საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე ბიძინა ივანიშვილის განცხადება უმრავლესობის წარმომადგენლებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. პრემიერ-მინისტრის მიერ ესტონურ გამოცემა "Postimees"-სთვის მიცემული ინტერვიუს ამ ნაწილის შეფასებისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები ყურადღებას ივანიშვილის ძველ განცხადებებზე ამახვილებენ და აცხადებენ, რომ მას ანალოგიური პოზიცია სხვა დროსაც დაუფიქსირებია.
"ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ მას არ აქვს დიდხანს პოლიტიკაში ყოფნის სურვილი. მისი პირველივე განცხადება, რომელიც 2011 წლის ოქტომბერში გაავრცელა, ასეთ შინაარს შეიცავდა. ამიტომ რაიმე მოულოდნელი, პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებაში, პირადად ჩემთვის არაფერი ყოფილა. რეალურად რა მოხდება, როგორ მოხდება, როდის მოხდება, ამ თემაზე მარტო ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება საკმარისი არ იქნება. ასეთი ტიპის საკითხების განხილვა კოალიციურ რეჟიმში უნდა მოხდეს და ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ასე მოხდება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა.
მისივე შეფასებით, პროცესების ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში, "ქართული ოცნების" მიერ მოსახლეობისთვის წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირებების შესრულებას და დასახული გეგმის განხორციელებას "არც ერთ ვარიანტში არაფერი დაემუქრება". "ჩვენ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და არც ვაპირებთ რაიმეს სხვანაირად გაკეთებას", - დასძინა ზვიად ძიძიგურმა.
ესტონური გამოცემისთვის მიცენულ ინტერვიუს ჯერ არ გასცნობია პარლამენტის კიდევ ერთი ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე, რომლის აზრითაც, "ივანიშვილის ამ ნათქვამში ახალი არაფერია".
"ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია ამბობს, რომ პოლიტიკიდან წავა, როგორც კი ქვეყანა სწორი მიმართულებით დაიწყებს სვლას. აღნიშნულ ინტერვიუს ჯერ არ გავცნობივარ და ამიტომ რაიმე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ალბათ მოგვიანებით თავად უფრო დეტალურ განმარტებას გააკეთებს აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით", - აცხადებს აბაშიძე.
"მალე მე პოლიტიკიდან წასვლას ვაპირებ. როგორც კი სააკაშვილი წავა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, მე სულ რამდენიმე დღით დავრჩები. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, ჩვენს შორის არჩეულ იქნება ძალიან საინტერესო პრეზიდენტი, გვყავს პარლამენტის ძალიან კარგი სპიკერი და მე მაქვს მოსაზრება იმის თაობაზე, თუ ვის შეუძლია დაიკავოს ჩემი ადგილი. მე არ მსურს, რომ ფსონი მუდმივად ერთ ადამიანზე კეთდებოდეს, ვინაიდან ეს ცუდი იქნებოდა პოლიტიკისთვის საქართველოში. ზემოაღნიშნული სამი თანამდებობა ყველაზე მნიშვნელოვანია და მე მჯერა, რომ ამ თანამდებობებს სუფთა ხალხი, დემოკრატები დაიკავებენ. საჭიროა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემაც (ახლანდელი მოსამართლეები სააკაშვილის მიერ არიან დანიშნული) და ასევე თავისუფალი მასმედია. ახალი სისხლია საჭირო", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ესტონურ გამოცემა Postimees-ის რუსულენოვან ვერსიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.