"როდესაც ქართული შეიარაღებული ძალები ყალიბდებოდა, გადავწყვიტე, ერთ-ერთი ის ადამიანი ვყოფილიყავი, ვინც ქართული არმიისთვის საფუძვლის ჩაყრასა და მშენებლობაში მიიღებდა მონაწილეობას..."
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მისი დაარსების დროიდან მსახურობდა, თუმცა შემდეგ, როგორც ქვეყანაში, ისე მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა... ზვიად ჩადუნელმა საქართველო ვიცე-პოლკოვნიკის წოდებით დატოვა, მაგრამ სამხედრო განათლების მიღება არც მას შემდეგ შეუწყვეტია. სამხედრო სასწავლებელში, რომელიც მან დაამთავრა, სასწავლო კურსი 10-მდე ქართველს აქვს გავლილი. თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი საიმისოდ, რომ "ჩადი", როგორც მას უცხოელი მეგობრები ეძახიან, საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის მისაღები კადრი ყოფილიყო: წინა ხელმძღვანელობისთვის დამახასიათებელ არცთუ უჩვეულო გადაწყვეტილებებს ვერც ზვიად ჩადუნელის მაღალკვალიფიციური პროფესიონალიზმი გადაურჩა...
ამჟამად, ქართველი "მამლუქი" მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, ავღანეთში მსახურობს; ამერიკის თავდაცვის სამინისტროს პენტაგონის უდიდესი ლოჯისტიკური კონტრაქტორია: კომპანია DYNCORP-INTERNATIONAL საერთაშორისო კოალიციას ლოჯისტიკურ დახმარებას უწევს...
დაძაბული დღის შემდეგ, არცთუ მშვიდობიან ღამეს (რადგან იქ სტაბილური მშვიდობა არ არსებობს) ჩვენი საუბარი "სკაიპით" შედგა.
- ბედნიერი არ ვარ, მაგრამ არც უბედური ვარ, რადგან საყვარელ საქმეს ვაკეთებ... ბედნიერი ვიქნებოდი, ამ საქმეს ჩემს ქვეყანაში ვაკეთებდე. აქ, უცხო მიწაზე, სამშობლოში მიღებულ სამხედრო გამოცდილებას ვიყენებ და ახალს ვაგროვებ იმ იმედით, რომ ოდესმე, როდესაც ჩემს ქვეყანაში დავბრუნდები, აქ დაგროვებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარების საშუალება მომეცემა...
- როგორ დაიწყო თქვენი სამხედრო კარიერა?
- 90-იან წლებში, როდესაც ქართული შეიარაღებული ძალები ყალიბდებოდა, გადავწყვიტე, ერთ-ერთი ის ადამიანი ვყოფილიყავი, ვინც ქართული არმიისთვის საფუძვლის ჩაყრასა და მშენებლობაში მიიღებდა მონაწილეობას... მახსოვს, როგორ აკოწიწებდნენ სამხედრო ფორმებს. ყაზარმებიც არ გვქონდა. დაახლოებით ასამდე მსურველი შევგროვდით და გლდანის პოლიციის აკადემიაში მოგვათავსეს... სამწყობრო მომზადებას, იარაღის ხელში დაჭერასა და ელემენტარულ სამხედრო მოქმედებებს გვასწავლიდნენ. ასე თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ იქმნებოდა ქართული არმია... ჯერ სამაჩაბლოს, მერე კი აფხაზეთის ომი დაიწყო. თითქმის გამოუცდელი ჯარისკაცები და ოფიცრები დიდი განსაცდელის წინაშე პირისპირ აღმოვჩნდით. ახლაც კი, როდესაც მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში ვიმყოფები, აფხაზეთში გატარებული დღეები მძიმედ მახსენდება... პირველი "საბრძოლო ნათლობა" იქ მივიღე: დავიჭერი, ოღონდ მსუბუქად. ორი ჭრილობა მქონდა, ორივე - ბარძაყის არეში, ოპერაცია დამჭირდა და ვინაიდან იქ ამის საშუალება არ იყო, კონფლიქტის ზონის დატოვებამ მომიწია. კარგა ხანს საბრძოლო მოქმედებებისთვის გამოუსადეგარი ვიყავი, მაგრამ გამოშუშების შემდეგ ისევ დავბრუნდი...
- აფხაზეთის ომის შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი სამხედრო საქმიანობა?
- აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, შავნაბადის ბატალიონში დავბრუნდი. შეიარაღებული ძალების მშენებლობა გრძელდებოდა. 1994 წელს რამდენიმე ოფიცერი პეტერბურგის უმაღლეს საერთო საჯარისო სამეთაურო სასწავლებელში გაგვგზავნეს, სადაც 4 წელი ვისწავლე. იქიდან დაბრუნების შემდეგ, შავნაბადის ბატალიონის მეთაურად დავინიშნე... მოგვიანებით, თურქეთში სტრატეგიული დაგეგმარების კურსები გავიარე, შემდეგ შვეიცარიაში სამთო მომზადების კურსებზე წავედი... იქიდან დაბრუნების შემდეგ, ამერიკაში, ტეხასის შტატში წავედი სასწავლებლად, სადაც ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლება გავიარეთ. ეს სასწავლებელი ლეკლენდის საჰაერო ბაზაზეა და ყველა ოფიცერი, რომელსაც კვალიფიკაციის ამაღლება უნდა იქ გადის მომზადებას. მისი დასრულების შემდეგ, კანზასის შტატში არსებულ ამერიკის არმიის საკომანდო და გენერალური შტაბის კოლეჯში ჩავაბარე.
- ეს სასწავლებელი მგონი, არც ისე ბევრ ქართველს აქვს დამთავრებული, არა?
- დიახ, იქ სწავლება საქართველოდან წასულმა ათამდე სამხედრომ გაიარა და მათგან უმეტესობა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურშია. ის, რომ ამ სასწავლებლის კურსი ბევრ ადამიანს არ ჰქონდა გავლილი იმითაც იყო განპირობებული, რომ საქართველოს ყოველწლიურად მხოლოდ ერთი ოფიცრის გაგზავნის საშუალება ჰქონდა. ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა - ინგლისური ენის ცოდნა იყო, შემდეგ კი, რა თქმა უნდა - ფიზიკური და ფსიქოლოგიური ნორმატივების ჩაბარება... მაშინ საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან მასობრივი გათავისუფლება ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული. იქიდან დაბრუნების შემდეგ თელავის ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურად დამნიშნეს. მხოლოდ რამდენიმე თვე ვიმუშავე, შემდეგ თავდაცვის მინისტრად ირაკლი ოქრუაშვილი დაინიშნა. მისი "ღვაწლი" კი ქართულ ჯარში ყველასთვის ცნობილია. 2005 წელს ჯერ დამაქვეითეს, შემდეგ კი საერთოდ გამათავისუფლეს.
- გათავისუფლების მიზეზი რა იყო?
- პირდაპირ მითხრეს, ირაკლი ოქრუაშვილს არც ამერიკული განათლება აინტერესებს და არც რუსული, თქვენ ჩვენთვის მისაღები კადრი არ ხართო... იქ შეწყდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩემი სამსახური და ამერიკაში გავემგზავრე. პირველად იქაურ რეზერვში ვცადე ჩარიცხვა, გამოცდები და ნორმატივებიც ჩავაბარე. პარალელურად, პირადი მონაცემები ერთ-ერთ საკონტრაქტო კომპანიაშიც გავგზავნე, საიდანაც მიწვევა მომივიდა. ჯერ ერაყში ვიყავი სამოქალაქო კონტრაქტორად... სხვათა შორის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ერაყში გახლდით და იმავე ბაზაზე ვიდექი, სადაც ქართული კონტინგენტი იყო. როდესაც ქართველი ბიჭები გაიწვიეს, ოფიცრებს ვუთხარი, იქნებ მეც ვჭირდები ჩემს ქვეყანას და წამოვალ-მეთქი. მზად ვიყავი, ამერიკულ მხარესთან კონტრაქტი გამეწყვიტა, მაგრამ პასუხი არავისგან მიმიღია...
- რატომ?
- არ ვიცი... მერე უკვე ავღანეთში წამოვედი და ორი წელია, აქ ვარ. ეს არის თავდაცვის სამინისტროს პენტაგონის უდიდესი ლოჯისტიკური კონტრაქტორი DYNCORP-INTERNATIONAL, რომელიც ლოჯისტიკურ დახმარებას უწევს საერთაშორისო კოალიციის ჯარებს, მათ შორის, იმ ქართველ სამხედროებსაც, ვინც სამშვიდობო მისიას ლეზერნიკის ბაზაზე გადის.
