თანამედროვე ადამიანი დროის დეფიციტის გამო წიგნს ვერ კითხულობს, რაც დიდ სულიერ შიმშილს იწვევს, - ამბობს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი. ბატონი გიორგი გულღიად მოგვითხრობს შედევრებზე, რომლებიც თავის დროზე წაიკითხა და იმათზეც, რომელთა წაკითხვაც მიზეზთა გამო ვერ მოახერხა:
- სამწუხაროდ, დროის დეფიციტს მეც განვიცდი, მაგრამ შეძლებისდაგვარად მაინც ვცდილობ წავიკითხო ახალი წიგნები და მივუბრუნდე იმ ნაწარმოებებსაც, რომლებიც გამორჩეულად მიყვარს. უნდა ვაღიარო, რომ თანამედროვე ლიტერატურას ნაკლებად ვიცნობ, რადგან ჩემი სიმპათიები უფრო კლასიკური ლიტერატურისაკენ იხრება. ნაწარმოები, რომელიც ყოველთვის მიყვარდა და რომლის მიმართ ჩემი დამოკიდებულება დღემდე არ იცვლება, არის სენტ ეკზიუპერის "პატარა უფლისწული". ეს არის ქმნილება, რომელშიც ადამიანი ყოველთვის რაღაც ახალს პოულობს და ნებისმიერ ასაკში საინტერესო საკითხავია. საბედნიეროდ, მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელიც წიგნებს კომპიუტერში არ კითხულობდა. არ ვილაპარაკებ ღრმა ბავშვობაზე, როცა მეც ყველა ბავშვივით ზღაპრებს ვკითხულობდი. ჩემი ლიტერატურით გატაცება დაიწყო მარკ ტვენის "ტომ სოიერის თავგადასავლით". მერე წავიკითხე "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი" და "რობინზონ კრუზო". ძალიან მიყვარდა ჟიულ ვერნი, რომელმაც საოცრად საინტერესო გახადა ჩემი ბავშვობა.
- პროფესიით ფილოსოფოსი, თეოლოგი ხართ. როდის გადაწყვიტეთ, რომ ეს სპეციალობა აგერჩიათ?
- 12-13 წლიდან უკვე სერიოზული ლიტერატურის კითხვა დავიწყე. დიდი ინტერესით ვკითხულობდი როგორც კლასიკურ ლიტერატურას, ასევე ფილოსოფიურ ნაშრომებსაც, ცოტა მოგვიანებით კი ფილოსოფიაზე გადავერთე და ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა ავგუსტინესა და თომა აკვინელის განუმეორებელი ნააზრევი, რასაც მოჰყვა შუა საუკუნეების სქოლასტიკით გატაცება, შემდეგ უკვე კანტისა და ჰეგელის პერიოდი დადგა ჩემს ცხოვრებაში და მე უკვე აღარ მაინტერესებდა სქელტანიანი რომანები. ძალიან დიდი ადამიანური ინტერესი მაკავშირებდა სოციოლოგიურ და თეოლოგიურ ლიტერატურასთან და სწორედ ამ ინტერესმა განსაზღვრა ჩემი არჩევანიც - სკოლა დავამთავრე და უნივერსიტეტში ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ვერ ვივიწყებ პერიოდს, როცა საქართველოში ძალიან აქტუალური და პოპულარული გახდა ნაბეჭდი ლიტერატურა, რომელიც ქსეროასლებით ვრცელდებოდა. ეს იყო რუდოლფ შტაინერისა და გურჯიევის ნაწარმოებები, ლაო-ძისა თუ კონფუცის ქმნილებები. ამ ლიტერატურას ძალიან დიდ დროს ვუთმობდით არა მარტო მე, არამედ ჩემი მეგობრები - ნიკა ლალიაშვილი, ლევან ვეფხვაძე და სხვები, ყველანი ჩართული ვიყავით ამ ნაბეჭდი ლიტერატურის მოძიებაში, დაბეჭდვაში, გაცვლასა და გავრცელებაში. ამ ლიტერატურამ ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი შეასრულა.
- ქართველ მწერლებს შორის გამორჩეულად ვისი თხზულებები გიყვართ?
- უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემზე ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხიამ". ეს წიგნი მთელი 10-12 წლის განმავლობაში იყო ჩემი სამაგიდო წიგნი, რომელსაც ხშირად ვუბრუნდებოდი და ყოველი წაკითხვისას რაღაც ახალს ვიგებდი, ახალ ცხოვრებისეულ აღმოჩენას ვაკეთებდი. ეს რომანი ადამიანმა პერიოდულად მაინც უნდა წაიკითხოს და ნებისმიერ ასაკში იქ რაღაც ახალს იპოვის. "დათა თუთაშხია" არის უნიკალური ქმნილება, რომელიც დეტალურად, ზუსტად ასახავს ქართულ ცნობიერებასა და ცხოვრების წესს.
- ბატონო გიორგი, დღევანდელ ბავშვებს კომპიუტერი უფრო მოსწონთ და აინტერესებთ, ვიდრე წიგნი, რა შეიძლება ვურჩიოთ მათ?
