ქართულ-რუსულ-აფხაზურ თუ ოსურ ურთიერთობებზე საუბარი ყოველთვის აქტუალურია და თითქმის ყველა პოლიტიკური მოვლენა საბოლოოდ, ამ პრობლემას უკავშირდება. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, აფხაზეთის მიწა-წყალზე კვლავ ფეხის დადგმის იმედი არაერთ ქართველს ჩაესახა, თუმცა ფაქტია, გაუცხოებულ ადამიანებთან ურთიერთობის აღდგენა ძალზე რთულია. მიუხედავად ამისა, ჩვენი მხრიდან ცდა არ დაგვიკლია. რამდენად ეფექტიანი იქნება ჩვენი მცდელობა, ეს მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს მოქმედებაზე, რომელსაც ცოტა ხანში ახალი ხელმძღვანელი ეყოლება.
თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატთა შერჩევა მიმდინარეობს და გენერალი გიორგი შერვაშიძე სწორედ ერთ-ერთი მათგანია. ამჯერად, მის ხედვას გაგაცნობთ, "გზის" მომდევნო ნომრებში კი სხვა კანდიდატებსაც წარმოგიდგენთ.
ბუნებრივია, საუბარი ავღანეთში მომხდარი ტრაგედიით დავიწყეთ.
გიორგი შერვაშიძე:
- პირველ რიგში, მინდა, მწუხარება გამოვთქვა ავღანეთში დაღუპული ბიჭების გამო, ქვეყნისა და მათი ოჯახებისთვის ეს დიდი ტრაგედიაა. მე, როგორც ადამიანს, რომელიც 30 წელი სამხედრო სფეროში ვსაქმიანობდი, არაერთ ჯარისკაცთან მქონია შეხება და ეს ამბავი ძალიან განვიცადე. იმედი მაქვს, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევები აღარ დაგვატყდება თავს, სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და ნაკლები მსხვერპლი გვექნება. ვფიქრობ, რადგან დავიწყეთ და გავბედეთ ამ ოპერაციაში მონაწილეობა, საქმე ბოლომდეც უნდა მივიყვანოთ. გეგმა ისეა გაწერილი, რომ კონტინგენტის გამოყვანას ნელ-ნელა დავიწყებთ. უკეთესი იქნება, საბრძოლო მომზადება დავხვეწოთ, სწავლება გავაძლიეროთ და შევეცადოთ, მსგავსი ფაქტები თავიდან ავიცილოთ.
- აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატთა შერჩევის პროცესზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?
- წესითა და კანონით, კანდიდატს უმაღლესი საბჭო ირჩევს, მერე პრეზიდენტს წარუდგენს და თუ პასუხი დადებითია, საბჭო ამტკიცებს, თუ - არა, სხვა კანდიდატურას განიხილავს. არ ვიცი, უმაღლესი საბჭო რას გადაწყვეტს. კონკრეტული ვადები დადგენილი არ არის, მაგრამ სასურველია, თავმჯდომარე დროულად დაინიშნოს, რადგან უწყებას მუშაობაში ხელი ეშლება. პირადად მე, თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატად "ქართული ოცნების" აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან ურთიერთობის საკოორდინაციო საბჭოს საინიციატივო ჯგუფმა დამასახელა. კანდიდატებს შორის არიან: ვახტანგ ყოლბაია, რომელიც დღეს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია, დალი ლახორავა და დავით ფაცაცია. გარკვეული პროცედურები უკვე გავიარეთ.
- ცვლილებები აფხაზეთის უმაღლეს საბჭოშიც ხომ არ იგეგმება?
- საბჭოს სახეცვლილება ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას. 20 წლის წინ სოხუმში დეპუტატები რომ აირჩიეს, მას შემდეგ ძირითადი ბირთვი აღარ შეცვლილა. 8-9 წლის წინ, გარკვეული რეორგანიზაცია მოხდა და თანამშრომელთა რაოდენობაც შემცირდა.
- პერსპექტიულად გესახებათ თუ არა აფხაზებთან ურთიერთობის აღდგენა-დარეგულირების საკითხი?
