ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია 14 მაისს გოგონას დედა გახდა. პატარას ანასტასია დაარქვეს. ვერასა და მისი მეუღლისთვის, დავით კურცხალიასთვის, ანასტასია პირველი შვილია. წყვილს ძალიან უნდა, სამი შვილი ჰყავდეს.
ჩვენი რესპონდენტი აქამდე საკმაოდ აქტიურად ცხოვრობდა, მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველი გახლდათ, მაგრამ ამჟამად 4-თვიან დეკრეტშია და ამბობს, ახლა რომ პოსტზე იყოს, აუცილებლად წამოსწევდა წინ ახალბედა დედებისთვის დეკრეტის გაგრძელების საკითხს. ამჟამად ანასტასიასთან ურთიერთობით ტკბება და დიასახლისობასაც ართმევს თავს, რაც მანამდე ვერ წარმოედგინა, თუმცა აქვე ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი რთული საქმეა, რაც ცხოვრებაში გაუკეთებია.
- ჩემი გოგონა, ანასტასია, 14 მაისს დაიბადა. ორსულობის 42-ე კვირა იყო და ამის გამო საკეისრო კვეთა დამჭირდა. ძალიან მინდოდა, ფიზიოლოგიური მშობიარობა მქონოდა, მაგრამ არ გამოვიდა, ანასტასია ცოტა გვიან დაიბადა (იღიმის).
- ანასტასია რატომ დაარქვით?
- ბოლო მომენტში მოვიფიქრეთ. ყოველთვის მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ სანამ პატარა არ დაიბადება, სახელი მანამდე არ უნდა შეურჩიო. რომ შეხედავ, შემდეგ შეიძლება მიხვდე, რა სახელი მოუხდება. რომ დაიბადა, მაინც საკმაოდ რთული იყო სახელის შერჩევა, რადგან ადამიანს მთელი ცხოვრება ის სახელი უნდა ერქვას, რასაც მშობლები ურჩევენ. ბოლოს ექთნები შემოდიოდნენ და გვთხოვდნენ, სახელი დაარქვით, საბუთები უნდა გადავაგზავნოთო. ანასტასიას გარდა მოგვწონდა სალომე და კიდევ რამდენიმე სახელი, მაგრამ როცა დაიბადა, მივხვდით, რომ ეს სახელი ყველაზე მეტად მოუხდებოდა.
- ოპერაციის მერე თავს როგორ გრძნობდით?
- ვფიქრობ, როცა ბავშვი ჩნდება, დანარჩენი ნაკლებად მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ოპერაცია რთულია, მაგრამ ემოციურად მთლიანად ბავშვზე ხარ გადართული. ვერ ვიტყვი, რომ გამიჭირდა, ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. როგორც გითხარით, მინდოდა, ფიზიოლოგიურად მემშობიარა, მაგრამ ასე მოხდა...
- მეუღლე ესწრებოდა მშობიარობას?
- მთელი წინა პერიოდი საავადმყოფოში იყო, მაგრამ მშობიარობას არ დასწრებია. ალბათ, იცით, როდესაც ბავშვი საკეისრო კვეთით ჩნდება, დედას არ უწვენენ გულზე და თუკი მამა თანახმაა, მამის გულზე აწვენენ. ჩვენთანაც ასე მოხდა (იღიმის). როგორც კი ანასტასია გაჩნდა, ჩემს მეუღლეს დაუწვინეს გულზე. როგორც ამბობენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კმაყოფილი ვიყავი იქ მშობიარობით. ყველა ქალს, ვისაც საზღვარგარეთ უნდა ბავშვის გაჩენა, ვეტყვი, რომ საქართველოში ამისთვის ყველანაირი პირობებია.
- ახალბედა დედის შეგრძნება როგორია?
- არა მგონია, ასე სწრაფად შეიძლებოდეს ამ გრძნობასთან შეჩვევა, მით უმეტეს, როდესაც პირველი შვილია. არ ვიცი, შესაძლოა, მეორე ბავშვზე სხვანაირი შეგრძნება მქონდეს ან იგივე, მაგრამ ჩემთვის ეს დიდ ემოციებს უკავშირდება და რთულად აღსაწერია. სხვებისგან მუდმივად გესმის, რას ნიშნავს შვილი. ყოველდღიურად იზრდება ეს ემოციები. ბევრი რამ სხვანაირი ხდება შენს ცხოვრებაში ბავშვის გამო.
- თქვენს მეუღლეში, როცა მამის ამპლუაში დაინახეთ, რაიმე ახალი თვისება ხომ არ აღმოაჩინეთ?
- ძალიან მეხმარება. გამიგია, რომ მამებს პატარების ხელში დაკავების ეშინიათ, მაგრამ დათო ანასტასიას აღზრდაში ძალიან არის ჩართული, თუმცა ეს არ გამკვირვებია, რადგან ვიცოდი, ასეთი იქნებოდა.
- ვის ჰგავს ანასტასია?
- (იღიმის) ყველა ამბობს, რომ მამას ჰგავს. შესაძლოა, მერე შეიცვალოს, ვხუმრობ, რა თქმა უნდა. მინდა, რომ მეც დამემსგავსოს (იცინის). მინდა, დედასაც ჰგავდეს და მამასაც. ჯერ მგონი, ძალიან პატარაა და კიდევ ბევრჯერ შეიცვლება.
- თვალის ფერი ვისი აქვს?
- ჯერ ჩემი, მაგრამ ამბობენ, რომ შესაძლოა, თვალის ფერიც შეეცვალოს.
- ძიძა გყავთ?
- არა, რადგან ბუნებრივ კვებაზე მყავს და თავად ვუვლი, გადავწყვიტე, რომ ძიძა ამ ეტაპზე არ არის საჭირო. ჭამს და სძინავს, ამიტომაც ახლა არ ავიყვანე ძიძა. სამი-ოთხი თვის შემდეგ, როდესაც გაიზრდება და უფრო აქტიური გახდება, ძიძას ავიყვანთ. მერე მეც დავუბრუნდები ალბათ მუშაობას.
- დეკრეტული შვებულება როდის გეწურებათ?
- კანონით ოთხი თვეა დეკრეტი. ახლა რომ თანამდებობაზე ვიყო, აუცილებლად მივიღებდი მონაწილეობას და ჩავერთვებოდა საკითხში, რომ დეკრეტული შვებულება უფრო მეტი იყოს. მგონია, რომ დედას უფრო მეტი დრო სჭირდება პატარასთან ურთიერთობისთვის. დღესდღეობით კი ამ ოთხ თვეს დავჯერდები, შემდეგ კი ვფიქრობ დაბრუნებაზე, თუმცა არ ვიცი, სად და როგორ. მოგეხსენებათ, პრეზიდენტის მრჩეველი ვარ, დეკრეტი 1-ელ ოქტომბერს მიმთავრდება. ცოტა რთული სათქმელია, ძველ სამსახურში როგორ დავბრუნდები, რადგან იმ დროს საპრეზიდენტო არჩევნები იქნება.