ევროპის სახალხო პარტიის ზოგიერთი წევრი ძალიან მაგონებს თავის პარტნიორებს "ნაციონალური მოძრაობიდან", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ესტონურ გამოცემა Postimees-ის რუსულენოვან ვერსიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, სამართლიანობის აღდგენის პირობებში ისმის კრიტიკა ევროპიდან და აშშ-დან, რომ ვანო მერაბიშვილისა და ყოფილი მთავრობის წევრების დაკავება პოლიტკური ნიშნით ხდება, ივანიშვილმა განაცხადა - მისი მთვრობა აგრძელებს მათ დარწმუნებას და ფაქტების წარდგენას.
"ზოგიერთი ითხოვს სამართალს, ზოგიერთი კითხვას სვამს - ხომ არ არის დაკავებებში პოლიტიკური მოტივები. ჩვენ ვცდილობთ, შექმნილი ვითარება მაქსიმალურად ავხსნათ. "ევროპის სახალხო პარტიის" ნაწილმა რეალური პრობლემა შექმნა. სამწუხაროა, რომ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდ პარტიაში, რომელსაც ჩვენ დიდი პატივისცემით ვეპყრობით, არიან წევრები, რომლებიც მხოლოდ ერთ მხარეს უსმენენ. ეს უცნაურია. მათ არ სურთ, მოუსმინონ მეორე მხარესაც და გააანალიზონ ფაქტები. ჩვენ ვაგრძელებთ მათ დარწმუნებას და ფაქტების წარდგენას. რამდენიმე დღის წინ პოლიციამ გამოავლინა მორიგი ფაქტები ძალადობის, რომელიც წინა მთავრობას უკავშირდება. კრიტიკოსებს ყოველთვის ვახსენებ: გაიხსენეთ კონსტიტუცია, რა უქნა წინა მთავრობამ კონსტიტუციას. ამაში ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია. ჩვენი ნებით არ მომხდარა ის, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დიქტატორული უფლებამოსილებები გაუჩნდა. ის სრულად იგნორირებას უკეთებდა პარლამენტს. "ევროპის სახალხო პარტიის" ზოგიერთი წევრი ძალიან მაგონებს თავის პარტნიორებს "ნაციონალური მოძრაობიდან", როდესაც ცდილობენ, ქართველ ხალხს დაუმტკიცონ, რომ შავი თეთრია, ხოლო თეთრი - შავი. მსგავსი რამ მოხდა აშშ-ში, როდესაც კონგრესის ერთ-ერთმა კომისიამ ერთ ღამეში შეცვალა დამოკიდებულება და დაიწყო მტკიცება, რომ საქართველოში მიდის პოლიტიკური ნიშნით დევნა. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის კონგრესის დასკვნა. მე შევხდი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რიჩარდ ნორლანდს და დავრწმუნდი, რომ კონგრესი ასეთ შეფასებას არ გააკეთებს. ცალკეული კონგრესმენები ხელმძღვანელობენ მხოლოდ ერთი მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციით",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.