- ყველაფერი ღვთის ხელშია, მაგრამ ჩვენც უნდა ვიმოქმედოთ. მეათე წელი დაიწყო, რაც აფხაზებთან დიალოგი არ გვქონია და ამის გარეშე ფონს როგორ გავალთ?! ცალკეულ, კერძო შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, გლობალურად მათთან საუბარი არ შემდგარა. იმდენად მივივიწყეთ ერთმანეთი, რომ ყველაფერი თავიდანაა დასაწყები, ჩვენ მიმართ გაუცხოებულები არიან... ერთ-ერთმა ევროპულმა სტრუქტურამ ქართველი ერი იმ ხალხთა სიაში შეიყვანა, რომელთაც გადაშენება უწერია და წარმოიდგინეთ, ამ მხრივ აფხაზები რა რთულ მდგომარეობაში არიან!.. დამოუკიდებლობა კარგია, მაგრამ გააჩნია, რის ფასად. აფხაზეთი აფხაზების გარეშე დარჩება და ეს პროცესი, გარდაუვალი ხდება. ქართველებთან ურთიერთობითა და თანაცხოვრებით კი აფხაზი ეთნოსის გადარჩენის შესაძლებლობა გაცილებით დიდია. ყველამ იცის, რომ მე აფხაზი ვარ, ეს არასდროს დამიმალავს. მინდა, შესაძლებლობა მომეცეს, რომ აფხაზი ერის გადარჩენაში, სხვებთან ერთად, წვლილი მეც შევიტანო. აფხაზებთან დიალოგი და ურთიერთთანამშრომლობა უნდა დაიწყოს. ხომ ვთვლით, რომ ეს ჩვენი მიწა-წყალია და ის ხალხი ჩვენია, ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველა სამინისტრომ აფხაზეთის ტერიტორიაზე თავისი საქმე უნდა გააკეთოს, აფხაზურ უწყებებთან კოორდინირებულად.
- აფხაზებთან თუ გაქვთ კონტაქტი? როგორია მათი განწყობილება? როგორც ცნობილია, შერიგების სურვილი არ აქვთ.
- სამწუხაროდ, ძალიან არასწორი გზით წავიყვანეთ ჩვენი ე.წ. პოლიტიკა. ამან კი იქამდე მიგვიყვანა, რომ აფხაზი ახალგაზრდობა მტრად მიგვიჩნევს. აფხაზები დღეს რუსეთს თავიანთ დამცველად აღიქვამენ. ასეა თუ ისე, მათთან ომი გვქონდა, სისხლი დაიღვარა და დღეს რუსები მათ უსაფრთხოებას იცავენ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ფონზე, ძალიან ძნელია იმას მიაღწიო, რომ ერთ მშვენიერ დღეს აფხაზმა თქვას, - ჩვენ ძმები ვართ და რაც იყო, დავივიწყოთო. აქამდე რამენაირად უნდა მივიდეთ, ეს გაუცხოება უნდა აღმოვფხვრათ. თუმცა, ვინც კი იქიდან თბილისში ჩამოდიოდა, თავიდან ყველას დისკომფორტი და შიში ჰქონდა, რომ ჩვენ რაიმეს დავუშავებდით, მაგრამ მერე ხვდებოდნენ, რომ აქ არავინ ემტერება, ქართველები მათ კარგად ეპყრობიან. ადრე აფხაზეთში რამდენჯერმე მომიწია ჩასვლამ; მიზანი - დიალოგის დაწყება იყო. 2008 წლამდე ამაში ვერავინ ავიყოლიე.
- აფხაზეთში ვის ხვდებოდით?
- იქ ხელისუფლების წარმომადგენლებს შევხვდი, დე ფაქტო პრეზიდენტს. ასევე - მეგობრებსა და ნათესავებს. მათთან ჩავიყვანე, მაგალითად, გერმანელი ცნობილი იურისტი, გერმანელი ბიზნესმენი, ესტონელი ელჩი. ხელისუფლების წარმომადგენლები ძირითადად, უკმაყოფილონი იყვნენ იმით, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის, ფაქტობრივად, არანაირი დიალოგი არ მიმდინარეობდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არასდროს გადაუდგამს ნაბიჯი მათთან შესარიგებლად. ბოლოს რომ ჩავედი, 2008 წლის მაისში, რაღაც ღონისძიებებიც დავგეგმეთ და ივნისში, აფხაზეთიდან რამდენიმეკაციანი ჯგუფის ჩამოსვლიდან 4 დღეში თბილისში ფიზიკურად გამისწორდნენ. აღსანიშნავია, რომ ანგარიშსწორებაში ძალოვანი სტრუქტურების სპეცდანიშნულების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
- კერძოდ, ვისზეა საუბარი?
- ერთი რამ ვიცი: როცა ჩემზე თავდასხმა იგეგმებოდა, ერთ-ერთ მაღალი თანამდებობის პირს, რომელიც ახლა დაჭერილია, ასეთი ფრაზა უთქვამს: ჩემი ნება რომ იყოს, გია შერვაშიძეს ჩემი ხელით მოვკლავდიო. გაგიმხელთ - ეს პირი ბაჩო ახალაია იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემთვის ჭკუის სწავლება მისი ზემდგომის, ვანო მერაბიშვილის ნება იყო. მაშინ მართლაც გადავრჩი. ჩემზე თავდასხმა ივნისში მოხდა, აგვისტოში კი ომიც დაიწყო და ყველანაირი გეგმა ჩაიშალა.
