოდინის შემდეგ სანდრო გირგვლიანის მამა დარწმუნებულია, რომ ყველა ის პირი დაისჯება, ვინც მისი ერთადერთი შვილის სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში მონაწილეობდა. ჩვენი ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდება. ამჯერად მას სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების შემდეგ წარმოებული გამოძიების არასწორად წარმართვას, მტკიცებულებათა გაყალბებას და გამოძიებაზე ზემოქმედებას ედავებიან, რისი მიზანიც იყო, პასუხისმგებლობა აერიდებინა მნიშვნელოვანი თანამდებობის პირებისთვის და ასევე არ გამოკვეთილიყო მისი მეუღლის კავშირი "შარდენ ბარში" მომხდარ ინციდენტთან.
სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს მოკლეს და ამ მკვლელობამ სააკაშვილის ხელისუფლების იმიჯს პირველი სერიოზული დარტყმა მიაყენა. მართალია, შს სამინისტროს ოთხი თანამშრომელი, შემსრულებლები გაასამართლეს, მაგრამ ამ საქმეზე ვნებათაღელვა არ შემწყდარა. გურამ გირგვლიანის თქმით, მერაბიშვილის დაკავებით მისი ოჯახისთვის სამართლიანობის აღდგენა დაიწყო.
გურამ გირგვლიანი: - ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მერაბიშვილს ბრალს წაუყენებდნენ. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა დასრულდეს ეს საქმე. ყველა ხედავდა, როგორ იბრძოდა ჩემი მეუღლე ირინა. მარტო ვანოს დასჯა არ არის საკმარისი. ცხადია, ის საქმის გამყალბებელი და დამნაშავეებზე ხელის დამფარებელია, რათა დაეცვა თავისი ცოლი და ის კომპანია, რომელიც "შარდენ ბარში" იჯდა. სალაყაიამ ჩემი შვილის მკვლელობის მერე გვარიც გამოიცვალა და მერაბიშვილი გახდა. ამ ქალბატონს ისე მოაქვს თავი, თითქოს ანგელოზი იყოს.
- თქვენ ფიქრობთ, რომ თაკო სალაყაიაც უნდა ჩაჯდეს ციხეში?
- ალბათ, ეს რთული იქნება, ვნახოთ, შედეგს ყველა დავინახავთ. ისე, რა მნიშვნელობა აქვს, ის ჩაჯდება თუ მისი მეუღლე. მაგის მოდგმას ამ ტვირთის ტარება მთელი ცხოვრება მოუწევს. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის უკვე სულერთია, დაისჯებიან თუ არა ისინი, ამით ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება. აქ მორალური საკითხია, თორემ სანდროს და ირინას ვერავინ გამიცოცხლებს.