- ზვიად, ერაყი ალბათ ავღანეთისგან განსხვავდება... რისკებს ვგულისხმობ...
- იმ პერიოდში ერაყში ყოფნა უფრო სახიფათო იყო. მაშინ კოალიციისა და ამერიკის ჯარებზე მეტი თავდასხმაც ხორციელდებოდა. აქ, ავღანეთში თალიბანს ისეთი სამხედრო შეიარაღება არა აქვს, როგორიც მაშინ ერაყელებს ჰქონდათ. სადამ ჰუსეინს ძალიან დიდი და კარგად შეიარაღებული ჯარი ჰყავდა და სამხედრო ტექნიკაც ჰქონდა... ერაყი და ავღანეთის რამდენიმე პროვინცია კლიმატით ჰგავს ერთმანეთს. მაგალითად, ყანდაარი ჰგავს ერაყს, უდაბნოც აქვეა და ქვიშის შტორმებიც იცის. ჰელმანდის პროვინცია, სადაც ქართველი ბიჭები არიან დაბანაკებული, უფრო გაშლილი ადგილია და რელიეფურად ერაყისგან განსხვავებულია... რაც შეეხება რისკებს: კოალიციის ჯარების მისიამ თავისი გაიტანა და ავღანეთში არსებული საშიშროებაც, ბოლოდროინდელ გააქტიურებას თუ არ ჩავთვლით, ცოტათი შესუსტდა. მეამბოხე თალიბები, თავგანწირვის მიუხედავად, კარგი შეიარაღებით არასდროს გამოირჩეოდნენ. წინა წლებთან და ერაყთან შედარებით, აქ შედარებით სიმშვიდეა. ახლა ყველგან ბუნკერებია და დაბომბვის დროს თუ თავს შეაფარებ, მეტ-ნაკლებად დაცული იქნები. თუმცა ძალიან საშიშია, თუ მოწინააღმდეგე დაცვის პერიმეტრს გაარღვევს და ბაზაზე შემოვა.
- ასეთი შემთხვევა ხშირად ხდება?
- საბედნიეროდ, არა... ამას ჩვენ "სექიურიტი ბრიჩს" ვეძახით. ამ დროს მოწინააღმდეგე ბაზაზეა გაფანტული. ყოველი ნაბიჯი, რომელსაც შინგით თუ გარეთ მყოფი სამხედრო დგამს, ძალიან საშიშია. წარმოიდგინეთ, როგორი თავგანწირულები არიან, რომ ბაზაზე შემოსვლის არ ეშინიათ. არადა, იქ უძლიერესი, შეიძლება ითქვას, სრულყოფილი კონტროლია, მაგრამ მაინც როგორღაც არღვევენ უსაფრთხოების კონტროლს და შემოდიან. წლებია, აქ ვარ და მაინც ვერ აგიხსნით, ამას როგორ აღწევენ. ეს იგივეა, ლომს ხახაში ჩაუვარდე, მაგრამ საქმე ის არის, რომ ასეთი შემოტევები ბაზაზე მყოფთათვისაც ძალიან საშიშია. ამ დროს ისინი ბაზაზე იფანტებიან და იქ მყოფებმა არ იციან, სად, რა ადგილას შეაფარეს თავი, საიდან გამოვარდებიან და რას მოიმოქმედებენ. მათთვის სიცოცხლეს ხომ ჩალის ფასი აქვს?.. ნებისმიერ დროს შეიძლება ჰიჯაბ-ნიქაბიანი (ჰიჯაბი - თავზე შემოსახვევი, ნიქაბი - სახეზე ასაკრავი ბადე) თალიბი ცხვირწინ აგეტუზოს ან კარზე მოგიკაკუნოს ჩადრიანმა თალიბმა. მათ საბრძოლო წვრთნა არ აქვთ, პროფესიონალი ჯარისკაცები არ არიან, მხოლოდ ელემენტარულ საბრძოლო მომზადებას გადიან, ისე, როგორც შაჰიდი თვითმკვლელები და ამიტომაც არიან უფრო საშიშები, ვიდრე ჩვეულებრივი, გაწვრთნილი მეომრები...
- მეამბოხეები პერიოდულად გიტევენ თუ ბრძოლისთვის მუდმივად მზად არიან?
