კომპანია Eurocopter-ის მიერ შექმნილმა ექსპერიმენტულმა შვეულმფრენმა X3 სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა. წელს 7 ივნისს, მორიგი საცდელი ფრენისას შვეულმფრენმა 472 კმ/სთ განავითარა. ამით ფრანგებმა სამი წლის წინ ამერიკელების მიერ მიღწეული მაჩვენებელი - 463 კმ/სთ გააუმჯობესეს.
ექსპერიმენტულ ფრანგულ შეულმფრენს X3 ერთი მზიდი და მცირე ზომის ფრთებზე განლაგებული ორი დამხმარე ხრახნი აქვს. მაღალი სიჩქარის განვითარებას ხელს სწორედ ეს უკანასკნელნი უწყობენ. ერთადერთ ეგზემპლარში დამზადებულ X3-ს ფრანგები ახალი საავიაციო ტექნოლოგიების დასახვეწად და შვეულმფრენების ცალკეული სისტემების გასაუმჯობესებლად იყენებენ. მიღებული შედეგების გამოყენება როგორც უკვე არსებული, ასევე ამჟამად პროექტირებადი ახალი შვეულმფრენების გაუმჯობესებისთვის იგეგმება.
2010 წელს განხორციელებული პირველი გაფრენის შემდეგ, X3-მა საერთო ჯამში 140 საათზე მეტი იფრინა. ერთწლიანი შესვენების შემდეგ, რომლის დროსაც სპეციალისტებმა საფრენი აპარატის სისტემები დახვეწეს, საგამოცდო პროგრამა განახლდა. წარმატების შემთხვევაში, X3-ის პროგრამა საფუძვლად ახალი ჩქაროსნული შვეულმფრენის პროექტს დაედება.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ dailytechinfo.org-ის მიხედვით.