- წიგნის კითხვა სულ სხვა მოვლენაა, ინტერნეტი კი - სულ სხვა. წიგნის გადაფურცვლაც კი განუმეორებელ განცდებს იწვევს ადამიანში, თუმცა ამ ბოლო პერიოდში ელექტრონული წიგნების კითხვა მეც დავიწყე და თქვენ წარმოიდგინეთ, უდროობის გამო აუდიო-წიგნების მოსმენაზეც გადავედი: მანქანაში ახლაც მიდევს აკა მორჩილაძის "შობის ღამის ალქაჯები" და ხშირად ვუსმენ. ეს ძალიან მოხერხებულია, რადგან შეიძლება დღეები ისე გავიდეს, რომ წიგნის გადაშლა ვერ მოვახერხო. შესაბამისად, აუდიო-წიგნები ძალიან კომფორტულია. ვფიქრობ, რომ ეს დრომ მოიტანა, ამიტომ მთავარია, გულდასმით წაიკითხო და გაიაზრო, რაც წიგნში წერია, რომ ახალმა ინფორმაციამ შენს ცნობიერებას რაღაც ახალი შემატოს. ამ თაობას მართლაც ეტყობა წიგნის დეფიციტი. ჩემი უმცროსი შვილი ჯერ მხოლოდ სამი წლისაა და ვერც მოვთხოვ წიგნების კითხვას, მაგრამ უფროსი ბიჭი უკვე 14 წლისაა, ფიზიკა-მათემატიკით არის დაინტერესებული და ამ სფეროში იმდენს კითხულობს, იმდენს შრომობს, რომ არ ვემდური. ისე კი, ამ თაობას მართლაც ურჩევნია კომპიუტერთან იჯდეს, ვიდრე წიგნი წაიკითხოს, თუმცა, მშობლებზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ, სწორი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეთ წიგნის მიმართ, აქედან იწყება წიგნის სიყვარულიც. ყოველ შეემთხვევაში, ჩემმა შვილმა ჟიულ ვერნი რომ წაიკითხა, ზუსტად ისეთი სიხარული და ემოცია მოდიოდა მისგან, როგორიც მის ასაკში მე გამოვიარე. იმედი მაქვს, დღევანდელი ბავშვებიც წაიკითხავენ ყველა იმ წიგნს, რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდა წაიკითხოს.
- თუ დაასახელებდით თხზულებას, რომელიც 21-ე საუკუნის საქართველოს გაგონებთ?
- პირველ რიგში ალბათ "ჯაყოს ხიზნები" უნდა დავასახელო, რომელიც ისევე უნიკალური ქმნილებაა, როგორიც მაგალითად "ყვარყვარე თუთაბერი" - ეს ნაწარმოებები ყველა ეპოქას შეეფერება და მათთან პარალელის გავლებაც ნებისმიერ დროშია შესაძლებელი. ეს გასაკვირი არც არის. კაცობრიობის ისტორია მეორდება, ბრუნავს და წარსულში არსებული ბევრი პრობლემა ახალი, თანამედროვე სახით წარმოჩნდება ხოლმე. ასევე განუმეორებელია დავით კლდიაშვილის კალმით დახატული მე-19 საუკუნის საქართველო, იმდროინდელი ქართველის ცნობიერება ძალიან ჰგავს დღევანდელისას და თავისუფლად შეიძლება პარალელის გავლება როგორც ხასიათით, ასევე ადამიანური ურთიერთობის ნიუანსებით. კლდიაშვილმა შეძლო ქართული ცხოვრების წესის ზუსტი და რეალისტური ასახვა. მართალია, კლდიაშვილთან მე-19 საუკუნის საქართველოა დახატული, მაგრამ ბევრი რამ აბსოლუტურად შეესაბამება 21-ე საუკუნის საქართველოს. ამ რეალობას ვერც საუკუნეები შეცვლის და ვერც დრო, იგივე შეიძლება ითქვას ნიკო ლორთქიფანიძეზე, რომლის მიერ ასახულ სინამდვილესაც ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა აქვს და ერთ ეპოქას სულაც არ შეესაბამება.
- ბატონო გიორგი, პერსონაჟებს შორის თქვენი იდეალი ვინ იყო?
- ბავშვობაში ტომ სოიერის ნაცვლად წარმოვიდგენდი ხოლმე ჩემს თავს, ასევე ძალიან მომწონდა ჟიულ ვერნის კაპიტანი ნემო, თუმცა, როგორც გითხარით, 15-16 წლიდან ფილოსოფიურ და თეოლოგიურ ლიტერატურას მივეძალე და იდეალებისთვის დრო უკვე აღარც მრჩებოდა. ერთი უცნაური რამ უნდა გითხრათ: თავის დროზე ვერაფრით ვერ წავიკითხე "დონ კიხოტი" - 50-ე გვერდს ვერ გავცდი და მივხვდი, რომ საგმირო რომანები ჩემი საქმე არ იყო, რადგან მათ მიმართ ინტერესი არ მქონდა.
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)