- ძნელია მათი პროგნოზირება. ვერავინ განსაზღვრავს, რა დროს გააქტიურდებიან. ზოგჯერ უცნაურად ჩუმად არიან, მაშინაც კი, როდესაც "მოსავალს" იღებენ. მათი მოსავალი კი იცით, რაც არის... ზოგჯერ კი, პირიქით, მაშინ აქტიურობენ და განსაკუთრებით აგრესიული არიან. მათ არ აშინებთ და არც აფერხებთ 60 გრადუსზე მაღალი სიცხე, არც ქვიშის შტორმი, არც ზამთრის დაუნდობელი სიცივე. თავგანწირვისთვის მუდმივად მზად არიან...
- როგორია ბაზა, სადაც ახლა მსახურობთ?
- დახურული ქალაქივით არის. მის ტერიტორიაზე განლაგებულია რამდენიმე რესტორანი, პიცერია, კინოთეატრი, სადაც უფრო მეტად, ისტორიული და სამხედრო ფილმები გადის. აქვეა სპორტული დარბაზებიც...
- უცხო ქვეყნის წარმომადგენლები, თქვენ გარდა, კიდევ არიან?
- კი, თითქმის მთელი მსოფლიოდან არიან. ჩვენს დეპარტამენტში 40 თანამშრომელია. მათ შორის არიან ინდოეთიდან და კენიიდან ჩამოსულები, ასევე, პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.
- ერთადერთი ქართველი ხართ?
- არა. ვიცი, რომ ერთი ქალბატონიც არის. ის სამზარეულოში მუშაობს, მაგრამ არ ვიცი, კონკრეტულად რომელ ბაზაზეა. სულ ვცდილობ, ვიპოვო, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოვახერხე. აქ ბევრი ბაზაა და მის მოძებნას დრო სჭირდება...
- თქვენი სამსახურის სპეციფიკაზე, სიძნელეებზე რა შეგიძლიათ გვიამბოთ?
- ადვილი ნამდვილად არ არის. ლოჯისტიკა და მომარაგება ანუ საქმე, რომელსაც ვემსახურები, პირდაპირ გეტყვით, რომ თალიბებისთვის "ტკბილი ლუკმაა", ამიტომაც რისკიც ძალიან დიდია. ალბათ გინახავთ კადრები, როგორ იწვის სავსე ცისტერნები და სხვადასხვა ნედლეულით დატვირთული მანქანები. მათი განადგურება თალიბების ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ სამხედრო მასალამ და საერთოდ, ნებისმიერმა სიახლემ ავღანეთში ვერ ჩააღწიოს. ისინი ყველანაირ სიახლეს ებრძვიან, რა სახითაც უნდა იყოს წარმოდგენილი. მათ მიწაზე ცივილიზაციის შემოსვლას საკუთარი სიცოცხლის ფასად ებრძვიან... აქ მეომარს ასაკი არა აქვს - ბავშვსაც კი იარაღი უჭირავს, რაც განსაკუთრებით მძიმე სანახავია. თაობები ისე გაიზარდნენ, ომის გარდა არაფერი უნახავთ. ამიტომ ავტომატით ან თვითნაკეთი ბომბებით შეიარაღებული 10 წლის ბიჭის დანახვა არავის უკვირს. არც შაჰიდისქამრიანი მოზარდებით შეიძლება ვინმეს გაოცება. მიაჩნიათ, რომ ამით ყველაზე დიდ რამეს სჩადიან, რაც შეიძლება, სამშობლოს გაუკეთონ. აქ მწარედ ხუმრობენ, - ეს არის ქვეყანა, რომელიც ღმერთმა დიდი ხანია დაივიწყაო...
- ამ ყველაფრის ასატანად, ფიზიკურთან ერთად, საფუძვლიანი ფსიქოლოგიური მომზადებაც არის საჭირო, არა?
- დიახ. მაგრამ როდესაც ხელმძღვანელობა ხედავს, რომ შენს საქმეს ღირსეულად აკეთებ, შრომა არ გეკარგება, რაც დიდ სტიმულს გაძლევს. ისინი მუდმივად ცდილობენ, წაგახალისონ... სწორად აღნიშნეთ, ყველაზე რთულია ფსიქოლოგიური ბარიერი, რადგან აქ ხანგრძლივი, სტაბილური მშვიდობა არ არსებობს და თუ მოცემულ მომენტში სიმშვიდეა, ეს არ ნიშნავს, რომ მეორე წამს ვითარება რადიკალურად არ შეიცვლება. ბევრი ვერ უძლებს.
ლალი პაპასკირი
(გამოდის ხუთშაბათობით)