- რა ღონისძიებების ჩატარებას აპირებდით?
- სხვადასხვანაირის. 2002 წელს გარდაიცვალა ჩემი ახლობელი, ცნობილი ჰერალდიკოსი - ლეონიდე შერვაშიძე, რომელიც თბილისში ცხოვრობდა და მისი სურვილისამებრ, სოხუმის მიწაზე გადავასვენეთ. სხვათა შორის, აფხაზებმა დიდი პატივით მიიღეს და სოხუმის პანთეონში დაკრძალეს. ბატონმა ლეომ ბევრი ნამუშევარი დატოვა და 2007-2008 წლებში წმინდა სამების ტაძრის დარბაზში, მის მიერ შექმნილ, თავადაზნაურთა (მათ შორის, აფხაზ თავადაზნაურთა) საგვარეულო გერბების გამოფენა მოვაწყვეთ. კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით, ამ გამოფენის გატანა აფხაზეთშიც გვინდოდა. ასევე, უნდა ჩაგვეტარებინა სხვადასხვა სახის ღონისძიებები ქართულ-აფხაზური დელეგაციების გაცვლით. სავაჭრო ურთიერთობების აღდგენასა და განვითარებაზეც იყო საუბარი, გერმანელი ბიზნესმენის სტუმრობისას კი - სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზეც. დიალოგი დავიწყოთ და მერე ყველაფერი გამოჩნდებაო, - გვითხრეს. დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე 65 ათასამდე ქართველი ცხოვრობს. მათი და აფხაზების დამეგობრებას ხელი უნდა შევუწყოთ.
- კონკრეტულად, რა ნაბიჯს გადადგამდით პირველ ეტაპზე?
- 2004-დან 2008 წლამდე ვცდილობდი, როგორმე ჩიხიდან გამომეყვანა ჩვენი ურთიერთობები. ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე, ამის გაკეთება შეუძლებელი იყო; სახალხო დიპლომატია ვერ განვითარდებოდა. 2008 წლის ომის შემდგომ, 2012 წლის ბოლომდე, პრაქტიკული ნაბიჯები არ გადამიდგამს. დღეს, როცა სიტუაცია შეიცვალა, მიმაჩნია, რომ აფხაზებთან დიალოგი უნდა განახლდეს და მათთან ურთიერთობა ნულიდან უნდა დავიწყოთ. თუ გავითვალისწინებთ იქაურ სიტუაციას და მათ მდგომარეობას, ვფიქრობ, ეს შესაძლებელია.
- როგორ უნდა გვქონდეს იმედი, რომ აფხაზები რუსეთის ნების წინააღმდეგ წავლენ და შეგვირიგდებიან?
- აუცილებელია, ამ პროცესებში ევროპული ქვეყნები ჩავრთოთ. 2005 წლის გაეროს დადგენილებაში პირდაპირ წერია, რომ გერმანიის ხელისუფლებას დავალებული აქვს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მოწესრიგებაში. გარდა ამისა, უნდა შევეცადოთ, აფხაზების უსაფრთხოების გარანტად არა მარტო რუსეთი, არამედ ევროპის სხვა წამყვანი ქვეყნები წარმოვაჩინოთ, თუ შესაძლებელია - ამერიკის შეერთებული შტატებიც. ეს საკმაოდ გააიოლებს სახალხო დიპლომატიის წარმართვას და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში სასიკეთო გარდატეხას გამოიწვევს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ეკლესიის, კერძოდ - უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უდიდესი წვლილი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში. თუ დღეს კიდევ არსებობს აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობის აღდგენის პატარა შანსიც კი, ეს უპირველეს ყოვლისა, დედაეკლესიისა და ჩვენი სულიერი მამის - მისი უწმინდესობის, ილია მეორის პირადი დამსახურებაა. მინდა იცოდეთ, რა ბედნიერები იყვნენ ჩვენთან სტუმრად მყოფი აფხაზი მეომრები მის უწმინდესობასთან შეხვედრისას; როგორი მოწიწებითა და სიყვარულით მიმართავდნენ მას და სასიამოვნოდ გაოცებულები იყვნენ დიდი მეუფის გულწრფელი, თბილი საუბრით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის ძმობისა და სიყვარულის ძაფი ჯერჯერობით არ გაწყვეტილა.
თამთა დადეშელი
(გამოდის ხუთშაბათობით)