პოპ-მუსიკის მეფის, მაიკლ ჯექსონის სიკვდილის მიზეზებზე აშშ-ის მედიასაშუალებები ახალ ვერსიას ავრცელებენ - მომღერალი, შესაძლოა, უძილობით გარდაცვლილიყო.
ამ ვერსიის ავტორი ძილის მედიცინის ექსპერტი, პროფესორი ჩარლზ ჩეიზლერია, რომელმას ეს დასკვნა ჯექსონის გარემოცვის წევრთა ჩვენებების საფუძველზე გამოიტანა. პროფესორი ვარაუდობს, რომ მომღერალი მეცნიერებისთვის ცნობილი ერთადერთი ადამიანია, რომელიც ორი თვის განმავლობაში სწრაფი ძილის ფაზის გარეშე ცხოვრობდა. თავად პაციენტი ამას ვერ გრძნობდა. სწრაფი ძილის ფაზა კი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
ექსპერტის თქმით, თუ ძილის ფაზების დარღვევა დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, პაციენტს დევნის მანია და შფოთვა იპყრობს, ქვეითდება ფიზიკური რეფლექსები და ძლიერდება ემოციური ფონი. ავადმყოფი წონასწორობას კარგავს. ჩეიზლერის განცხადებით, ყველა ეს სიმპტომი ძალიან გავს ქცევებს, რომლებიც სიცოცხლის ბოლო დღეებში ჯექსონს აღენიშნებოდა. რაც შეეხება პრეპარატ პროპოფოლს, რომელსაც მას პირადი ექიმი, კონრად მიურეი უნიშნავდა, ჩეიზლერის თქმით, ის ძილის ნორმალურ ციკლს არღვევს, თუმცა პაციენტს განწყობას უუმჯობესებს.
"მისი სიკვდილი გარდაუვალი იყო, 25 ივნისს რომც არ გარდაცლილიყო, ძილის დარღვევა მას რამდენიმე დღეში მაინც მოუღებდა ბოლოს", - აცხადებს ჩეიზლერი.
სწრაფი ძილის ფაზა 10-20 წუთის განმავლობაში გრძელდება და ღამის ძილის პერიოდში რამდენჯერმე მეორდება. მისი ფუნქციები ამ დრომდე სრულად არ არის გამოკვლეული.
მომზადებულია cnn.com-ის მიხედვით.